გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ (BRK.A) (BRK.B) სილამაზის პროდუქტების კომპანიის — Ulta Beauty (ULTA), ასევე ავიაკოსმოსური და ელექტრონიკის მწარმოებელი ფირმის — Heico Corp.-ის (HEI) აქციები შეიძინა.
კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილმა დოკუმენტაციამ ისიც დაადასტურა, რომ Berkshire-მა შეამცირა თავისი წილი Apple-ში. უორენ ბაფეტის კომპანიამ მეორე კვარტალში ტექნოლოგიური გიგანტის დაახლოებით 390 მილიონი აქცია გაყიდა. მიუხედავად ამისა, Apple-ის აქციები მაინც Berkshire-ის პორტფელის დაახლოებით მესამედს შეადგენს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ SEC-ში წარდგენილი დოკუმენტები მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა საინვესტიციო პორტფელი გასული კვარტლის ბოლოს. მასში მოცემული არ არის ტრანზაქციები, რომლებიც ივნისის შემდეგ განხორციელდა, ამიტომ ამ დოკუმენტში არ ჩანს ინფორმაცია Berkshire-ის მიერ Bank of America-ს (BAC) აქციების გაყიდვის შესახებ. გარდა ამისა, ის არ გვაწვდის დეტალებს პოზიციების დახურვიდან მიღებული მოგების ან ზარალის შესახებ.
ახალი და დახურული პოზიციები
Berkshire Hathaway-მ Ulta Beauty-ის დაახლოებით 690,000 აქცია შეიძინა. 30 ივნისის მდგომარეობით ამ ტრანზაქციის ღირებულება დაახლოებით $266 მილიონს შეადგენს. ამასთან, ბაფეტმა Heico Corp.-ის დაახლოებით მილიონი აქციაც იყიდა.
SEC-ში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მეორე კვარტალში უორენ ბაფეტმა Paramount Global-ის (PARA) წილი სრულად გაყიდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან Berkshire-ის მაისში გამართულ აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე განაცხადა და წილის დიდი ნაწილი პირველ კვარტალშივე გაყიდა.
კომპანიამ ასევე მთელი თავისი წილი გაყიდა ტექნოლოგიურ ფირმა Snowflake-ში (SNOW). პირველი კვარტლის ბოლოს, Berkshire ამ კომპანიის 6.1 მილიონ აქციას ფლობდა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $989 მილიონს შეადგენდა.
გაზრდილი და შემცირებული პოზიციები
მეორე კვარტლის ბოლოს, Berkshire-მა თითქმის გაანახევრა თავისი წილი Apple-ში — 400,000 აქციამდე, რომლის ღირებულებაც, კომპანიის მეორე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით $84.2 მილიარდს შეადგენს. პირველ მეოთხედში ბაფეტმა თავისი წილი ტექნოლოგიურ კომპანიაში 13%-ით შეამცირა.
ამასთან, Berkshire-მა გაყიდა Chevron Corp.-ის (CVX) თითქმის 4.3 მილიონი აქცია. მიუხედავად ამისა, ნავთობკომპანიის წონა Berkshire-ის პორტფელში 30 ივნისის მდგომარეობით 6.6%-მდე გაიზარდა, პირველი კვარტლის ბოლოს დაფიქსირებულ 5.8%-თან შედარებით.
გარდა ამისა, უორენ ბაფეტის კომპანიამ Capital One-ის (COF) 2.6 მილიონი, Floor & Decor-ის (FND) — 800,000-ზე მეტი და T-Mobile-ის (TMUS) დაახლოებით 570,000 აქცია გაყიდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მეორე კვარტალში ბაფეტმა არსებული პოზიციებიც გაზარდა. მან Occidental Petroleum-ის (OXY) 7.2 მილიონი აქცია იყიდა, რითაც მისი წილი ნავთობკომპანიაში დაახლოებით 255 მილიონ აქციამდე გაიზარდა. ეს პოზიცია Berkshire-ის პორტფელის 5.7%-ს შეადგენს.
ამასთან, მეორე კვარტალში Berkshire-მა შეიძინა Chubb Limited-ის (CB) 1.1 მილიონზე მეტი აქცია. ამ ტრანზაქციის შედეგად უორენ ბაფეტის ჰოლდინგი კომპანიაში 27 მილიონ აქციამდე გაიზარდა.
Berkshire Hathaway-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.