უწყვეტი ინფლაციისა და ელასტიკური შრომის ბაზრის ფონზე, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ცენტრალურ ბანკს ჯერ კიდევ აქვს დრო, საპროცენტო განაკვეთების შემცირებამდე ეკონომიკური პირობები ყურადღებით შეაფასოს.
გუშინ ბიზნეს ეკონომისტთა ეროვნული ასოციაციის ვებ-ტრანსლაციის დროს საუბრისას, რიჩმონდის Fed-ის პრეზიდენტმა — ტომ ბარკინმა თქვა, რომ ეკონომიკური პირობები კვლავ წარმოაჩენს სიმტკიცეს და საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად ცენტრალური ბანკის სწრაფ რეაქციას არ მოითხოვს.
გასულ პარასკევს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ივლისში აშშ-ში უმუშევრობის დონე 4.3%-მდე გაიზარდა, რამაც მოლოდინებს გადააჭარბა. ინვესტორებმა და ეკონომისტებმა კი დაიწყეს მსჯელობა, უნდა შეემცირებინა თუ არა Fed-ს საპროცენტო განაკვეთები აგრესიულად.
აღსანიშნავია, რომ გასული თვის ბოლოს ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები უცვლელად შეინარჩუნა 5.25%-5.5%-ის დიაპაზონში, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია 2001 წლის შემდეგ. ოფიციალურ განცხადებაში Fed-ის პოლიტიკის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის დონე დაეცა, ხოლო შრომის ბაზარზე მუშაკებისთვის მდგომარეობა გაუარესდა.
ამან განამტკიცა ფინანსური ბაზრის მონაწილეების წარმოდგენები, რომ Fed ემზადება ინფლაციასთან ბრძოლის ნაცვლად, შრომის ბაზრის მხარდაჭერაზე ფოკუსირდეს.
ამავდროულად, გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ეკონომიკა არსებული ტრაექტორიით გააგრძელებს მოძრაობას, სექტემბერში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
ტომ ბარკინმა კი განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი შემთხვევა, როდესაც Fed-მა საპროცენტო განაკვეთების სწრაფად შემცირების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: 1. უმუშევრობის სწრაფი ზრდა; 2. ინფლაციის დონის სწრაფი ვარდნა. ტომის თქმით, ჯერჯერობით არცერთი ეს შემთხვევა არ დამდგარა.
საჭიროა მეტი მონაცემი ინფლაციის შესახებ
ტომ ბარკინმა ასევე განაცხადა, რომ ინფლაციის ბოლოდროინდელი მონაცემები უკეთესად გამოიყურება — უახლესი მოხსენებები აჩვენებს, რომ ფასების ზეწოლა მცირდება ეკონომიკის უმეტეს ნაწილზე. თუმცა, მისი თქმით, ექსპერტები არ ვარაუდობენ, რომ წლის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში ინფლაცია არსებული დონიდან მნიშვნელოვნად შემცირდება.
„მზად ხართ ინფლაციაზე გამარჯვება გამოაცხადოთ თუ ცოტა მეტის ნახვა გსურთ? საკითხი ასე დგას“ — თქვა ბარკინმა.
ბიზნესები ახალი კადრების აყვანას ერიდებიან, ისინი არსებულ თანამშრომლებს არ ათავისუფლებენ
გარდა ამისა, ბარკინის თქმით, არც მონაცემები და არც მისი ოლქის დამსაქმებლებთან საუბარი არ მიუთითებს იმაზე, რომ სამუშაო ძალის მასობრივი გათავისუფლება გარდაუვალია. ტომ ბარკინმა ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან საკითხს, მისი თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ „ფრთხილმა“ კომპანიებმა შეანელეს ახალი კადრების აყვანის პროცესი, თუმცა ისინი მოქმედ თანამშრომლებს არ ათავისუფლებენ.
დაახლოებით ერთი კვირის წინ კი ჯერომ პაუელმა განაცხადა: „ვფიქრობთ, რომ თვალს ვადევნებთ ნორმალიზებად შრომის ბაზარს“. მან მიუთითა ხელფასების ძლიერ, მაგრამ შენელებულ ზრდაზე და ნაკლებ ვაკანსიებზე, როგორც შრომის ბაზრის ხელახალი დაბალანსების მტკიცებულებაზე.
ჯერომ პაუელმა ასევე თქვა, რომ Fed პროცესებს ყურადღებით აკვირდება და, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი რეაგირებისთვის კარგად არის პოზიციონირებული.