აშშ-ში ინფლაციის დონე ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) სამიზნე მაჩვენებელს უახლოვდება. Fed-ის წარმომადგენლებმა კი მიანიშნეს, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას აპირებენ, მაგრამ ჯერ არა.
როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები უცვლელად შეინარჩუნა 5.25%-5.5%-ის დიაპაზონში, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია 2001 წლის შემდეგ. ოფიციალურ განცხადებაში Fed-ის პოლიტიკის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის დონე დაეცა, ხოლო შრომის ბაზარზე მუშაკებისთვის მდგომარეობა გაუარესდა.
ამან განამტკიცა ფინანსური ბაზრის მონაწილეების წარმოდგენები, რომ Fed ემზადება ინფლაციასთან ბრძოლის ნაცვლად, შრომის ბაზრის მხარდაჭერაზე ფოკუსირდეს.
ეკონომისტების უმრავლესობას სჯერა, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში შეამცირებს, რასაც ფინანსური ბაზრის მონაწილეებიც ეთანხმებიან. CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 100%-იანი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში გასამართ შეხვედრაზე შეამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში აშშ-ის დასაქმების უახლესმა ყოველთვიურმა ანგარიშმა გააჩინა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ეკონომიკა „გრილდება“. შრომის სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ აშშ-ის დამსაქმებლებმა ივნისში შექმნეს უფრო ნაკლები სამუშაო ადგილი, ვიდრე წინა თვეში.
ივნისში შეერთებულ შტატებში სამუშაო ბაზარს 206,000 ადგილი დაემატა, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენსაც ეკონომისტები პროგნოზირებდნენ. ამავდროულად, უმუშევრობის დონე, მაისთან შედარებით, 4%-დან 4.1%-მდე გაიზარდა, ხოლო წლიური ხელფასის ზრდა თვიურად 4.1%-დან 3.9%-მდე შენელდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში უმუშევრობის დონემ 2021 წლის ბოლოდან უმაღლეს დონეს მიაღწია.
„ორმაგი მანდატი“
Fed-ის ორმხრივი მისია, რომელიც მას კონგრესმა დააკისრა, მისი ეგრეთ წოდებული „ორმაგი მანდატი“, გულისხმობს ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანების უმეტესობას სამუშაო ადგილი ჰქონდეს.
„კომიტეტი თვლის, რომ დასაქმებისა და ინფლაციის მიზნების მიღწევის რისკები განაგრძობს უკეთეს ბალანსზე გადასვლას“ — ნათქვამია ფედერალური სარეზერვო ბანკის ღია ბაზრების კომიტეტის (FOMC) ოფიციალურ განცხადებაში. „ეკონომიკური პერსპექტივა გაურკვეველია და კომიტეტი ყურადღებით აკვირდება ორმაგი მანდატის ორივე მხარის რისკებს”.
ეს ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდება FOMC-ის წინა განცხადებისგან, რომელიც ივნისში გავრცელდა. მაგალითად, ადრე კომიტეტი აცხადებდა, რომ უაღრესად ყურადღებით იყო განწყობილი ინფლაციის რისკების მიმართ.
აშშ-ში ინფლაცია მცირდება
დაახლოებით ერთი კვირის წინ აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურომ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), ქვეყნის ეკონომიკური მწარმოებლურობის საზომი, წლიურად 2.8%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება პირველ კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს. 2024 წლის მეორე მეოთხედის მშპ მაჩვენებელი ასევე ბევრად აჭარბებს იმ ეკონომისტების პროგნოზს (2.1%), რომლებიც Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ იქნა გამოკითხული.