ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა (Fed) საპროცენტო განაკვეთების შემცირება უნდა დაიწყოს შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს (30-31 ივლისი) გაიმართება. ამ მოსაზრების მომხრეების მტკიცებით, ბოლო ეკონომიკური მონაცემები საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ინფლაცია ცენტრალური ბანკის წლიური სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2% — მიემართება. Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამ მოსაზრებას ეკონომისტების 24.6% იზიარებს.
„თუ საპროცენტო განაკვეთების შემცირების საკითხი ნათელია, რატომ უნდა ველოდოთ კიდევ შვიდი კვირა მის მატერიალიზებას?“ — განაცხადა საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის მთავარმა ეკონომისტმა, იან ჰაციუსმა მიმდინარე კვირაში.
თუმცა ეკონომისტების მხოლოდ მცირე რაოდენობა მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი რეალურად მიმდინარე თვეში შემცირდება — ჟურნალის მიერ გამოკითხული ეკონომისტების 98.5%-მა თქვა, რომ, სავარაუდოდ, Fed საპროცენტო განაკვეთების პირველ შემცირებას ივლისის შეხვედრის შემდეგ განახორციელებს.
ეკონომისტების უმრავლესობას სჯერა, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი ამ მაჩვენებელს სექტემბერში შეამცირებს, რასაც ფინანსური ბაზრის მონაწილეებიც ეთანხმებიან. CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 100%-იანი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში გასამართ შეხვედრაზე შეამცირებს.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზე უკვე ბოლო 12 თვეა ინარჩუნებს. ამან, როგორც ეკონომიკის გაგრილებისა და ინფლაციის შემცირების მცდელობის ნაწილმა, მნიშვნელოვანი ზეწოლა იქონია მომხმარებლებსა და ბიზნესებზე. ინფლაციის დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება მას შემდეგ, რაც მან 2022 წლის ივნისში პიკს მიაღწია. თუმცა, თუ ქვემოთ მოცემულ გრაფიკს დავაკვირდებით ვნახავთ, რომ 2023 წლის ივნისიდან პროგრესი გარკვეულწილად შეფერხდა.
ამავდროულად, იან ჰაციუს ამტკიცებს, რომ უახლოესი ეკონომიკური მონაცემები მიუთითებს უმუშევრობის მაღალ დონეზე და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) პოტენციურად შენელებულ ზრდაზე. ეს კი შეიძლება პრობლემად იქცეს, თუ Fed საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დააყოვნებს.
თავის მხრივ, ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ამ ფაქტორებს აკვირდებიან. ბოლო კვირების განმავლობაში Fed-ის პოლიტიკის შემუშავების კომიტეტის წევრებმა, მათ შორის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა, განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან შრომის ბაზარს, რათა თავიდან აიცილონ უმუშევრობის დონის არასასურველი ზრდა.
გასულ კვირაში აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე წარსდგომისას, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი ახლა ისევე დიდ ყურადღებას აქცევს შრომის ბაზრის შენელებას, როგორც ინფლაციას, რომელიც ჯერ კიდევ აჭარბებს Fed-ის წლიურ სამიზნე მაჩვენებელს.
„უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ შრომის ბაზარი მნიშვნელოვნად „გაგრილდა“. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ახლა საქმე ორმხრივ რისკებთან გვაქვს და მათ დასაბალანსებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია” — განაცხადა პაუელმა.