აშშ-ში ინფლაცია შემცირდა, თუმცა ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ხელმძღვანელი — ჯერომ პაუელი ჯერ არ არის მზად გამარჯვების აღსანიშნავად.
გუშინ პაუელმა დაადასტურა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) უახლესი ანგარიში ინფლაციური გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აჩვენებს, რამაც ეკონომიკური პირობების მიმართ ცენტრალური ბანკების წარმომადგენლების ნდობა გაზარდა. პაუელმა და მისმა კოლეგებმა, რომლებიც ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავენ, მანამდე განაცხადეს, რომ, საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, ინფლაციის კლების დამამტკიცებელი მყარი მონაცემები სჭირდებათ.
გასულ კვირაში აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემები გამოაქვეყნა — ივნისში ფასები, მაისთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა. ეს არის პირველი ვარდნა 2022 წლის ივლისის და ყველაზე დიდი კლება 2020 წლის მაისის შემდეგ. ამ მოულოდნელმა დეფლაციამ ბაზრის მონაწილეებში გააძლიერა იმედი, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკის ღია ბაზრების კომიტეტი (FOMC) მალე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.
ინდექსის წლიურმა ზრდამ 3% შეადგინა. შედარებისთვის, მაისში CPI-მ წლიურად 3.3%-ით მოიმატა. ორივე მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა ექსპერტების პროგნოზებს, რომლებიც Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ იქნა გამოკითხული.
ე. წ. „ძირითადი“ ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს გამორიცხავს, თვიურად 0.1%-ით გაიზარდა (მაისში დაფიქსირებული ზრდა — 0.2%). აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მცირე აღმასვლაა 2021 წლის იანვრის შემდეგ.
„ახლა უკვე სამი მოსალოდნელზე უკეთესი ანგარიში გვქონდა და თუ მათ შევაჯამებთ, საკმაოდ კარგ ტემპს ვიღებთ“ — განაცხადა ჯერომ პაუელმა.
ინვესტორების მოლოდინი და Fed-ის პოზიცია
ინვესტორები მოელიან, რომ ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში გასამართ შეხვედრაზე შეამცირებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პაუელს განაკვეთების შემცირების ვადების შესახებ არ მიუნიშნებია, მისი თქმით, „რბილი დაშვების“ სცენარი — რომლის დროსაც ინფლაცია მცირდება უმუშევრობის მკვეთრი ზრდის გარეშე — უფრო შესაძლებელი ჩანს.
ინფლაცია და შრომის ბაზარი
დაახლოებით ერთი კვირის წინ აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ აშშ-ის დამსაქმებლებმა ივნისში შექმნეს უფრო ნაკლები სამუშაო ადგილი, ვიდრე წინა თვეში.
ივნისში შეერთებულ შტატებში სამუშაო ბაზარს 206,000 ადგილი დაემატა, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენსაც ეკონომისტები პროგნოზირებდნენ. ამავდროულად, უმუშევრობის დონე, მაისთან შედარებით, 4%-დან 4.1%-მდე გაიზარდა, ხოლო წლიური ხელფასის ზრდა თვიურად 4.1%-დან 3.9%-მდე შენელდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში უმუშევრობის დონემ 2021 წლის ბოლოდან უმაღლეს დონეს მიაღწია.
გასულ სამშაბათს კი, აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე წარსდგომისას, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი ახლა ისევე დიდ ყურადღებას აქცევს შრომის ბაზრის შენელებას, როგორც ინფლაციას, რომელიც ჯერ კიდევ აჭარბებს Fed-ის წლიურ სამიზნე მაჩვენებელს — 2%-ს.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ახლა საქმე ორმხრივ რისკებთან გვაქვს და მათ დასაბალანსებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია” — განაცხადა პაუელმა.
უმუშევრობის მნიშვნელოვანმა ზრდამ შეიძლება Fed აიძულოს, საპროცენტო განაკვეთები უფრო სწრაფად შეამციროს, ვიდრე ამას მანამდე აპირებდა.
თუმცა პაუელმა თქვა, რომ შრომის ბაზარზე ახლა არსებობს უკეთესი ბალანსი მუშაკთა ხელმისაწვდომობასა და სამუშაო განცხადებებს შორის.