აშშ-ის დასაქმების უახლესმა ყოველთვიურმა ანგარიშმა, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, გააჩინა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ეკონომიკა „გრილდება“. ეს კი აძლიერებს მოლოდინებს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთს უახლოეს თვეებში შეამცირებს.
პარასკევს შრომის სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ აშშ-ის დამსაქმებლებმა ივნისში შექმნეს უფრო ნაკლები სამუშაო ადგილი, ვიდრე წინა თვეში.
ივნისში შეერთებულ შტატებში სამუშაო ბაზარს 206,000 ადგილი დაემატა, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენსაც ეკონომისტები პროგნოზირებდნენ. ამავდროულად, უმუშევრობის დონე, მაისთან შედარებით, 4%-დან 4.1%-მდე გაიზარდა, ხოლო წლიური ხელფასის ზრდა თვიურად 4.1%-დან 3.9%-მდე შენელდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში უმუშევრობის დონემ 2021 წლის ბოლოდან უმაღლეს დონეს მიაღწია.
ბაზარზე მიიჩნევენ, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება სექტემბრიდან დაიწყება
სამუშაო ადგილების შესახებ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ამერიკული კომპანიების აქციების ფასებმა მოიმატა, ხოლო სახაზინო ობლიგაციების სარგებელი დაეცა, რადგან გაიზარდა ოპტიმიზმი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებს. ეს მაჩვენებელი ამჟამად 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზეა.
CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 77%-იანი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში გასამართ შეხვედრაზე შეამცირებს. ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა.
„ივნისის ანგარიში სამუშაო ადგილების შესახებ, სხვა ბოლოდროინდელ მაჩვენებლებთან ერთად, ამტკიცებს, რომ ფედერალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა, სავარაუდოდ, საკმარისად შემზღუდველია“ — განაცხადეს Deutsche Bank-ის ეკონომისტებმა პარასკევს. „ამგვარად, ეს მონაცემები ზრდის შანსებს, რომ სექტემბერში საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყება. თუმცა აუცილებელია, რომ გამოვლენილი ტენდენცია მომდევნო თვეების მონაცემებმაც დაადასტუროს“.
აღსანიშნავია, რომ მაისში პერსონალური სამომხმარებლო ხარჯების (PCE) ინდექსით გაზომილი ხარჯები უმნიშვნელოდ გაიზარდა და ნოემბრის შემდეგ თვიური ინფლაციის ყველაზე ნელი ტემპი დააფიქსირა. ინდექსმა ასევე აჩვენა, რომ ფასებმა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.6%-ით მოიმატა, რაც Fed-ის წლიურ სამიზნე განაკვეთს — 2%-ს უახლოვდება.
მართალია, Fed-ის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს პროგრესი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მათ, საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, უფრო მეტი დამადასტურებელი მონაცემი სჭირდებათ.
„საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, ეკონომიკურმა მონაცემებმა უნდა აჩვენოს, რომ ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2%-სკენ მტკიცედ მიემართება“ — განაცხადა Fed-ის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა.