გუშინ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს (DOJ) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Boeing დათანხმდა, ფედერალური მთავრობის წინაშე თავი დამნაშავედ ცნოს 2018 და 2019 წლებში 737 Max თვითმფრინავების ავიაკატასტროფების გამო. ცნობილია, რომ ამ უბედურმა შემთხვევებმა მთლიანობაში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მხარეები მუშაობენ საპროცესო შეთანხმების პირობებზე და მოსამართლეს სთხოვეს, გადაედო სასამართლო პროცესი. ისინი მოელიან, რომ, ტეხასის ჩრდილოეთ საოლქო სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმება საჯარო გახდება 19 ივლისამდე.
ბრალის აღიარება და შეთანხმება
ბრალის აღიარება ჩაანაცვლებს Boeing-ის წინა შეთანხმებას ფედერალურ მთავრობასთან, რომელიც დაიდო 2021 წელს, 737 MAX-ის ორი ფატალური ავიაკატასტროფის შემდეგ. ეს გადავადებული-საპროცესო შეთანხმება, რომელიც კომპანიამ დაარღვია, საშუალებას იძლეოდა, შეჩერებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა განსაზღვრული ვადით იმ პირობით, რომ Boeing გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებდა.
მთავრობამ დაადგინა, რომ მიმდინარე წელს კომპანიამ შეთანხმება დაარღვია. ამ დასკვნამდე ის Boeing-ის უსაფრთხოებისა და წარმოების პრაქტიკის გამოძიებამ მიიყვანა, რომელიც იანვარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო.
5 იანვარს Boeing-ის თვითმფრინავის კარს, Alaska Airlines-ის რეისის დროს, საცობი მოძვრა. შემდგომმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ თვითმფრინავს ჭანჭიკები აკლდა.
პროკურორებმა თავიანთი დასკვნები Boeing-ს გასულ თვეში წარუდგინეს და მხარეებმა, საქმის სასამართლოში გადაცემის ნაცვლად, საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობა დაიწყეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფების მსხვერპლთა ოჯახები ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდნენ, შესაბამისად, DOJ-მა მხარი დაუჭირა Boeing-ისთვის მაქსიმალური ჯარიმის დაწესებას.
საპროცესო გარიგების პირობები
კვირას გაფორმებული გარიგების თანახმად, Boeing ბრალს აღიარებს და, ავიაკატასტროფების მსხვერპლთა ოჯახებისთვის კომპენსაციის მიცემასთან ერთად, დამატებით $243.6-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ეს გადასახადები გავლენას არ იქონიებს ოჯახების უფლებაზე, შეიტანონ სამოქალაქო სარჩელები Boeing-ის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ Boeing-ის წინააღმდეგ შეტანილი ზოგიერთი სარჩელი ჯერ კიდევ არ არის განხილული, ხოლო ბევრი სხვა — შეთანხმებამდეა მისული.
გარდა ამისა, გამოიყოფა შესაბამისობის მონიტორინგის დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს Boeing-ს გამოსაცდელი 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში. ის სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს განახლებულ ინფორმაციებს მიაწვდის და წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც სასამართლოს მიერ გასაჯაროვდება.
ამასთან, Boeing-ის დირექტორთა საბჭოს წევრები შეხვდებიან დაღუპულთა ოჯახებს, რომელთაგან ზოგიერთი გასულ თვეში დაესწრო აღმასრულებელი დირექტორის — დევიდ კალჰუნის მიერ კონგრესისთვის ჩვენების მიცემის პროცესს. კომპანიას ასევე მოეთხოვება დაახლოებით $455 მილიონის დახარჯვა საცდელი პერიოდის განმავლობაში შესაბამისობისა და უსაფრთხოების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.