ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Microsoft, Alphabet, Meta Platforms და Amazon ზრდიან კაპიტალურ ხარჯებს ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით. ზოგიერთი ინვესტორი და ექსპერტი კი გამოთქვამს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოიტანს ეს ინვესტიციები სასურველ ანაზღაურებას.
მომავალ წლებში ტექნოლოგიური გიგანტები AI-ზე $1 ტრილიონზე მეტს დახარჯავენ
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები AI-ზე ერთობლივად $1 ტრილიონზე მეტს დახარჯავენ.
Capital Group-ის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ ტექნოლოგიური გიგანტების — Microsoft, Alphabet, Meta და Amazon — კაპიტალური ხარჯები 2024 წელს $189 მილიარდს მიაღწევს, რაც S&P 500 ინდექსის კომპანიების მთლიანი კაპიტალური დანახარჯების მეხუთედზე მეტს (21%) შეადგენს.
Microsoft-ის, Alphabet-ის, Meta-სა და Amazon-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოელიან გაზრდილ ხარჯებს AI ინფრასტრუქტურაზე, კონკრეტულად მონაცემთა ცენტრებზე, რათა AI სივრცეში ძლიერი პოზიცია დაიკავონ და ტექნოლოგიის გამოთვლითი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ტექნოლოგიური გიგანტების ინვესტიციები ხელს უწყობს მათ წვდომას იმ გამოთვლით ტექნოლოგიაზე, რომელიც AI ტექნოლოგიის წინსვლისთვის არის საჭირო.
AI ინვესტიციების ანაზღაურება შეიძლება შორს იყოს და ინვესტორების იმედები გააცრუოს
მიუხედავად იმისა, რომ AI-ს შეუძლია სამუშაო ძალა გარდაქმნას და ეკონომიკური ზრდა გააძლიეროს, ანალიტიკოსების თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიმდინარე ხარჯები, სავარაუდოდ, მალე ვერ ანაზღაურდება.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომისტმა და პროფესორმა — დარონ აცემოღლუმ Goldman Sachs-ის მკვლევარებს განუცხადა, რომ ამ სფეროში გარდამტეხი ცვლილებები სწრაფად არ მოხდება და ეს უფრო 10 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რეალიზების შემთხვევაშიც, ტექნოლოგიური გიგანტების AI ინვესტიციების ანაზღაურება, მაინც შეიძლება მოსალოდნელზე ნაკლები იყოს. „AI ტექნოლოგია უკიდურესად ძვირადღირებულია და ამ ხარჯების გასამართლებლად ტექნოლოგიას უნდა შეეძლოს რთული პრობლემების გადაჭრა, რისთვისაც ის არ არის შექმნილი“ — განაცხადა Goldman Sachs-ის გლობალური სააქციო კაპიტალის კვლევის ხელმძღვანელმა, ჯიმ კოველომ.
შეიძლება რისკები შეზღუდული იყოს
როგორ უკვე აღვნიშნეთ, AI ტექნოლოგიის შესაძლებლობებთან და ამ მიმართულებით ტექნოლოგიური გიგანტების დანახარჯებთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კომპანიებმა AI ინვესტიციების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტები განიცადონ.
„AI ტექნოლოგია ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურის მშენებლობის ფაზაშია. ამიტომ გონივრულია, რომ საოცარი აპლიკაცია, რომელსაც რთული პრობლემების გადაჭრა შეუძლია, ჯერჯერობით არ გამოჩენილა“ — განაცხადა Goldman Sachs-ის სააქციო კაპიტალის ანალიტიკოსმა, კაშ რანგანმა, რომელიც ვარაუდობს, რომ წინ მეტი შესაძლებლობებია.
Goldman-ის ანალიტიკოსებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მიმდინარე ხარჯები მატერიალურად არ განსხვავდება ინდუსტრიის ისტორიაში არსებული გასული საინვესტიციო ციკლებისგან.
„ტექნოლოგიურ გიგანტებს გააჩნიათ წვდომა დიდ კაპიტალზე, უკიდურესად დაბალი ხარჯების შესაძლებლობებზე, მასიურ სადისტრიბუციო ქსელებსა და მომხმარებელთა ბაზებზე, რაც ამცირებს რისკს, რომ AI ტექნოლოგია მეინსტრიმული არ გახდება“ — განაცხადა კაშ რაგნარმა.
ანალიტიკოსების თქმით, ამ კომპანიებზე აქციონერები ახორციელებენ მნიშვნელოვან ზეწოლას, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ გაზრდილ AI ხარჯებს მაღალი შემოსავალი მოჰყვება.
Bernstein-ის ანალიტიკოსების თქმით, მაშინაც კი, თუ ტექნოლოგიური გიგანტების AI ხარჯების შედეგები მოლოდინებს ვერ გადააჭარბებს, ამ ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკები შეზღუდულია, რადგან კომპანიებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, AI-სთვის განკუთვნილი გამოთვლითი სიმძლავრეები სხვა მიმართულებით გამოიყენონ.
მიუხედავად ამ საკითხებთან დაკავშირებით ინვესტორების ნაწილის ეჭვებისა, წლის დასაწყისიდან Microsoft-ის, Alphabet-ის, Meta-სა და Amazon-ის აქციების წარმადობამ ძირითად საბაზრო ინდექსებს აჯობა.