პარასკევს ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის დაახლოებით $5.3 მილიარდის ღირებულების აქციები ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა. ეს ისტორიაში მისი ყველაზე დიდი წლიური დონაციაა.
ამ ტრანზაქციის განსახორციელებლად, 93 წლის ბაფეტმა Berkshire-ის 8674 A კლასის აქცია კომპანიის 13 მილიონზე მეტ B კლასის აქციად გარდაქმნა. უორენ ბაფეტი, რომელიც Berkshire-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია ახლა კომპანიის 207,963 A კლასის და 2,586 B კლასის აქციებს ფლობს, რომელთა მთლიანი ღირებულება დაახლოებით $128 მილიარდს აღწევს.
ბაფეტის წლიური დონაციიდან Bill & Melinda Gates Foundation Trust-მა (ბილ გეითსისა და მისი მეუღლის ფონდი) 9.9 მილიონზე მეტი აქცია მიიღო, დანარჩენი აქციები კი გადაეცა შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციებს: Susan Thompson Buffett Foundation, Sherwood Foundation, Howard G. Buffett Foundation და NoVo Foundation.
ლეგენდარულმა ინვესტორმა ამ ხუთი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უვადო დონაციების გაღების ვალდებულება 2006 წელს აიღო და მას შემდეგ იგი ფონდებს ყოველწლიურად ეხმარება. შემოწირულებების ვადა იწურება მისი გარდაცვალებისთანავე და ბაფეტის ანდერძის თანახმად, ინვესტორის ქონების 99%-ზე მეტი საქველმოქმედო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
ბილ გეითსის ფონდის დახმარება უორენ ბაფეტის გარდაცვალების შემდეგ დასრულდება
The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ნათქვამია, რომ ბაფეტის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების დიდ ნაწილი გადაეცემა ახალ საქველმოქმედო ტრასტს, რომელსაც მისი სამი შვილი მართავს. სუზან, ჰოვარდ და პიტერ ბაფეტები გადაწყვეტენ, როგორ გაანაწილონ მამის თანხები ქველმოქმედებისთვის.
სიუზან ბაფეტი სათავეში უდგას Sherwood Foundation-ს და Susan Thompson Buffett Foundation-ს, რომელსაც სახელი მისი გარდაცვლილი დედის პატივსაცემად ეწოდა. ჰოვარდ ბაფეტი ხელმძღვანელობს Howard G. Buffett Foundation-ს, ხოლო პიტერ ბაფეტი და მისი მეუღლე, ჯენიფერი — NoVo Foundation-ს.
უორენ ბაფეტის თქმით, ბილ და მელინდა გეითსის ფონდისთვის გაღებული შემოწირულებები მისი გარდაცვალების შემდეგ დასრულდება.
გასული წლის ნოემბერში კი უორენ ბაფეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ინვესტორის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძი გასაჯაროვდება.