დღეს აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურომ პირადი სამომხმარებლო ხარჯების (PCE) ინდექსის მონაცემები გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა, რომ სამომხმარებლო ფასები აპრილში თვიურად 0.3%-ით გაიზარდა. წლიურად კი ამ ინდექსმა 2.7%-იანი აღმასვლა დააფიქსირა.
ეს მაჩვენებლები იგივე იყო, რაც მარტში და ემთხვეოდა ექსპერტების პროგნოზებს, რომლებიც Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ იქნა გამოკითხული.
აპრილში დაფიქსირებულმა შედეგმა შეიძლება ჩაახშოს შიშები, რომ ფასების ზრდა ხელახლა ჩქარდება. ასეთი განწყობა ბაზარზე პირველ კვარტალში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლების გამო შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე ექსპერტები პროგნოზირებდნენ.
კიდევ უფრო საყურადღებო ის არის, რომ აპრილში „ძირითადი“ ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს გამორიცხავს, თვიურად 0.2%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, მარტში ამ მაჩვენებელმა 0.3%-ით მოიმატა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ოფიციალური პირები დიდ ყურადღებას აქცევენ „ძირითად“ ინფლაციას. ისინი ამ მაჩვენებელს უფრო ფართო ინფლაციური ტენდენციების ინდიკატორად მიიჩნევენ და მას ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის დადგენისას ითვალისწინებენ. ეს უკანასკნელი კი ყველა სახის სესხის საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის შუა რიცხვებში აპრილის სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მონაცემებიც გამოქვეყნდა. ინფლაციის ეს ფართოდ გამოყენებული საზომი, ბოლო 12 თვის განმავლობაში 3.4%-ით გაიზარდა, რაც ჩამოუვარდება მარტის მაჩვენებელს — 3.5%-იან მატებას. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ აპრილში თვიურად ინდექსი 0.3%-ით გაიზარდა, რაც ოდნავ ჩამორჩება მარტის 0.4%-იან ზრდას.
წლიური მაჩვენებელი Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების პროგნოზებს ემთხვეოდა, ხოლო თვიური 0.4%-იანი ზრდის მაჩვენებელი მოლოდინზე დაბალი იყო. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ეს იყო პირველი ანგარიში, რომელიც არ აჩვენებს ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას. ამ ფაქტმა კი გააჩინა იმედი, რომ ინფლაცია უბრუნდება Fed-ის სამიზნე წლიურ განაკვეთს, რომელიც 2%-ს შეადგენს.
ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთებთან და ინფლაციასთან დაკავშირებული სიგნალები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და აპრილის CPI ინდექსმა ინვესტორებში გააჩინა იმედი, რომ, შესაძლოა, Fed-მა საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყოს.
იმის გამო, რომ ინფლაცია საგრძნობლად დაეცა მას შემდეგ, რაც მან გასული წლის ივნისში 9.1%-იან წლიურ განაკვეთს მიაღწია, Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებდნენ. თუმცა პირველი სამი თვის მაჩვენებლები ეჭვქვეშ აყენებდა ამ გეგმებს და ზრდიდა ზეწოლას სესხის აღების ხარჯებზე.
Fed-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ, შეეჩერებინათ სწრაფად მზარდი ინფლაცია იმით, რომ ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის ფულის სესხება და, შესაბამისად, დახარჯვა უფრო ძვირი გაეხადათ. აღსანიშნავია, რომ მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება დათრგუნოს ინფლაცია, მაგრამ ჩნდება რეცესიისა და სამუშაო ძალის მასობრივი გათავისუფლების რისკი — ეს არის სცენარი, რომლის თავიდან აცილებასაც Fed-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ.