გუშინ ამერიკული კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნებულმა ეკონომიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ აპრილში მომხმარებლების მიერ გაწეული ხარჯები უცვლელი დარჩა, ხოლო ინფლაცია შენელდა. ეს კი ზრდის ოპტიმიზმს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემამ (Fed) შეიძლება საპროცენტო განაკვეთების შემცირება განიხილოს.
გუშინ, სავაჭრო დღის განმავლობაში, Nasdaq Composite და S&P 500 ინდექსები, შესაბამისად, 1.4% და 1.2% გაუმჯობესდა და ორივე მათგანი რეკორდულ ნიშნულზე დაიხურა. ასევე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია Dow Jones Industrial Average-მა (DJIA), რომელმაც გუშინ 0.9%-იანი აღმასვლა დააფიქსირა.
ინფლაციის მაჩვენებლები
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), ინფლაციის ფართოდ გამოყენებული საზომი, ბოლო 12 თვის განმავლობაში 3.4%-ით გაიზარდა, რაც ჩამოუვარდება მარტის მაჩვენებელს — 3.5%-იან მატებას. გუშინ აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ აპრილში თვიურად ინდექსი 0.3%-ით გაიზარდა, რაც ოდნავ ჩამორჩება მარტის 0.4%-იან ზრდას.
წლიური მაჩვენებელი Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების პროგნოზებს ემთხვეოდა, ხოლო თვიური 0.4%-იანი ზრდის მაჩვენებელი მოლოდინზე დაბალი იყო. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ეს იყო პირველი ანგარიში, რომელიც არ აჩვენებს ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას. ამ ფაქტმა კი გააჩინა იმედი, რომ ინფლაცია უბრუნდება Fed-ის სამიზნე წლიურ განაკვეთს, რომელიც 2%-ს შეადგენს.
ოპტიმიზმის კიდევ ერთი მიზეზი: ინფლაციის „ძირითადი“ მაჩვენებელი, რომელიც გამორიცხავს საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს გამორიცხავს, აპრილში წლიურად 3.6%-ით გაიზარდა, რაც მარტში დაფიქსირებულ 3.8%-იან მატებას ჩამოუვარდება. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ნაჩვენები ინფლაციის ზრდის ტემპი, 2021 წლის აპრილიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალია.
საცალო გაყიდვების მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ აპრილში ამერიკელი მომხმარებლების მიერ გაწეული ხარჯები უცვლელად შენარჩუნდა.
Fed-ის მიზნები და განცხადებები
იმის გამო, რომ ინფლაცია საგრძნობლად დაეცა მას შემდეგ, რაც ამ მაჩვენებელმა გასული წლის ივნისში 9.1%-იან წლიურ განაკვეთს მიაღწია, Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებდნენ. თუმცა აშშ-ში წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე ექსპერტები პროგნოზირებდნენ. აპრილში კი ეს ტენდენცია დაირღვა, რამაც, როგორც ჩანს, ბაზარზე ოპტიმისტური განწყობები გააჩინა.
Fed-ის ოფიციალურმა მანამდე პირებმა განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ, შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოულოდნელად მაღალმა ინფლაციამ ისინი ამ ნაბიჯის გადადგმაში დაარწმუნოს.
Fed-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ შეეჩერებინათ სწრაფად მზარდი ინფლაცია იმით, რომ ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის ფულის სესხება და, შესაბამისად, დახარჯვა უფრო ძვირი გაეხადათ. მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება დათრგუნოს ინფლაცია, მაგრამ ჩნდება რეცესიისა და სამუშაო ძალის მასობრივი გათავისუფლების რისკი — ეს არის სცენარი, რომლის თავიდან აცილებასაც Fed-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ.