აშშ-ში წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე ექსპერტები პროგნოზირებდნენ და ეს ტენდენცია გუშინ კიდევ უფრო გამყარდა. სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მარტის მონაცემებმა აჩვენა, რომ გასულ თვეში აშშ-ში ცხოვრების ღირებულება წლიურად 3.5%-ით გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) წლიურ მიზანს, რომელიც 2%-ს შეადგენს.
ინფლაციის ზედიზედ მესამე, მოსალოდნელზე უარესმა ანგარიშმა შეიძლება Fed აიძულოს, საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთები უფრო დიდი ხნით შეინარჩუნოს 23-წლიან მაქსიმუმზე. ეს კი გაზრდის ვალის მომსახურების ხარჯებს იპოთეკურ სესხებზე, საკრედიტო ბარათებზე და სხვა სახის სესხებზე.
იმის გამო, რომ ინფლაცია საგრძნობლად დაეცა მას შემდეგ, რაც მან გასული წლის ივნისში 9.1%-იან წლიურ განაკვეთს მიაღწია, Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებდნენ. თუმცა ბოლო დროს გამოქვეყნებული ანგარიშები ეჭვქვეშ აყენებს ამ გეგმებს და ზრდის ზეწოლას სესხის აღების ხარჯებზე.
Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ, შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოულოდნელად მაღალმა ინფლაციამ ისინი ამ ნაბიჯის გადადგმაში დაარწმუნოს.
Fed-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ შეეჩერებინათ სწრაფად მზარდი ინფლაცია იმით, რომ ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის ფულის სესხება და, შესაბამისად, დახარჯვა უფრო ძვირი გაეხადათ. მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება დათრგუნოს ინფლაცია, მაგრამ ჩნდება რეცესიისა და სამუშაო ძალის მასობრივი გათავისუფლების რისკი — ეს არის სცენარი, რომლის თავიდან აცილებასაც Fed-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ.
თუმცა, ბოლო ეკონომიკური ანგარიშების თანახმად, დამსაქმებლები კვლავ კადრების აყვანის რეჟიმში არიან, ბიზნესები ვითარდება და მომხმარებლები ხარჯვას განაგრძობენ. შესაბამისად, Fed-ის წარმომადგენლებს უფრო მეტი მიზეზი აქვთ, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება გადადონ.
„ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ივნისში საპროცენტო განაკვეთები ვერ შემცირდება, რაც ხელს უშლის ეკონომიკის ბედის სწრაფ შეცვლას“, — წერს კომენტარში გლობალური ფინანსური ინსტიტუტის, ING-ის მთავარი საერთაშორისო ეკონომისტი, ჯეიმს ნაითლი. „ასევე საეჭვოა, რომ ამ ნაბიჯს Fed ივლისში გადადგამს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთების შემსუბუქების უფრო სავარაუდო საწყისი წერტილი სექტემბერია. თუ მოვლენები ასე განვითარდა, Fed მიმდინარე წელს მაქსიმუმ სამ ცალკეულ შემთხვევაში შეძლებს განაკვეთების შემცირებას“.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უახლოეს თვეებში ინფლაციის დონე შემცირდება. ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებლის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ფაქტორი იჯარის გადასახადია და კერძო კომპანიების არაოფიციალური შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იჯარის ინფლაცია მკვეთრად შემცირდა.
ცვლილებები იჯარის გადასახადში, როგორც წესი, CPI-ში მრავალი თვის დაგვიანებით აისახება. ეს გამოწვეულია იმით, თუ როგორ ატარებს შრომის სტატისტიკის ბიურო გამოკითხვებს, რომლებსაც ის ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლის შესადგენად იყენებს. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ეს ცვლილებები გარკვეულ მომენტში ინფლაციის შემცირებას გამოიწვევს.
თუმცა რაც უფრო მეტი თვის განმავლობაში ფიქსირდება ინფლაციის მოსალოდნელზე დიდი მაჩვენებლები, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ მაღალი ინფლაცია მხოლოდ სტატისტიკური შეცდომაა.