პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Intel, Ermenegildo Zegna, Kura Sushi, Teladoc Health და GE Aerospace.
Intel
უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, რაც Intel-ის აქციების ფასი მცირდება. პარასკევს ვარდნამ 2%-ზე მეტით შეადგინა. მიზეზი არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასულ წელს კომპანიის ნახევარგამტარების წარმოების განყოფილების (Intel Foundry) საოპერაციო ზარალმა $7 მილიარდს მიაღწია.
ამას დაემატა საინვესტიციო ბანკის — Bernstein-ის კომენტარი: „2030 წლამდე Intel-ის აქციების ფლობის რეალური მიზეზი არ არსებობს“.
გასული კვირის დასაწყისში Intel-ის მენეჯმენტმა დაადასტურა, რომ ნახევარგამტარების წარმოების განყოფილების ფინანსურ შედეგებს განაცალკევებს მთელი ბიზნესიდან. ამ ცვლილებისთვის მომზადების ფონზე, კომპანიამ ინვესტორებს შეუქმნა გარკვეული წარმოდგენა Intel Foundry-ის ისტორიული წარმადობის შესახებ.
ინვესტორებს არ მოეწონათ ის, რაც დაინახეს: 2023 წელს კომპანიის ნახევარგამტარების წარმოების განყოფილების საოპერაციო ზარალმა $7 მილიარდს მიაღწია, ხოლო გაყიდვებმა — $18.9 მილიარდს. შედარებისთვის, 2022 წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, $5.2 მილიარდს და $27.5 მილიარდს შეადგენდა. როგორც StreetInsider.com იუწყება, Intel-ის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ ამ ბიზნესის შეუძლია შემობრუნება, 2027 წელს წაუგებლობის დონის მიღწევა, ხოლო 2030 წლისთვის 30%-ის ოდენობით კორექტირებული საოპერაციო მარჟის დაფიქსირება. Bernstein-ში კი მიიჩნევენ, რომ Intel-ის პროგნოზი „აგრესიულია“ და ამ დროისთვის მარჟამ შეიძლება მხოლოდ 25%-ს მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ Intel-ის ნახევარგამტარების წარმოების ბიზნესის გაზრდილი გამჭვირვალობა წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორის — პატრიკ გელსინჯერის გეგმების ნაწილს, განყოფილებამ უფრო დამოუკიდებლად იმოქმედოს და დაიწყოს ჩიპების წარმოება სხვა კომპანიებისთვის. თებერვალში Intel-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Windows-ის შემქმნელი Microsoft მისი მომხმარებელი გახდებოდა. ჩიპების მწარმოებლის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ახლოვდებოდა გარიგებების დადება სხვა მომხმარებლებთან, რომლებსაც საზოგადოებისთვის ვინაობის გამხელა არ სურდათ.
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $44.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ermenegildo Zegna
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Ermenegildo Zegna-მ მთელი წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მოდის კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.
2023 წელს მილანში დაფუძნებული მოდის კომპანიის შემოსავალი წლიურად 27.6%-ით — $2.06 მილიარდამდე გაიზარდა. მთლიანი მოგების მარჟა კი 62.2%-დან 64.3%-მდე გაუმჯობესდა.
საერთო ჯამში, წლიური შედეგები ძლიერი იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში საოპერაციო მარჟა და საოპერაციო მოგება შეფერხდა, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში მეოთხე კვარტალი სეზონურად ყველაზე ძლიერია.
Zegna-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში საოპერაციო მოგებამ $126.37 მილიონს მიაღწია, ხოლო ბოლო ორ კვარტალში — $100.36 მილიონს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წლის მეორე ნახევარში მეტი შემოსავალი გამოიმუშავა. ანალოგიურად, Zegna-ს საოპერაციო მარჟა წლის მეორე ნახევარში იყო მხოლოდ 9%, ხოლო პირველ ნახევარში — 13%.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში კომპანიამ Tom Ford Fashion $2.8 მილიარდად შეიძინა.
Ermenegildo Zegna-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ermenegildo Zegna-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Kura Sushi
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Kura Sushi-მ კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. პარასკევს კი სუშის რესტორნების ქსელის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ით არის გაუმჯობესებული.
Kura Sushi-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, მაგრამ მთლიანმა შემოსავალმა 30.5%-ით — $57.3 მილიონამდე მოიმატა, რადგან კომპანია სწრაფ გაფართოებას განაგრძობს. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $56.63 მილიონს.
Kura Sushi-ის კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $2.9 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს 23%-ით აღემატება.
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი ზარალი თითო აქციაზე უცვლელი იყო — $0.09, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — -$0.03-ს.
Kura-მ კვარტალში ხუთი რესტორანი გახსნა და მათმა საერთო რაოდენობამ 60-ს მიაღწია. ამასთან, კომპანიამ ცოტა ხსნის წინ წარმოიწყო პარტნიორობა DoorDash-თან, რითაც შემოსავლის ახალი ნაკადი მიიღო.
რაც შეეხება მომავალს, Kura Sushi-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის შემოსავალი $243-$246 მილიონს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $239-$244 მილიონი). კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ წელს Kura-ს 13-14 ახალი ლოკაცია გაიხსნება.
Kura Sushi-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $110.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $111.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $93.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Kura Sushi-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Teladoc Health
პარასკევს ვირტუალური ჯანდაცვის პროვაიდერის — Teladoc Health-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აღმასრულებელი დირექტორი — ჯეისონ გორევიჩი თანამდებობას ტოვებს. მისი მოვალეობის შემსრულებელი გახდება ამჟამინდელი ფინანსური დირექტორი — მალა მერთი. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. ამ სიახლის გავრცელების შემდეგ, Teladoc-ის აქციების ფასი თავდაპირველად შემცირდა, თუმცა, საბოლოოდ, სავაჭრო დღე თითქმის 2%-იანი ზრდით დაასრულა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 34%-ით არის შემცირებული.
Teladoc-ის მენეჯმენტს არ განუმარტავს, თუ რატომ ტოვებს კომპანიას ჯეისონი, რომელიც 2009 წლის ივნისიდან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. ინვესტორებს კი ალბათ ყველაზე მეტად ის ფაქტი აშფოთებთ, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში მემკვიდრეობის აშკარა გეგმის გარეშე — კომპანიის დირექტორთა საბჭო მხოლოდ ახლა ქირაობს საძიებო ფირმას ჯეისონ გორევიჩის შემცვლელის მოსაძებნად.
საბჭომ მადლობა გადაუხადა გორევიჩს მრავალი მიღწევისთვის და შეაქო დროებითი აღმასრულებელ დირექტორი — მალა მერთი. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მითითება, რომ მენეჯმენტი ამ უკანასკნელს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის საკმარისად კვალიფიციურ შემცვლელად მიიჩნევს.
Teladoc Health-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.72-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Teladoc Health-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 43%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
GE Aerospace
სამრეწველო კონგლომერატის დაშლის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც General Electric, ბაზრები კვლავ ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ შეაფასონ ბიზნესის სხვადასხვა ნაწილები. მისი ერთ-ერთი ყოფილი განყოფილების — GE Aerospace-ის აქციების ფასი პარასკევს 6%-ით გაიზარდა, რადგან ინვესტორებმა განსხვავებული კუთხით დაინახეს ბიზნესის თვითმფრინავებზე ორიენტირებული ნაწილის პოტენციალი.
აქციების აბრევიატურა — „GE“ ახლა ეკუთვნის GE Aerospace-ს, რომელიც ფოკუსირებულია საავიაციო ტექნოლოგიაზე, როგორიცაა თვითმფრინავის ძრავები. ეს, შემოსავლების თვალსაზრისით, ყოფილი კონგლომერატის უდიდესი განყოფილებაა. კომპანიას GE Healthcare 2022 წელს გამოეყო, მას შემდეგ მისი აქციების ფასი 55%-ზე მეტით გაიზარდა.
GE Aerospace, როგორც ცალკეული საჯარო კომპანია, პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებს 23 აპრილს, სავაჭრო დღის დაწყებამდე. კომპანიის ყოფილი ენერგეტიკული განყოფილება — GE Vernova კი კვარტალურ ანგარიშს 25 აპრილს წარადგენს.
გასულ კვირაში GE-ს აქციების სამიზნე ფასები 5-მა ანალიტიკოსმა შეცვალა და მათგან მხოლოდ ერთი ჩამოუვარდება GE Aerospace-ის აქციების ამჟამინდელ ფასს.
GE Aerospace-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $169.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $195.00-ს, ხოლო მინიმალური — $148.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი GE Aerospace-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.