ცხოვრება სულ უფრო ძვირდება და ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ფართო ეკონომიკაზე ზემოქმედების შესაძლებლობა არ გვაქვს, შეგვიძლია პერსონალურ ფინანსებში მცირე ცვლილებები დავნერგოთ, რათა არასასურველ რეალობას უკეთ გავუმკლავდეთ.
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ არამასშტაბურ ცვლილებებზე, რომლებიც ფულის მნიშვნელოვნად დაზოგვაში დაგეხმარებათ.
საყიდლებზე თან იქონიეთ სია
პირველ რიგში, სასურსათო მაღაზიაში წასვლამდე სიის შედგენა დაგეხმარებათ, არაფერი გამოგრჩეთ და იყიდოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ. სანამ მაღაზიაში წახვალთ, გარკვეული დრო გამოყავით იმის გასარკვევად, თუ რა გაქვთ სახლში. კვების გეგმა სწორედ ამის მიხედვით შეადგინეთ და ჩამოწერეთ ის ინგრედიენტები, რომლებიც გაკლიათ. იმპულსური შესყიდვების განხორციელების სურვილი ხშირად რთული დასაძლევია, მაგრამ საყიდლების სია დაგეხმარებათ, შექმნათ გარკვეული ჩარჩო, რომელსაც არ უნდა გასცდეთ.
თვალყური ადევნეთ თქვენს ხარჯებს
ადვილია, იმპულსურად შეიძინოთ ნივთები საკრედიტო ბარათით იმაზე დაფიქრების გარეშე, თუ სად მიდის თქვენი ფული. სწორედ ამიტომ, ხარჯების მონიტორინგმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.
უბრალოდ დროის გამოყოფა იმის ჩამოსაწერად, თუ რაზე ხარჯავთ დროს, ორ რამეს მოგცემთ. უპირველეს ყოვლისა, უკეთ გააცნობიერებთ, თუ სად მიდის თქვენი ფული. ამასთან, შეძლებთ განსაზღვროთ ის სფეროები, რომლებშიც ხარჯების შემცირება შეგიძლიათ.
ხარჯების მონიტორინგი დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ ფულს ნამდვილად საჭირო მიმართულებებით ხარჯავთ.
გადახედეთ გამოწერილ სერვისებს
ყოველთვიური, კვარტალური ან წლიური გამოწერის სერვისები შეიძლება თქვენთვის სრულიად შეუმჩნევლად თოვლის გუნდასავით დაგროვდეს. არ გეუბნებით, რომ ყოველი სტრიმინგ სერვისი უნდა გააუქმოთ და ტელევიზორს აღარ უყუროთ. თუმცა ძალიან კარგი იდეაა იმის გააზრება, თუ რაში იხდით ყოველთვიურად ფულს. არ გახსოვთ ბოლოს როდის უყურეთ Netflix-ს? იფიქრეთ მისი გამოწერის გაუქმებაზე — ან თუნდაც ერთი თვით დაპაუზებაზე — დააკვირდით, იგრძნობთ თუ არა დანაკლისს ცხოვრებაში.
ეს შეიძლება ეხებოდეს სხვა, გამოწერაზე დაფუძნებულ, სერვისებსაც. მაგალითად, თუ სპორტდარბაზს კვირაში დაახლოებით 2-ჯერ სტუმრობთ, მაგრამ მაინც თვიური ულიმიტო სერვისის საფასურს იხდით, ამ გადაწყვეტილების გადახედვაც გონივრული იქნება.
ისწავლეთ ბიუჯეტირება
ბიუჯეტი არის ფინანსური რუკა, რომელიც თქვენი მიზნებისკენ გადაადგილებაში დაგეხმარებათ. ბიუჯეტირება შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგს გულისხმობს. ხარჯების კატეგორიზაციით და ფინანსური მიზნების დასაკმაყოფილებლად სახსრების გამოყოფით, შეგიძლიათ თქვენი მოქმედებები უფრო გააზრებული გახადოთ.
შექმენით გადაუდებელი საჭიროების ფონდი
გადაუდებელი საჭიროების ფონდი (სარეზერვო ფონდი) გულისხმობს შენახულ ფულს, რომლის გამოყენებასაც ადამიანი ფინანსურად რთულ პერიოდებში შეძლებს. ამ ფონდში არსებული თანხით შეიძლება ინვესტორმა გაუთვალისწინებელი ხარჯები დაფაროს.
გადაუდებელი საჭიროების ფონდი მოქმედებს, როგორც ფინანსური „უსაფრთხოების ბადე“ (დაზღვევა), რომელიც მოულოდნელი ფინანსური კრიზისის დროს სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. ის, როგორც წესი, მინიმუმ 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად საკმარის თანხას მოიცავს და ფინანსურად რთულ პერიოდებში ვალის აღებისგან ან ინვესტიციების გაყიდვისგან თავის შეკავების საშუალებას გაძლევთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია bear market-ის პერიოდში, რადგან თუ ამ დროს ინვესტიციების გაყიდვის აუცილებლობის წინაშე დადგებით, აქციების შემცირებული ფასებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ფინანსურ ზარალს განიცდით.
ონლაინ შესყიდვის განხორციელებამდე 24 საათით მოიცადეთ
ონლაინ შოპინგი მოსახერხებელია, მაგრამ, თუ სიფრთხილეს არ შეინარჩუნებთ, შეიძლება მან ზედმეტ ხარჯვამდე მიგიყვანოთ. აი, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ხარჯები შეამციროთ. შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენს ონლაინ საყიდლების კალათას შეავსებთ, შესყიდვის განხორციელებამდე 24 საათით მოიცადეთ. ეს ხერხი მოგცემთ დამატებით დროს გადაწყვეტილებაზე ხელახლა დასაფიქრებლად და, შესაძლოა, ის იმპულსური შესყიდვის თავიდან აცილებაშიც დაგეხმაროთ.