მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა — 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით, 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 სტარტაპი გადაამზადა.
ამ სტარტაპებს შორის მოხვდა Bonpara, ორჰან აჰმადოვისა და ნიჯათ ასადოვის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო B2B2C პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება, რაც შეიძლება მეტი ფული დაზოგონ. ამავდროულად, ის ბიზნეს პარტნიორებს ხელს უწყობს, მეტი პროდუქტი გაყიდონ და ახალი აუდიტორია მოიზიდონ. გარდა ამისა, Bonpara-ს მეშვეობით, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია საკუთარი ქეშბექის ამოქმედება.
ჩვენ Bonpara-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს — ორჰან აჰმადოვს გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, რა მისცა სტარტაპს 500 Georgia-ში მონაწილეობამ.
ორჰან, გვიამბეთ, რა გასწავლათ 500 Georgia-ს პროგრამამ?
500 Georgia-ს პროგრამა ზრდის საფუძვლებით დავიწყეთ, რომელიც ორიენტირებული იყო ჩვენი პროდუქტის ბაზრისთვის წარდგენასა და შესაბამისი მომხმარებელთა ბაზისთვის გაცნობაზე. ჩვენი სტარტაპის გუნდი იღებდა მითითებებსა და უკუკავშირს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილი მენტორებისგან, რომლებმაც ჩვენი პროექტები გააანალიზეს და მიდგომის დახვეწაში დაგვეხმარნენ.
ზრდის კვირებამდე ჩვენი მთავარი მიზანი იყო გაყიდვების გაზრდა. ამის მისაღწევად, ჩვენ ვიმუშავეთ კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, რეკლამირების მიმართულებით ძალისხმევის ექსპანსიასა და ახალი პარტნიორების შეძენაზე. მენტორებმა, ხშირი შეხვედრებისა და დისკუსიების მეშვეობით, ამ საკითხებში უკეთ გაგვარკვიეს და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწიეს.
მიუხედავად იმისა, რომ დემო დღე, შესაძლოა, მარტივი ჩანდა, ის რეალურად დამღლელი გამოცდილება იყო. ორწუთიანი პრეზენტაციის მომზადებას იმაზე მეტი დრო და ენერგია დასჭირდა, ვიდრე ველოდით. მიუხედავად იმისა, რომ ადრე სტარტაპ კონკურსებში მონაწილეობა მიმიღია, ეს გამოცდილება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. დემო დღეს წარდგენილი ჩვენი საბოლოო პრეზენტაცია სრულიად განსხვავდებოდა იმისგან რაც თავდაპირველად მოვამზადეთ და ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი გამოვიდა. დემო დღე და მთლიანად პროგრამა ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო.
გვითხარით, როგორ შეძელით (ან მომავალში აპირებთ) შეძენილი ცოდნის საფუძველზე თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება?
ჩვენმა სტარტაპმა გაიარა მნიშვნელოვანი აჩქარების ფაზა, რამაც მიგვიყვანა პროექტის ახალ ეტაპზე გადასვლამდე და მომსახურების ახალ სფეროებში გაფართოებამდე. თავდაპირველად ჩვენი პლატფორმა შექმნილი იყო იმისთვის, რომ მომხმარებლებს ონლაინ შესყიდვებიდან ქეშბექის მიღებაში დახმარებოდა, მაგრამ 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, წინარე გამოცდილების საფუძველზე, ელექტრონულ კომერციასა და ფინტექში ჩვენი შესაძლებლობების განვითარებაზე ფოკუსირება დავიწყეთ.
პროგრამის მენტორებისა და რესურსების მეშვეობით, ჩვენი მიდგომა კლიენტებზე მეტად ორიენტირებული გავხადეთ, რამაც ჩვენი სერვისების მეტად ადაპტირების საშუალება მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი განვითარების გეგმა გვაქვს, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის მიდგომას ვიყენებთ.
როგორია Bonpara-ს სამომავლო გეგმები?
ჩვენი პროექტი ორიენტირებულია ელექტრონული კომერციის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც ონლაინ გადახდებსა და მომხმარებელთა ლოიალობის ფუნქციებს აერთიანებს. ჩვენი მთავარი მიზანია ელექტრონული კომერციის ოპერაციების გამარტივება, გადახდების დაჩქარება და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის გაზრდა, ონლაინ გამყიდველებისთვის მარტივი და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდების საშუალებით. სერვისების ეფექტურობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ჩვენს პლატფორმაში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი (AI). ჩვენი მიზანია, AI-ის იმპლემენტაციის გზით, მივაღწიოთ ოპტიმალურ შედეგებს პროცესის ყველა ეტაპზე, დაწყებული პროდუქტის პერსონალიზებული რეკომენდაციებით (მყიდველის ინტერესებზე დაფუძნებული მონაცემთა ფართომასშტაბიანი დამუშავების საშუალებით) და ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, დამთავრებული გაყიდვის შემდგომ მომხმარებლის მხარდაჭერით.
როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება თქვენი კომპანია ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს?
დღესდღეობით, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური გამოყენება სულ უფრო გავრცელებულია. ბიზნესისა და ავტომატიზაციის სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილებით, ჩვენი გუნდი სპეციალიზებულია ელექტრონული კომერციისა და ონლაინ გადახდებისთვის AI გადაწყვეტილებების მიწოდებაში. გარდა ამისა, ჩვენი სტარტაპი განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის ჩვენს სამიზნე ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენციისა და ამ სფეროში ზრდის, ასევე მომგებიანობის მაღალი პოტენციალის გამო.
რაც უფრო მეტი ბიზნესი ახორციელებს ოპერაციებს ონლაინ რეჟიმში, მით უფრო სწრაფად იზრდება მოთხოვნა ეფექტური ელექტრონული კომერციის გადაწყვეტებზე. ჩვენი AI-ზე ორიენტირებული პლატფორმა ონლაინ მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ გაყიდვებისა და გადახდის პროცესები; ასევე, გაზარდონ მომხმარებელთა შენარჩუნების დონე და მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა. მოწინავე ალგორითმებისა და მანქანური სწავლების გამოყენებით, ბიზნესებს უზრუნველყოფთ ქმედითი მონაცემებით, რათა მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და წარმადობის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ. ჩვენი გამოცდილი გუნდითა და უახლესი ტექნოლოგიით, მზად ვართ გავხდეთ წამყვანი მოთამაშე ელექტრონული კომერციისა და ფინტექ ინდუსტრიაში.
საერთო ჯამში, 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობა Bonpara-სთვის ძალიან სასარგებლო იყო. მან მოგვაწოდა ღირებული ინფორმაცია ჩვენი პროექტისა და მიზნობრივი ბაზრის შესახებ, ამასთან დაადასტურა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. უფრო მეტიც, 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის პრესტიჟს თავისთავად უამრავი უპირატესობა ახლავს თან. უბრალოდ პროგრამასთან ასოცირებამ შეიძლება გაზარდოს როგორც ინტერესი ჩვენი სტარტაპის მიმართ, ასევე — ნდობის ხარისხი პოტენციური ინვესტორებისა და მომხმარებლების მხრიდან.