მიმდინარე წელს ძირითადი საფონდო ინდექსები – S&P 500, Dow Jones Industrial Average და Nasdaq 100 – ჯერჯერობით 9%-ზე მეტით დაეცა.
ასეთმა პერიოდებმა, შესაძლოა, თქვენს საინვესტიციო მიდგომაში ეჭვი შეგატანინოთ ან ინვესტირების დროებით შეჩერებისკენ გიბიძგოთ. მაგრამ ეს ორივე ვარიანტი თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს. შემდგომი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად პაუზის აღებას, შესაძლოა, უკუშედეგი მოჰყვეს.
ამ სტატიაში მოცემულია 4 მიზეზი, რომელიც საფონდო ბირჟის ვარდნის დროს ინვესტირების გაგრძელებისთვის თავდაჯერებულობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.
- ახლა ფული არ გჭირდებათ
როდის გეგმავთ თქვენს საინვესტიციო ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენებას? თუ ვადა 5 ან მეტი წელია, მაშინ ინვესტირების გასაგრძელებლად კარგად ხართ პოზიციონირებული.
ეს იმიტომ ხდება, რომ ბაზარი ციკლურად მოძრაობს. აღსანიშნავია, რომ ციკლები, ხშირად, 5 წელზე მეტხანს არ გრძელდება. თუ შეგიძლიათ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოიცადოთ, ძალიან სავარაუდოა, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება აღდგება და ზრდას დაუბრუნდება.
კონტექსტისთვის, bear market-ის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წელია. ამ საშუალო მაჩვენებელში გათვალისწინებულია ორი უკიდურესი შემთხვევაც: 5 წლიანი bear marker, რომელიც 1937 წელს დაიწყო და კორონავირუსით გამოწვეული ვარდნა, რომელიც 2 თვეში შეიცვალა.
- ლოდინის საშუალება გაქვთ
ვადები განსაზღვრავს, თუ როდის აპირებთ თქვენი ინვესტიციების სიმდიდრის დახარჯვას, მაგრამ თქვენი ნაღდი ფულის დანაზოგი გკარნახობთ, თუ რამდენი ხნით ლოდინის საშუალება გაგაჩნიათ.
თუ ნაღდი ფული ხელთ არ გაქვთ, გადაუდებელი ხარჯების დასაფარად, შესაძლოა, საინვესტიციო ანგარიშების გამოყენება დაგჭირდეთ. ეს კი იდეალური შემთხვევა არ არის მაშინ, როდესაც აქციების ფასები მცირდება. ლიკვიდაცია იმაზე ნაკლებ ფულს მოგიტანთ, ვიდრე გსურთ და, ამასთან, თქვენი აქციების რაოდენობას შეამცირებს, რაც, თავის მხრივ, ბაზრის აღდგენისას თქვენი ზრდის პოტენციალს უქმნის საფრთხეს.
შეადარეთ თქვენი ფულადი ნაშთი ყოველთვიურ საცხოვრებელ ხარჯებს. იმისათვის, რომ ბაზრის ამ პირობებში ინვესტიციების კომფორტულად განხორციელება შეძლოთ, სამიდან ექვს თვემდე ხარჯებისთვის საკმარისი ნაღდი ფული უნდა გაგაჩნდეთ. თუ ეს საორიენტაციო მაჩვენებელი თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, მეტი ნაღდი ფული დაზოგეთ. შეგიძლიათ ინვესტირებას მას შემდეგ დაუბრუნდეთ, რაც საკმარისი ნაღდი ფული გექნებათ.
- ღირებულებაში ინვესტიციას კომფორტულად ახორციელებთ
როდესაც ბაზარი ეცემა, აქციებმა, შესაძლოა, ღირებულება დაკარგოს მაშინაც კი, კომპანიის ბიზნეს მოდელში ფუნდამენტური ცვლილებები არ მომხდარა.
აქციების ფასების შემცირება, შეიძლება, შესანიშნავი შესაძლებლობა იყოს ისეთ კომპანიებში ინვესტირებისა, რომლებსაც ძლიერი საფუძვლები გააჩნია და ეკონომიკის გაუარესებულ პირობებშიც კი ფულის გამომუშავებას აგრძელებს.
მილიარდერმა ინვესტორმა – უორენ ბაფეტმა ეს იდეა ამ წლის პირველ კვარტალში გამოიყენა. ლეგენდარულმა ინვესტორმა Apple-ის აქციების დაბალი ფასით ისარგებლა და 3.7 მილიონზე მეტი აქცია შეიძინა. Apple ბაფეტის ერთ-ერთი საყვარელი აქციაა, ის ინვესტორის საინვესტიციო პორტფელის 42%-ზე მეტს შეადგენს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ლოგიკა უნივერსალური არ არის. ზოგიერთი კომპანია დროებით სირთულეებს განიცდის, სხვებისთვის კი პრობლემები წლების განმავლობაში გრძელდება. თქვენი მიზანია, რომ შეარჩიოთ ის ძლიერი კომპანიები, რომლებსაც მყარი საფუძველი და რეცესიისგან აღდგენის პოტენციალი გააჩნია.
- აღდგენის გჯერათ
მრავალ აქციას, რომელიც დღეს ბაზარზე იაფად მიმოიქცევა, აღდგენის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ამის გასაგებად, თქვენ საკმარისად თავდაჯერებული უნდა იყოთ და გამოიჩინოთ მოთმინება მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ ყველა დანებდა.
შესაძლოა, იმ ფაქტის გახსენება დაგეხმაროთ, რომ ისტორიულად, საფონდო ბირჟა, ყველა ვარდნისა და კრახის შემდეგ აღდგა. ისტორია, რა თქმა უნდა, მომავლის გარანტიას არ გვაძლევს, მაგრამ ბაზარმა თავისი გამძლეობის მრავალი მაგალითი გვიჩვენა. ის ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციების ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებენ, ხშირად ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ.
ზრდისთვის პოზიციონირებული
თუ მყარი ფინანსური მდგომარეობა გაგაჩნიათ და მზად ხართ, რომ აღდგენას დაელოდოთ, კარგად ხართ პოზიციონირებული იმისთვის, რომ აქციების ფასდაკლებებით შეძენა განაგრძოთ. ეს სტრატეგია გარკვეულ ემოციურ სიმტკიცეს მოითხოვს. შესაძლებლობა გეძლევათ, რომ თქვენს საინვესტიციო პორტფელს აქციები ხელსაყრელ ფასად დაამატოთ და ბაზრის აღდგენის შემდეგ დიდი სარგებელი მიიღოთ.