მილიარდერი ინვესტორი — ჩარლზ (ჩარლი) მანგერი მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მრავალი ათწლეულის განმავლობაში უორენ ბაფეტთან ერთად იდგა ცნობილი ჰოლდინგური კორპორაციის — Berkshire Hathaway-ის სათავეში.
მანგერმა და ბაფეტმა ერთად გარდაქმნეს Berkshire ტექსტილის მცირე ფირმიდან მასიურ და დივერსიფიცირებულ კონგლომერატად, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია, ჩარლის გარდაცვალების დროისთვის, დაახლოებით $780 მილიარდს შეადგენდა.
მანგერი ცნობილი იყო როგორც შთამბეჭდავი უნარებით, ასევე ერთგული მიმდევრებისა და გულშემატკივრების დიდ ჯგუფთან საინვესტიციო რჩევების გაზიარების ჩვეულებით. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ მის ოთხ საინვესტიციო გაკვეთილს, რომელიც ნებისმიერი სახის ინვესტორს გამოადგება.
„დიდ ფულს არა ყიდვა-გაყიდვაში, არამედ ლოდინში გამოიმუშავებთ“
მანგერი და ბაფეტი იზიარებდნენ რწმენას, რომ რეალური პოტენციალის მქონე საინვესტიციო შესაძლებლობები მცირეა და, ამასთან, მათგან სარგებლის მისაღებად ლოდინი ღირს.
საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტის მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ მანგერი ყოველდღიურ ყიდვა-გაყიდვაში ჩართული არ იყო. ამის ნაცვლად იგი ბევრს მუშაობდა ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოსაჩენად და მათში ინვესტირების შემდეგ პოზიციებს ხშირად წლების განმავლობაში ინარჩუნებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების დროისთვის ჩარლის პირადი საინვესტიციო პორტფელი სულ რაღაც სამ სხვადასხვა აქციას მოიცავდა: Berkshire Hathaway, Costco და Daily Journal Corp.
„შეიძინეთ მშვენიერი ბიზნესი სამართლიან ფასად“
მანგერის საინვესტიციო მიდგომის ძირითადი კომპონენტი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირებისადმი რწმენა იყო.
1989 წელს აქციონერებისადმი მიწერილ წერილში ბაფეტმა აღნიშნა, რომ ჩარლი მანგერის იდეის თანახმად, Berkshire არ უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული მომაკვდავ ბიზნესებში ინვესტირებაზე. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თითო აქციაზე სულ რაღაც $0.25-ის გამოსამუშავებლად მათ არ უნდა შეეძინათ აქციები, რომელთა შინაგანი ღირებულება $1-ს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ფასი — $0.75-ს.
მანგერთან მუშაობისას ბაფეტმა საბოლოოდ გაიაზრა, რომ მრავალი ხარვეზის მქონე პრობლემური ბიზნესის შეძენისას მიღებულ ნებისმიერ მყისიერ მოგებას მალე დაბალი შემოსავალი გააბათილებდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების Berkshire-სეული ვერსია ფენომენალურად წარმატებული გახდა მანგერის მანტრას წყალობით: „დაივიწყეთ ის, რაც ხელსაყრელი ბიზნესის შესანიშნავ ფასად ყიდვის შესახებ იცით; ამის ნაცვლად, შეიძინეთ შესანიშნავი ბიზნესი ხელსაყრელ ფასად.“
შესანიშნავი შესაძლებლობები იშვიათია
ჩარლი მანგერი საინვესტიციო გადაწყვეტილებებს იღებდა იმ რწმენით, რომ „ცხოვრება შეუზღუდავი შესაძლებლობებით არ აგავსებთ“. ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, იგი მიზნად ისახავდა რაც შეიძლება მეტი საშუალო ან ცუდი საინვესტიციო იდეების აღმოფხვრას და განსახორციელებლად განიხილავდა მხოლოდ მათ, რომლებიც მკაცრ შემოწმებას „გადაურჩებოდა“.
ინვესტირებისადმი ჩარლი მანგერისეულ მიდგომასთან დაკავშირებული ასპექტია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იმ იშვიათ მომენტებში, როდესაც უზარმაზარი შესაძლებლობა ჩნდება.
კარგი ბიზნესები ეთიკურია
ეს ჩარლი მანგერის ერთ-ერთი საყვარელი აქსიომა იყო. მისი აზრით, ბიზნეს მოდელი, რომელიც თაღლითობას ეყრდნობა, მარცხისთვის არის განწირული.
მანგერი და ბაფეტი სამიზნე კომპანიების ბიზნეს ოპერაციებს დეტალურად აანალიზებდნენ, ეძებდნენ ფირმებს, რომლებსაც გააჩნდათ როგორც შესანიშნავი ზრდის პოტენციალი, ასევე ეთიკური ბიზნეს მოდელები.
ჩარლი მანგერი ამბობდა, რომ უნდა ორიენტირდეთ იმ ბიზნესებზე, რომელთა მართვა სულელებსაც შეუძლიათ, რადგან, თუ აქციებს საკმარისად დიდხანს შეინარჩუნებთ, საბოლოოდ ამ კომპანიის ხელმძღვანელობა, მართლაც, მიიღებს ზოგიერთ სულელურ გადაწყვეტილებას.