ყოველ კვარტალში, პროფესიონალ საინვესტიციო მენეჯერებს, რომლებიც მინიმუმ $100 მილიონის მოცულობის აქტივებს ზედამხედველობენ, მოეთხოვებათ, რომ ფორმა 13F-ის საშუალებით ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას (SEC – Securities and Exchange Commission) თავიანთი ქონება გაუმჟღავნონ. ეს ფაილები ნამდვილი საგანძურია იდეებისა, რომლებმაც უკვე რამდენიმე მაღალი დონის ფილტრი გაიარა.
იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მრავალი აქციის ფასი შემცირებულია, საუკეთესო ინვესტორების მფლობელობების შესამოწმებლად სწორედ შესაფერისი დროა. ამ სტატიაში 3 აქციას განვიხილავთ.
პირველ კვარტალში Ruane, Cunniff & Goldfarb-მა Wayfair-ის მეტი აქცია შეიძინა
წამყვანი ონლაინ საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიის აქციების ფასი 86%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ამ მაჩვენებელმა 2021 წელს ყველა დროის მაქსიმუმს – $369-ს მიაღწია. Wayfair-ის ფართო არჩევანმა, ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში ჩადებულმა ინვესტიციებმა და მომწოდებლების მზარდმა ბაზამ ფენომენალური ზრდა გამოიწვია. 2015 წლიდან შემოსავალი $2.3 მილიარდიდან $13.7 მილიარდამდე გაიზარდა.
თუმცა, ეკონომიკის ხელახალი გახსნა კომპანიის გაყიდვებისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდა. ამ წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით შემოსავალი 13.9%-ით შემცირდა, რამაც უოლ სტრიტზე Wayfair-ის ზრდის პერსპექტივების მიმართ დიდი სკეპტიციზმი გამოიწვია. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი საინვესტიციო ფირმა აქციების ფასში ღირებულებას ხედავს.
1970 წლიდან Ruane, Cunniff & Goldfarb-მა Wayfair-მა Sequoia Fund 13.6%-ის ტოლ წლიურ ანაზღაურებამდე მიიყვანა, ამ პერიოდის განმავლობაში კი S&P 500-ის იგივე მაჩვენებელი 11.3%-ს შეადგენდა. ფირმამ Wayfair-ის აქციები პირველად 2019 წლის მესამე კვარტალში შეიძინა. 2020 წელს ფასის გაზრდამ გარკვეული მოცულობის გაყიდვები გამოიწვია, მაგრამ რადგან აქციების ფასი გასული წლის განმავლობაში დაეცა, Ruane, Cunniff & Goldfarb-მა კვლავ დაიწყო მათი შეძენა.
Wayfair-ის IPO-ს შემდეგ (2014 წელი), აქციები ახლა ბაზარზე ყველაზე დაბალი P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტით მიმოიქცევა.
შეუმჩნეველი რჩება ის ფაქტი, რომ Wayfair ტექნოლოგიური კომპანიაა. მას 3,000-ზე მეტი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, დიზაინერი, პროდუქტის მენეჯერი და მონაცემთა მეცნიერი ჰყავს, რომელიც ონლაინ შოპინგის ევოლუციის შემდეგ ეტაპს ქმნის. მენეჯმენტის მიერ 3D მოდელირებაში განხორციელებული ინვესტიციები, შეიძლება, ანაზღაურდეს მომავალში, როდესაც ადამიანები, Wayfair-ის ავეჯის ყიდვისას, სახლის ვირტუალურად დაპროექტებას შეძლებენ.
დევიდ ტეპერმა Amazon-ში თავისი წილი გაზარდა
Amazon-ის აქციების ფასი მაქსიმუმიდან 42%-ით შემცირდა, რადგან ინვესტორები კომპანიის ელექტრონული კომერციის გაყიდვების შემცირებით შეშფოთებულნი არიან. მაგრამ ეს ტეპერს არ ეხება, რადგან მან თავისი პოზიცია 21%-ით გაზარდა. Amazon-ში მისი ინვესტიციის მთლიანი ღირებულება ახლა $277 მილიონს შეადგენს.
ამაზონის ბოლო კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, ონლაინ გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით შემცირდა. ეს სეგმენტი პანდემიის დაწყებისას აყვავდა, როდესაც ადამიანები ფიზიკურ მაღაზიებში სიარულს ერიდებოდნენ, მაგრამ ახლა ტენდენცია იცვლება. თუმცა ამაზონის ელექტრონული კომერციის სერვისი არ არის ის, რაც ტეპერს იზიდავს. უფრო სავარაუდოა, რომ იგი ორიენტირებულია ამაზონის ვებ სერვისების (AWS) ბიზნესზე, რომელმაც ბოლო კვარტალში შემოსავალი 37%-ით გაზარდა და $6.5 მილიარდის ოდენობით საოპერაციო შემოსავალი გამოიმუშავა.
ასევე, შეიძლება, ტეპერის ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს Amazon-ის სარეკლამო ბიზნესი, რომელმაც, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, შემოსავალი 25%-ით გაზარდა და ეს მიმართულება ელექტრონულ კომერციაზე უფრო მომგებიანია.
კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორი ის არის, რომ ამაზონის აქციები ბაზარზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი P/E (ფასი/მოგება) და P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტებით მიმოიქცევა. გასაკვირი არ არის, რომ მილიარდერმა ინვესტორმა – დევიდ ტეპერმა თავისი წილი ამ კომპანიაში 21%-ით გაზარდა.
ადამიანს, რომელმაც 2008 წლის ბაზრის კრახი იწინასწარმეტყველა, Booking Holdings მოსწონს
მაიკლ ბერი ცნობილი გახდა, როგორც მაიკლ ლუისის ბესტსელერის (და შემდგომში უკვე ფილმის) – The Big Short-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ცოტა ხნის წინ ბერი სათაურებში Apple-ის აქციების წილის შემცირების გამო მოხვდა. იმავდროულად, თავისი აქტივების მართვის ფირმისთვის – Scion Asset Management – მან რამდენიმე ახალი პოზიცია გახსნა, მათ შორის არის Booking Holdings.
Booking Holdings-ში ინვესტირების წინაპირობა ახლა საკმაოდ აშკარაა. ეს კომპანია მოგზაურობასთან დაკავშირებულ ექვს ბიზნესს აწარმოებს: Booking.com, Priceline, Agoda, Rentalcars.com, Kayak და OpenTable, მოგზაურობის ინდუსტრია კი გამოკეთების გზაზეა.
2022 წლის პირველ კვარტალში იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ფაქტორები, თუმცა პროგრესი შესამჩნევია. მთლიანი მოგზაურობის ჯავშნები წელიწადში 129%-ით – $27.3 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავალმა 136%-ით – $2.7 მილიარდამდე მოიმატა. ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ 2019 წლის დონეებზე დაბლაა და წმინდა ზარალი გასული წლის $55 მილიონიდან $700 მილიონამდე გაიზარდა. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს თავისი ბიზნესის – კონკრეტულად სამოგზაურო გადახდების პლატფორმის განვითარებაში და მოგზაურობის აღორძინება, სავარაუდოდ, პანდემიით გამოწვეულ ზარალს აღმოფხვრის და კომპანიას მომგებიანობას დაუბრუნებს.
გასული 5 წლის განმავლობაში Booking Holdings-ის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა, ხოლო S&P 500-ის – 66%-ით. თუმცა ეს მდგომარეობა გამოწვეულია თითქმის მთლიანად პანდემიით, რომელმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა ძალიან დააზარალა. მანამდე Booking Holdings-ის აქციების წარმადობა ფართო ბაზარს სჯობნიდა.
ცნობილია, რომ ბერი ტრეიდერია და არა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი. შესაძლოა, ის მოკლევადიან პერიოდში მოგების მიღების მიზნით მოგზაურობის ინდუსტრიის მდგომარეობის სწრაფ გაუმჯობესებაზე ამყარებდეს იმედებს.