ახალი თვე დაიწყო და წელიწადის ამ დროს იმედი მარადიულად იბადება. აპრილი, წლების განმავლობაში, საფონდო ბირჟისთვის ერთ-ერთი საუკეთესო თვე იყო, მაგრამ, ბუნებრივია, ყოველთვის იარსებებს უნიკალური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ნებისმიერი კონკრეტული თვის შანსებზე, რომ ინვესტიციისგან დიდი სარგებელი მოგვიტანოს.
Walt Disney, Carnival და Celsius Holdings არის კომპანიები, რომლებიც კარგად არის ბაზარზე პოზიციონირებული იმისთვის, რომ ამ თვეში მათი აქციების ფასები გაიზარდოს. მოდით, მიზეზები უფრო დეტალურად განვიხილოთ.
Disney
Disney-ის აქციების ფასი ახლა 33%-ით დაბალია იმ მაქსიმუმზე, რომელსაც 13 თვის წინ მიაღწია.
როდესაც საქმე დისნეის ეხება, ბევრი დადებითი ფაქტორი არსებობს. ეს არის თეატრალური კონტენტის უდავო ლიდერი, რომელმაც 2019 წელს ქვეყნის ექვსივე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გამოუშვა. დისნეის ადგილობრივი თემატური პარკები გამოიმუშავებენ რეკორდულ შემოსავალს და საოპერაციო მოგებას, მიუხედავად ბოლო კვარტალში არსებული მოგზაურობის შეზღუდვებისა.
თუ არ გსურთ ადგილობრივ ან საერთაშორისო თემატურ პარკებში წასვლა, არა უშავს, დისნეი კვლავ ლიდერია საშინაო გართობაში ABC-ით, ESPN-სა და Hulu-ში წილების უმეტესობითა და Disney+-ის სტრიმინგის თითქმის 130 მილიონი გამომწერით. თუმცა წინაღობებიც არის. მაგალითად ის, რომ დისნეის აქციონერებს 2019 ბოლოდან დივიდენდები არ მიუღიათ. ამისთვის აღმასრულებელმა დირექტორმა – ბობ ჩაპეკმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ რჩება გართობის ბიზნესის დომინანტურ მოთამაშედ და მსოფლიოში, სადაც კონტენტი მეფეა, ეს არის სამეფო აქცია, რომლის ფასიც შემცირებული დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩება.
Carnival
საკრუიზო კომპანიების აქციებმა სიცოცხლის ნიშნები 2021 წლის დასაწყისში აჩვენა, მაგრამ ეს ნიშნები წლის ბოლოს ისევ გაქრა. აქციების ფასის თანმიმდევრული კლების შემდეგ, არის თუ არა 2022 წელი დრო, როდესაც Carnival საბოლოოდ სწორი მიმართულებით ცურვას იწყებს?
მსოფლიოს უმსხვილესი საკრუიზო ხაზის ოპერატორი ბევრ რამეს აკეთებს სწორად. ის თავის მასიურ ფლოტს მოქმედებაში აბრუნებს და საოპერაციო კლიმატიც მის მიმართ უფრო კეთილად არის განწყობილი. გასულ კვირას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) საკრუიზო მოგზაურობის საფრთხის შესახებ რისკის შეფასება შეამცირა, ასევე გააუქმა მოგზაურობის ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც მოგზაურებს, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, საკრუიზო არდადეგებისგან თავის შეკავებას ურჩევდა. მოგზაურობის შეკავებული მოთხოვნითა და მომავალი ჯავშნების გათვალისწინებით, უცნაურია, რომ Carnival-ის აქციების ფასი დაახლოებით იმ ნიშნულზეა, რომელზეც კალენდარული წლის დასაწყისში იყო.
Celsius Holdings
Celsius Holdings აწარმოებს ხილის არომატიზებულ ენერგეტიკულ გაზიან სასმელებს, რომლებიც ასევე კალორიებს წვავს. თავდაპირველად Celsius Holdings-ის პროდუქტი იყიდებოდა სპორტულ დარბაზებში, ფიტნეს ცენტრებსა და კვების მაღაზიებში, მაგრამ ახლა მათი შეძენა შეიძლება სუპერმარკეტების უმეტეს ქსელებში, მაღაზიებში და მასობრივი ბაზრის საცალო ვაჭრობის ობიექტებში.
Celsius-მა შემოსავალი 43%-დან (2019 წელი) 74%-მდე (2020 წელი) გაზარდა. გასულ წელს გაყიდვები წლიდან წლამდე 140%-ით გაიზარდა. წინა წელი, მეოთხე კვარტალში დაფიქსირებული განსაცვიფრებელი 192%-იანი ზრდით დასრულდა. თქვენ ვერ ნახავთ ბევრ სასმლის გამყიდველ კომპანიას, რომელიც ასეთი ტემპებით იზრდება. ამ ეტაპზე ზრდა ნამდვილად შენელდება, მაგრამ ბოლოდროინდელი მასიური გაყიდვები ამ კომპანიის აქციებს მიმზიდველს ხდის. ნოემბრის პიკის შემდეგ Celsius-ის აქციებმა ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა და 2022 წელს ისინი 20%-ით არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება და შეიძლება, ის აპრილში სწორი არჩევანი იყოს.