საკუთარ თავში ჩადებულ ინვესტიციას თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამასთან, ის უზრუნველგყოფთ როგორც მომავალი, ასევე მიმდინარე „ანაზღაურებით“.
ყველაზე საიმედო გზა უკეთესი ხარისხის ცხოვრების, წარმატების, პროდუქტიულობისა და კმაყოფილების მისაღწევად არის ფოკუსირება ინვესტირებაზე როგორც პიროვნული, ისე პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. ძალისხმევა, რომელსაც საკუთარ თავში ინვესტირებას ახმართ, დიდ როლს თამაშობს თქვენი ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში ახლა და მომავალში.
განავითარეთ საკუთარი უნარები
კვალიფიკაციის ამაღლება ყოველთვის უმაღლეს განათლებაში ინვესტირებას არ გულისხმობს — თუმცა ეს ერთ-ერთი ვარიანტია და, შესაძლოა, აუცილებელიც თქვენი კარიერული სფეროდან გამომდინარე. თქვენს ცოდნასა და უნარებში ინვესტირება მრავალი გზით არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, ცოდნისა და უნარების დონის გაფართოება არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნეს ასპარეზით და არ არის აუცილებელი ეს ფორმალური იყო. დღესდღეობით უამრავი რესურსი არსებობს ინტერნეტში ვიდეო ლექციების, პოდკასტების, სტატიების და სხვა მრავალი სახით. შეგიძლიათ ტექნოლოგიები ამ მიმართულებით გამოიყენოთ, ყოველდღიურად რაღაც ახალი ისწავლოთ, დახვეწოთ როგორც პიროვნული, ისე პროფესიული უნარები.
გამოიკვლიეთ საკუთარი შემოქმედებითი მხარე
უმეტეს ჩვენგანში არსებობს კრეატიულობის შადრევანი, რომელიც არასოდეს გამოგვიყენებია ან სრული პოტენციალით არ გამოგვივლენია.
ნებისმიერი ფორმის შემოქმედებითობა გვეხმარება, გავიზარდოთ პიროვნულად და პროფესიულად, დავინახოთ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები სხვადასხვა პერსპექტივიდან, გამოვიყენოთ ჩვენი გონების ნაწილები, რომლებიც, შესაძლოა, ადრე გამოუყენებელი იყო. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კრეატიულობას მრავალი სახე აქვს. ეს ბევრად უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე მხატვრობა ან მუსიკოსობა. შემოქმედებითობა ახალი გამოცდილებების მიღებასაც ეხება.
- შეისწავლეთ ახალი ენა.
- დაწერეთ რამე (მოთხრობა, ლექსი, ნებისმიერი რამ).
- გამოიკვლიეთ გარე სამყარო — სცადეთ მებაღეობა, ფრინველებზე დაკვირვება…
- შექმენით რაიმე ხელშესახები — დახატეთ, გამოძერწეთ, შექმენით სამკაულები ან საკუთარი ტანსაცმელი.
აირჩიეთ აქტივობის ისეთი ფორმა, რომელიც არასოდეს გიცდიათ, გინდოდათ გეცადათ ან ბოლომდე არ გამოგიკვლევიათ.
აღზარდეთ თქვენი გონება და სხეული
როგორც თქვენი გონების, ასევე სხეულის აღზრდა საშუალებას მოგცემთ გქონდეთ მეტი ენერგია, ცოდნა, იდეები, ძალა, ფიზიკური და გონებრივი გამძლეობა.
- იკითხეთ.
- გამოიკვლიეთ კულტურა — დაესწარით სპექტაკლებს, მოუსმინეთ სხვადასხვა სტილის მუსიკას.
- გახდით უფრო ღია ცოდნისადმი — ჩაერთეთ საუბრებში მათთან, ვინც არ გეთანხმებათ. გააანალიზეთ არგუმენტები და შეეცადეთ საპირისპირო თვალსაზრისი დაასაბუთოთ.
- გონებას აქტიური მდგომარეობა შეუნარჩუნეთ — ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, რომლებიც სტრატეგიებს მოითხოვს, გამოიყენეთ გონება სხვადასხვა გამოთვლის შესასრულებლად.
ამასთან ერთად იზრუნეთ საკუთარ სხეულზე, იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, რათა უფრო ენერგიული, ჯანმრთელი იყოთ და საკუთარი გონებრივი რესურსების გამოყენებაც უკეთ შეძლოთ.