რთულია პოლიტიკის იგნორირება, მაგრამ ინვესტორებისთვის, ბიზნესის ეფექტურობასა და პერსპექტივაზე ფოკუსირება საუკეთესო გზაა ბაზრის დასამარცხებლად, ადმინისტრაციისა თუ პოლიტიკის მიუხედავად. ეს იმ კომპანიებსაც კი ეხება, რომლებიც განახლებადი ენერგიის სფეროში მოღვაწეობს.
მთავრობების უმეტესობას ნახშირბადის ემისიის შემცირების გარკვეული პოლიტიკა გააჩნია. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ამ მიზნების მიღწევას ვაპირებთ, სწორედ ახლა არის სუფთა ენერგიაში ინვესტირების დრო. ეს ქმნის შესაძლებლობას ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიც არის First Solar, Siemens Gamesa Renewable Energy და NextEra Energy. ქვემოთ მოცემულია მიზეზები, თუ რატომ შეიძლება ამ კომპანიებმა წარმატებას მიაღწიოს.
- დედამიწა სულ უფრო ცხელდება
ეს ფაქტი უდავოა. Scientific American-ში გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, დედამიწა უფრო ცხელია, ვიდრე 125,000 წლის განმავლობაში იყო და პლანეტა ათობით მილიონი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპებით თბება.
ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანია, რომელიც მზის ძალას იყენებს არის First Solar. ეს არის კადმიუმის ტელურიდის გამოყენებით, თხელი ფირის მზის პანელების წამყვანი მწარმოებელი. ეს მასალა, სილიკონის უჯრედებთან შედარებით, პანელებს მნიშვნელოვნად თხელს ხდის. გარდა ამისა, ისინი უფრო ეფექტურია. კადმიუმის ტელურიდის მქონე პანელები, გლობალური მზის ენერგიის ბაზრის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ხოლო აშშ-ში – 40%-ს.
წლების განმავლობაში ჩინეთიდან იაფფასიან სილიკონზე დაფუძნებული იმპორტი, კომპანიის აქციების ფლობას იო-იოთი თამაშს ამსგავსებდა. 2014 წლიდან აქციებმა მცირე პროგრესი განიცადა, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ ზოგიერთ ჩინური იმპორტზე ტარიფები დააწესა, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციამ, იძულებითი შრომის მიზეზის გამო, სხვა სახის იმპორტი აკრძალა.
თებერვალში თეთრმა სახლმა გაახანგრძლივა ზოგიერთი ტარიფი, მაგრამ არა ყველა. First Solar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – მარკ ვიდმერმა ამ გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოთქვა. ანალიტიკოსები ელიან, რომ გაყიდვების არასტაბილურობა შენარჩუნდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, First Solar კვლავ კარგად არის პოზიციონირებული, როგორც ტექნოლოგიების ლიდერი. თუ აშშ ნახშირბადის შემცირების მიზნის შესრულებაში წარმატებული იქნება, სავარაუდოა, რომ First Solar-ში ინვესტირებაც გაამართლებს.
- ქვეყნებმა ნახშირბად-ნეიტრალურობის პირობა დადეს
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა განიხილეს დეტალები, უმეტესობამ აიღო ვალდებულება, რომ მომავალში, გარკვეულ ეტაპზე ნახშირბად-ნეიტრალური გახდება. სამწუხაროდ, მაშინაც კი, თუ 2020 წლისთვის მოქმედი ყველა ვალდებულება შესრულდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო მოხსენების თანახმად, პლანეტა, საუკუნის ბოლომდე მაინც 3.2 გრადუსი ცელსიუსით დათბება. შესაბამისად, მიზნების მისაღწევად საჭირო იქნება როგორც ვალდებულებების შესრულება, ასევე ინოვაცია.
ევროპული პარტნიორობა მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ გამოიყენოს ქარი მეტი ენერგიის გამოსამუშავებლად. Siemens Gamesa ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც გერმანულმა კონგლომერატმა შეიძინა წილი ქარის ტურბინების ფრთების მწარმოებელ ესპანურ ფირმაში. მათ ერთად მსოფლიოში უდიდესი ქარის ელექტროსადგურების მწარმოებელი შექმნეს.
საქმე შეუფერხებლად არ წარმართულა. მიწოდების ჯაჭვისა და სახმელეთო ტურბინის დიზაინთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კომპანია ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და აღმასრულებელი დირექტორის გადაყენება გამოიწვია.
პრობლემების მიუხედავად, არსებობს აღფრთოვანების მიზეზიც. გასული წლის ბოლოს კომპანიამ დანიაში მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და უდიდესი ტურბინა დაამონტაჟა. როტორის დიამეტრი 222 მეტრია, თითოეული 108 მეტრიანი ფრთა ერთ მთლიან ნაწილად არის ჩამოსხმული. კომპანია იმედოვნებს, რომ ეს პროდუქტი 2024 წლისთვის გახდება კომერციულად ხელმისაწვდომი. ინოვაციის ასეთ მასშტაბებს შეუძლია დიდი გზა გაიაროს მსოფლიო ენერგეტიკული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
- ელექტროენერგიის წარმოებაში კვლავ წიაღისეული საწვავი დომინირებს
ცვლილება ერთ ღამეში არ ხდება და ენერგიის ტრადიციული წყაროების, როგორიც არის ქვანახშირი და ბუნებრივი აირი, ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაში კვლავ დომინირებს. მაგრამ აშშ პროგრესს აღწევს.
საუკუნის დასაწყისიდან, შეერთებულ შტატებში თითქმის მთელი დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავება ქარისა და მზისგან მოდის. NextEra Energy-მ ამაში დიდი როლი ითამაშა.
2000 წელს კომპანიის მენეჯმენტმა ელექტროენერგიის წარმოების 15% მიაწერა ქარს და არც კი უხსენებია მზე, როგორც ენერგიის წყარო. 2020 წლისთვის მზისა და ქარის კომბინაცია 27%-მდე გაიზარდა. ამან განაპირობა ის, რომ NextEra Energy ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებაში მსოფლიო ლიდერი გახდა. მაშინ, როდესაც აშშ ცდილობს მაგალითი მისცეს მსოფლიოს, NextEra მაგალითს აძლევს აშშ-ს.
ტექნოლოგია გადარჩენისთვის
დროთა განმავლობაში, ადამიანები მუდამ იყენებდნენ ახალ ტექნოლოგიებს კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად. გაიხსენეთ: შიმშილი, გვალვა, დაავადებები. ახლა ჩვენ ვაწყდებით იმას, რასაც მეცნიერება ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. გაეროს ბოლო მოხსენებამ, რომელიც ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული, აჩვენა, თუ როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა პლანეტის ეკოსისტემაზე. დადგენილია, რომ დედამიწის ცოცხალი სახეობების 14% გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.
ეს არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ საზოგადოება საბოლოოდ გაერთიანდება სტრატეგიის ირგვლივ, რომელიც სულ უფრო მეტად ეყრდნობა ქარისა და მზის ენერგიას. როდესაც ეს მოხდება, ინდუსტრიის უკვე წამყვანი კომპანიები დიდ ჯილდოს მიიღებს.