Bear ბაზრები ინვესტირებისთვის რთული დროა. თუმცა, ამ გამოწვევებს უნიკალური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.
Bear Market-ის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ დივიდენდური შემოსავლიანობის პროცენტული მაჩვენებელი აქციების ფასების საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. აქედან გამომდინარე, აქციების ფასების შემცირებისას, შემოსავალზე ორიენტირებულ ინვესტორებს შეუძლიათ შემოსავლის განსაკუთრებით მომგებიანი ნაკადი მოიპოვონ. დღეს სამი დივიდენდური აქციის შესახებ ვისაუბრებთ.
Honeywell
მცირე ინვესტორებისთვის აქციების არჩევის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია მოძებნა ისტორიულად კარგი მმართველობით გამორჩეული კომპანიებისა, რომელთა აქციების ფასი რთულ პერიოდში შემცირდა. ინდუსტრიული გიგანტი – Honeywell, რომლის აქციების ფასი 2021 წლის შუა პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით დაეცა, სწორედ ამ აღწერას შეესაბამება. მისი ვარდნის დიდი ნაწილი 2022 წლის bear market-ის დროს დაფიქსირდა. თუმცა, ინვესტორებს, რომლებიც ახლა კომპანიის აქციებს ყიდულობენ, შეუძლიათ, მიიღონ დივიდენდი, რომელიც ამჟამინდელი ფასების გათვალისწინებით 2.1%-ს შეადგენს. უკვე ათწლეულზე მეტია, რაც კომპანია დივიდენდებს ყოველწლიურად ზრდის.
$120 მილიარდის ოდენობით საბაზრო კაპიტალი მქონე კომპანია თავის სექტორში ერთ-ერთი უდიდესი გლობალური მოთამაშეა. მისი ოთხი განყოფილება მოიცავს აერონავტიკას, სამშენებლო ტექნოლოგიებს, წარმადობის მასალებსა და ტექნოლოგიებს, ასევე, უსაფრთხოებასა და პროდუქტიულობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტებს. მიუხედავად ინფლაციისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა, თითოეულ ამ ბიზნეს ერთეულს პირველ კვარტალში ორნიშნა პროცენტული საოპერაციო მარჟა ჰქონდა. მთლიანობაში, ორგანული პროდუქტების გაყიდვები 1%-ით გაიზარდა, თუმცა, რომ არა კორონავირუსისგან დასაცავად გამოყენებული ნიღბების გაყიდვების შემცირება, ეს მაჩვენებელი 3%-ს მიაღწევდა. აქციების ფასი შემცირდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის კომპანია, რომელსაც გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ Honeywell-ს აქვს $28.5 მილიარდის მოცულობის რეზერვები, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტია. ეს არის პრობლემა, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, კომპანია ეკონომიკური ვარდნის დაძლევას მოახერხებს – თუ ეს მოხდება. ასე რომ, ყველაზე უარეს ეკონომიკურ სცენარშიც კი, Honeywell კარგად გამოიყურება. თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, ახლა ინდუსტრიის წამყვანი კომპანიის აქციების შეძენა კარგი გადაწყვეტილება იქნება.
Phillips 66
Phillips 66-ის აქციების ფასი, იმ პიკიდან, რომელიც კომპანიას ივნისის დასაწყისში დააფიქსირა, თითქმის 25%-ით დაეცა. ამან გამოიწვია ის, რომ კომპანიის დივიდენდურმა სარგებელმა 4.5%-ს გადააჭარბა. ეს საკმაოდ მიმზიდველი ანაზღაურებაა კომპანიისთვის, რომელიც წლების განმავლობაში პასიური შემოსავლის შესანიშნავი მწარმოებელი იყო.
Phillips 66-მა გასულ თვეში დივიდენდები 5%-ით გაზარდა, რაც ათი წლის წინ მისი ფორმირებიდან უკვე მეთერთმეტე ზრდაა. გადამამუშავებელმა კომპანიამ ამ დროის განმავლობაში ანაზღაურების 18%-იანი წლიური კომბინირებული ზრდა დააფიქსირა.
გადამუშავების მარჟა, ძლიერი მოთხოვნის წყალობით, იზრდება ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ბენზინი, თვითმფრინავის საწვავი და დიზელი. ეს Phillips 66-ს უზრუნველყოფს ზედმეტი ნაღდი ფულით, რომელსაც კომპანია ვალის დასაფარად იყენებს – Phillips 66-მა აპრილში $1.45 მილიარდი გადაიხადა და ამ წლის ბოლოს კიდევ უფრო მეტის გადახდას აპირებს. ამ ნაღდი ფულის საშუალებით კომპანია აქციების გამოსყიდვის პროგრამისა და განვითარებაში ინვესტირებას გეგმავს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოავლინა გეგმები სან-ფრანცისკოს გადამამუშავებელი ქარხნის განახლებად საწვავის ობიექტად გადაქცევის შესახებ და ხელი მოაწერა პარტნიორობას, რომელიც მის საწვავის სადგურებსა და სხვა სტრატეგიულ ადგილებში ელექტრო მანქანების დამტენი სადგურების განლაგებას გულისხმობს.
ეს ინვესტიციები მომდევნო წლებში კომპანიის ზრდას შეუწყობს ხელს. Phillips 66-ს საშუალება მიეცემა, რომ დივიდენდების გადახდის მხარდასაჭერად თავისუფალი ფულადი ნაკადების გამომუშავება გააგრძელოს. საფონდო ბირჟაზე ბოლოდროინდელმა მასიურმა გაყიდვებმა კომპანიის აქციების ფასის შემცირება გამოიწვია, ამიტომ, ამ პასიური შემოსავლის მწარმოებელში ინვესტირებისთვის ახლა შესანიშნავი დროა.
Energy Transfer
Energy Transfer-ის აქციებმა მხოლოდ ერთ თვეში ღირებულების თითქმის 14% დაკარგა, ამჟამინდელი ფასის პირობებში, კომპანიის დივიდენდური სარგებელი 7.7%-ს შეადგენს, რაც პასიურ შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის მიმზიდველ შესაძლებლობას ქმნის.
ამ კომპანიის შემთხვევაში სამი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველი: Energy Transfer-ის ანაზღაურება ფულადი სახსრების მზარდ ნაკადს წარმოშობს. მეორე: კომპანიის მრავალი პროექტი, რომელიც დივიდენდების სტაბილურ გადახდას უზრუნველყოფს, დამუშავების პროცესშია. მესამე: მენეჯმენტმა განაცხადა, რომ სურს კომპანიის კვარტალური დივიდენდური ანაზღაურება უმაღლეს დონეზე გაზარდოს – $0.305 თითო აქციაზე. Energy Transfer-მა ცოტა ხნის წინ დივიდენდური ანაზღაურება 30%-ით გაზარდა და 19 მაისს ინვესტორებს თითო აქციისთვის $0.20 გადაუხადა.
მაშინაც კი, თუ კომპანიის აქციის ფასი 25%-ით გაიზრდება, მისი სამიზნე კვარტალური დივიდენდი – $0.305 ან წლიური დივიდენდი – $1.22 თითქმის 9.8%-ის ტოლ შემოსავლიანობას გულისხმობს. მთავარი ის არის, რომ Energy Transfer-ის მაღალი დივიდენდური სარგებლის მიზეზი მხოლოდ აქციების ფასის ვარდნა არ არის. ამ ტიპის მაღალი შემოსავლიანობა, ხშირად, არამდგრადია. მაღალი სარგებელი, რომელიც ანაზღაურების ზრდას ემყარება, არის ის, რაც დივიდენდურ აქციას მიმზიდველად აქცევს.
ასევე, ღირს იმის გაგება, თუ რატომ არის კომპანიის მენეჯმენტი დარწმუნებული, რომ დივიდენდური ანაზღაურების გაზრდას შეძლებს. ენერგიის შენახვისა და ტრანსპორტირების ბიზნესი დიდწილად კონტრაქტებს ეფუძნება. მოსალოდნელია, რომ ამ წელს კორექტირებული მოგების თითქმის 90% საპროცენტო გადასახადებამდე, გადასახადებამდე, ცვეთამდე და ამორტიზაციამდე (EBITDA) საკომისიოზე იქნება დაფუძნებული. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს წელს ზრდის პროექტებზე $2.1 მილიარდის დახარჯვას და მუშაობს უფრო დიდ საკითხებზე, როგორიც არის თხევადი ბუნებრივი აირის საიმპორტო ტერმინალის აშენება ჩარლზის ტბაში (ლუიზიანა).
პერსპექტივები იმედისმომცემად გამოიყურება და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია უახლოეს მომავალში დივიდენდების გაზრდას გეგმავს, Energy Transfer-ში ინვესტირება პასიურ შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.