Rengenxbio, Corcept Therapeutics და Pacira BioSciences არის მცირე კაპიტალის მქონე (small-cap) ჯანდაცვის კომპანიები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია $3.5 მილიარდზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ამ სექტორის კომპანიების აქციების ფასები შემცირდა, ბოლო სამ თვეში ამ სამი კომპანიის აქციების ფასებმა ზრდა განიცადა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები ფართოდ ცნობილი არ არის, მათ ზრდის შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მათ სწორი გეზი აქვთ აღებული – გასულ წელს თითოეული მათგანის მოგება გაიზარდა.
როგორც წესი, მცირე კაპიტალის მქონე კომპანიებს პროდუქტების თვალსაზრისით საკმარისი დივერსიფიკაცია ან ბაზრის რეცესიის გადასატანად საჭირო ფულადი სახსრები არ გააჩნია, ამიტომ, შესაძლოა, ეს ინვესტიცია რისკიანი იყოს. ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი ზრდა მდგრადია. მოდით, ეს კომპანიები დეტალურად განვიხილოთ.
Regenxbio
ბოლო სამი თვის განმავლობაში Regenxbio-ის აქციების ფასი 17%-ით არის გაზრდილი.
ეს ბიოტექნოლოგიური კომპანია სპეციალიზებულია გენურ თერაპიაში. გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა $470.3 მილიონი შეადგინა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი $154.6 იყო. მოგებამ 2021 წელს $127.8 მილიონი შეადგინა (თითო აქციაზე – $2.91), 2020 წელს კი წმინდა ზარალი $111.3 მილიონი (თითო აქციაზე $2.98) იყო.
Regenxbio-ის 2021 წლის შემოსავლის უმეტესი ნაწილი მოვიდა AbbVie-სგან (ფარმაცევტული კვლევისა და განვითარების კომპანია) $370 მილიონის მოცულობის წინასწარი გადახდიდან, როგორც კომპანიის თანამშრომლობის შეთანხმების ნაწილი RGX-314-ის შემუშავებაში, ერთჯერადი გენური თერაპიისთვის, რომელიც განკუთვნილია სველი, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (wet AMD), დიაბეტური რეტინოპათიის სამკურნალოდ (DR) და სხვა რეტინოპათიული ქრონიკული დაავადებების საწინააღმდეგოდ.
Regenxbio ასევე იღებს პატენტის სარგებლობის უფლების გადასახადს Novartis-ისგან, Zolgesma-სთვის (გამოიყენება ზურგის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ორ წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ). 2021 წლის მეოთხე კვარტალში Novartis-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Zolgesma-ს გაყიდვები წელიწადში 35%-ით გაიზარდა. პატენტის სარგებლობის უფლებებიდან მიღებული შემოსავლის წყალობით, Regenxbio-ს, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით $849.3 მილიონის მოცულობის ნაღდი ფული ჰქონდა, რაც მენეჯმენტის თქმით, საკმარისია 2025 წლამდე კომპანიის ოპერაციების დასაფინანსებლად.
Corcept Therapeutics
Corcept Therapeutics-ის აქციების ფასი ბოლო 3 თვის განმავლობაში 32%-ზე მეტით არის გაზრდილი.
Corcept ფოკუსირებულია თერაპიაზე, რომელიც სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის მოდულაციას ახდენს, კიბოსა და მეტაბოლური ფსიქიატრიული დარღვევების მკურნალობის მიზნით. კომპანიას აქვს ერთი პრეპარატი – Korlym, რომელიც დამტკიცებულია სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ კუშინგის სინდრომის ან ჰიპერკორტიზოლიზმის მქონე პაციენტებში.
გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 3,4%-ით მოიმატა და $366 მილიონი შეადგინა, ხოლო მოგება 6%-ით – $112.5 მილიონამდე გაიზარდა. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ წელს $400-$430 მილიონის მოცულობის შემოსავლის გამომუშავება არის მოსალოდნელი. 2021 წლის მეოთხე კვარტალში Corcept-მა, 10 მილიონი აქციის გამოსყიდვაზე, $207.5 მილიონი დახარჯა. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ კომპანიას გააჩნია პრეპარატები, რომლებიც კვლევის გვიანდელ სტადიებზე იმყოფება. მათი დამტკიცების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, Corcept-ის პოტენციალი გაიზრდება.
Corcept-თან დაკავშირებული ერთ-ერთი ნეგატიური საკითხია შეერთებული შტატების პროკურატორის მიერ ნიუ-ჯერსის ოლქში მიმდინარე გამოძიება იმის შესახებ, დაარღვია თუ არა კომპანიამ კანონი Korlym-ის გაყიდვისა და პოპულარიზაციისას. როდესაც 2021 წელს Corcept-მა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, პროკურატურამ განაცხადა, რომ კომპანიას არა ბრალდებულად, არამედ გამოძიების ფარგლებში მონაწილე ორგანიზაციად თვლიდა.
Corcept-ის მენეჯმენტის ან აშშ-ის პროკურატურის მიერ, გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა არაფერია ნათქვამი. ამ საკითხს აქციონერები ყურადღებით აკვირდებიან და, სავარაუდოდ, აქციების მიმართ ინტერესის შემცირება საკითხის გადაჭრამდე გაგრძელდება.
Pacira Biosciences
Pacira Biosciences-ის აქციების ფასი ბოლო 3 თვის განმავლობაში 14%-ზე მეტით გაიზარდა. კომპანია სპეციალიზებულია არაოპიოიდური ტკივილის მართვისა და ჯანმრთელობის საკითხების გადაჭრაში საავადმყოფოებსა და ამბულატორიულ ქირურგიულ ცენტრებში, თავისი მულტივეზიკულარული ლიპოსომის (pMVL) წამლების მიწოდების ტექნოლოგიის გამოყენებით.
კომპანიას აქვს 3 პროდუქტი: ტკივილგამაყუჩებელი Exparel, რომელიც გამოიყენება, როგორც ოპერაციის შემდგომი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება; Zilretta – გამოიყენება ოსტეოართრიტის მუხლის ტკივილის სამკურნალოდ და Lovera-ს მანუალური კრიოთერაპიის სისტემა ოსტეოართრიტის ტკივილის შესამსუბუქებლად როგორც ოპერაციამდე, ასევე მის შემდეგ.
Exparel, რომელიც პირველად 2011 წელს დამტკიცდა, Pacira-ის მთავარ პროდუქტად რჩება. 2022 წლის პირველ კვარტალში პრეპარატის გაყიდვებმა რეკორდული $129.2 მილიონი მოიტანა, რაც წლიდან წლამდე 12%-იანი ზრდაა. Exparel-ის გაყიდვები, ასევე, კომპანიის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 80%-ს შეადგენდა. უფრო მეტიც, მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ Exparel-ისთვის კატეგორიების გაფართოებას აპირებს. გასულ წელს Pacira-ის შემოსავალი 26.3%-ით – $538.9 მილიონამდე გაიზარდა.
Pacira-ის მენეჯმენტი Zilretta-სა და Lovera-ს გაყიდვების ბუნებრივ ზრდასთან ერთად, Exparel-ის გაყიდვების დიდ, გამოუყენებელ პოტენციალს ხედავს.
პატარა კომპანიების დიდი მოგება
მცირე კაპიტალის აქციები, შესაძლოა, ზრდის დიდი პოტენციალის მქონე ფარული საგანძური იყოს. თითოეული ამ ჯანდაცვის კომპანიის მინუსი შემოსავლის წყაროს თვალსაზრისით მრავალფეროვნების ნაკლებობაა. Regenxbio-სა და Corcept-ს მხოლოდ ერთი დამტკიცებული თერაპია აქვს, ხოლო Pacira ზედმეტად არის თავის წამყვან თერაპიაზე დამოკიდებული.
თუმცა, Corcept-ის რამდენიმე პრეპარატი ცდების ბოლო ფაზებშია და მიუხედავად იმისა, რომ ამ 3 კომპანიას შორის მან შემოსავლების ყველაზე ნელი ზრდა დააფიქსირა, სავარაუდოა, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება, მაგრამ თვალი უნდა ვადევნოთ Korlym-თან დაკავშირებულ გამოძიებას. ასევე დიდი პოტენციალი აქვს Pacira-ს, მისი ბიზნესი, სავარაუდოდ, არჩევითი პროცედურების გაზრდით ისარგებლებს. მათი ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტებიდან გამომდინარე, რომლებიც, შესაბამისად, 18.39-სა და 18.25-ს აღწევს, როგორც ჩანს, აქციები დაინტერესებული ინვესტორებისთვის ხელსაყრელად არის შეფასებული.