ბოლოდოინდელი არეულობა საფონდო ბირჯაზე შეიძლება მზარდი პოტენციალის აქციებიდან დაიწყო, რომელთა ფასიც შემცირდა მას შემდეგ, რაც ინვესტორები საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინში გადავიდნენ. ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების ზრდას ამ წელს დაიწყებს. ბაზრის ამ კორექციის პირობებში, ზოგიერთი ისეთი სტაბილური კომპანიის აქციებიც გაიყიდა, რომლებიც სოლიდურ შემოსავალსა და ინვესტორებისთვის საიმედო დივიდენდებს უზრუნველყოფს.
არასასიამოვნოა, მაგრამ ასეთი არასტაბილური მდგომარეობა სრულიად ნორმალურია. ინვესტორებმა ეს დროებითი წარუმატებლობა უნდა განიხილონ, როგორც შესაძლებლობა თავიანთი პორტფელები დაბალ ფასად ხარისხიანი კომპანიების აქციებით შეავსონ. ექსპერტები გამოყოფენ სამ კომპანიას, რომლებიც ამ აღწერილობას შეესაბამება: Domino’s Pizza, Applied Materials და Albemarle.
Domino’s Pizza
Domino’s Pizza-ს აქცია შეიძლება არ იყოს პირველი, რომელსაც გულუხვი დივიდენდების გადამხდელთა კონტექსტში განიხილავთ. მისი დივიდენდური სარგებელი მხოლოდ 1.1%-ს შეადგენს. თუმცა ეს მაჩვენებელი არ გვიყვება სრულ ისტორიას.
2013 წლიდან Domino’s Pizza ანაზღაურებას ყოველწლიურად ზრდიდა, ამ პროცესში კი დივიდენდები ხუთგზის გაზარდა. სარგებელი შეიძლება განსაკუთრებულად შთამბეჭდავი არ იყოს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 750%-ით გაიზარდა. უბრალოდ რთულია ანაზღაურებამ ფეხი აუწყოს აქციების ფასის ამგვარ ზრდას.
ბოლო წლების განმავლობაში Domino-ს წარმატება დროის სვლასთან ერთად ცვლილების სურვილზე იყო დაფუძნებული. მომხმარებელთა მხრიდან საშინელი შეფასებებისა და შესუსტებული გაყიდვების ფონზე, კომპანიამ 2009 წელს გადაწყვიტა ყველაფერი შეეცვალა. ახალი მარკეტინგული გზავნილით, განახლებული რეცეპტებითა და თვითკრიტიკული მიდგომით Domino-ს ხელმძღვანელობამ ჩასაძირად განწირული გემის გასწორება შეძლო. ისეთი კონკურენტები, როგორებიც არის Yum! Brands’, Pizza Hut და Papa John’s ვერ უწევენ კონკურენციას Domino-ს, როდესაც საქმე გაყიდვების გრძელვადიან ზრდას ეხება.
ეს ჯერ კიდევ არ არის ისტორიის დასასრული. ბოლო დროს, Domino ორიენტირებულია ბაზრის იმ ცვლილებებზე, რომელსაც Covid-19-ის კრიზისი იწვევს. ონლაინ გაყიდვებმა შიდა ბაზარზე $6.6 მილიარდი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 36%-ით მეტია. Domino-ს ლოიალობის პროგრამაში 70 მილიონი წევრია და კომპანია ამუშავებს გაყიდვების წერტილების ახალ სისტემას, რომელიც მაღაზიის მენეჯერებს კონკრეტული შეკვეთებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, მონიტორინგსა და გაანალიზებაში ეხმარება. ონლაინ შეკვეთები, როგორც წესი, ტელეფონით განხორციელებულ შეკვეთებზე მეტია, ამიტომ ციფრული შეკვეთის გამოცდილებით მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდა დღესდღეობით მიწოდების ჯაჭვის მთავარი პრიორიტეტია.
ასე რომ, Domino აქციონერებს მოკრძალებულ დივიდენდურ სარგებელთან ერთად სტაბილურად მზარდ დივიდენდებს, ბაზარზე მომგებიან აქციებსა და ფართო თვალსაწიერის მქონე მენეჯმენტის გუნდს გვთავაზობს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივებზეა ორიენტირებული. ეს ყველაფერი ინვესტორებისთვის, მეოთხე კვარტლის არც ისე სახარბიელო ანგარიშის შემდეგ, ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი.
Applied Materials
აქციების 0.75%-იანი შემოსავლიანობა ნამდვილად არ არის განსაცვიფრებელი შედეგი, თუმცა სხვა მრავალი მაჩვენებელი არსებობს რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. აქციების გამოსყიდვა და ზრდის პერსპექტივები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ინვესტორებისთვის შეიძლება მიმზიდველი აღმოჩნდეს ნახევარგამტარული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების აქციები, რომელთა ფასიც ძალიან იკლებს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ნახევარგამტარების დეფიციტს განიცდის.
საბაზრო ფაქტორების გამო, Applied-ის აქციების ფასი, მის ბოლო მაჩვენებელთან შედარებით, 25%-ით დაეცა და ბაზარზე 17.5 P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტით მიმოიქცევა. შედარებისთვის, Nasdaq 100-ის P/E კოეფიციენტი 31-ის ტოლია. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა – გარი დიკერსონმა განაცხადა, რომ 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის პირველ კვარტლამდე პერიოდში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემოსავალი 43%-ით გაიზარდა. მისი თქმით, მოთხოვნა ძალიან ძლიერია და ზრდას აგრძელებს. გარდა ამისა, მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მისი მომსახურების ბიზნესი 14%-ით გაიზარდა. ამ შემოსავლების დაახლოებით სამი მეოთხედი კი მიმდინარე გამომწერებიდან მოდის.
კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ არ შეუნიშნავთ ორმაგი შეკვეთების ნიშნები, ამის შესახებ კითხვა მათ საკონფერენციო ზარის დროს დაუსვეს.
როგორც ჩანს, ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება Applied Materials შეაფერხოს არის მიწოდების შეზღუდვა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობა. მაგრამ ეს არის მაღალი კლასის პრობლემები.
არსებულ მერყევ საბაზრო გარემოში, დაბალშემოსავლიანი კომპანიების აქციებთან ერთად კარგად შეფასებული ტექნოლოგიური კომპანიების აქციებიც იყიდება დაბალ ფასად. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლონ.
Albemarle
იმის გათვალისწინებით, რომ Albemarle-ის წლიური დივიდენდური შემოსავალი მიმდინარე აქციების ფასის მხოლოდ 0.9%-ს შეადგენს, ინვესტორები მისი შემოსავლიანობით მოხიბლულნი არ უნდა იყვნენ. ეს კომპანია არის იშვიათი დივიდენდების არისტოკრატი, რომელიც სპეციალურ ქიმიკატებს აწარმოებს, განსაკუთრებით ლითიუმს – ელექტრო მანქანების ბატარეების ძირითად ინგრედიენტს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალი ახალი ელექტრომობილების მწარმოებელი გამოჩნდა. Tesla-ს დიდი წარმატების წყალობით, სხვა ძველი ავტომწარმოებლებიც თავიანთი წარმოების ხაზის ელექტრიფიკაციას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბატარეების სხვადასხვა ტექნოლოგიები არსებობს და ახლებიც დამუშავების პროცესშია, დღეს ელექტრომობილების უმეტესობა ლითიუმ-იონურ ბატარეებს იყენებს. ეს Albemarle-ისთვის ძალიან ხელსაყრელი შესაძლებლობაა.
Albemarle ჩილესა და ავსტრალიაში ლითიუმის მოპოვების რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს. კომპანიის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ 2022 წელს შემოსავალი და კორექტირებული EBITDA (შემოსავალი პროცენტების, ცვეთის და ამორტიზაციის დაქვითვამდე), საპროგნოზო დიაპაზონის შუა წერტილში, შესაბამისად 31%-ითა და 41%-ით გაიზრდება. ამ შეფასებისა და ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებლიდან 36%-იანი კლების ფონზე, კომპანიის აქციები ბაზარზე 30-ის ტოლი P/E კოეფიციენტით მიმოიქცევა.
ზოგიერთი პროგნოზის მიხედვით, ამ ათწლეულის ბოლოს ახალი ავტომობილების გაყიდვებიდან ელეტრომობილების წილი 40% იქნება. თუ ეს პროგნოზი სინამდვილესთან ახლოს იქნება, Albemarle-ს ლითიუმზე მოთხოვნის პრობლემა ნამდვილად არ ექნება. მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკის ცვლილებასთან ერთად ეს მდგომარეობა შეიცვლება, მაგრამ Albemarle ახალბედა არ არის ამ სფეროში.
თუ თქვენ გზას ეძებთ, რომ საავტომობილო ტექნოლოგიების მომავალზე დადოთ ფსონი, განიხილეთ Albemarle იმ კომპანიების სიაში, რომელშიც ინვესტირება ღირს.