გასულ კვირას, კვარტალური ანგარიშების სეზონის დაწყებასთან ერთად, აქციების ფასები შემცირდა. მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა დიდი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების პირველი განცხადებები შეისწავლეს, Dow Jones Industrial Average 1%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500 – 2%-ით.
კვარტალური ანგარიშების სეზონი გრძელდება და წინ ასობით საინტერესო მოხსენება გველის. მოდით უფრო ახლოს განვიხილოთ სამი მათგანი: Netflix, Procter & Gamble და Tesla.
- Netflix
2022 წელს Netflix-ის აქციები, სხვა ტექნოლოგიური გიგანტების აქციებთან ერთად შემცირდა. გარდა ამისა, სტრიმინგის ვიდეო სპეციალისტის დაცემის კონკრეტული მიზეზი არსებობს. 2021 წლის ბოლოს კომპანიის ზრდის ტემპი პანდემიამდელი დონის დაბლა დაეცა, რის გამოც ბევრ ინვესტორს აინტერესებს, ჩაბარდა თუ არა წარსულს კომპანიის საუკეთესო დღეები.
ხვალინდელი კვარტალური ანგარიში ამ საიდუმლოს ახალ შუქს მოჰფენს. მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ პირველ კვარტალში გამომწერების რაოდენობის ზრდა სუსტი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებული წევრების ჩართულობა ძლიერი რჩება, Netflix ბოლო დროს ვერ ახერხებს ახალი გამომწერების სათანადო რაოდენობის დამატებას და თუ რასთან არის ეს ფაქტი დაკავშირებული (მაგალითად, კონკურენცია, პანდემიის შესუსტებით გამოწვეული მოთხოვნის არასტაბილურობა) გაურკვეველია.
სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მაშინაც კი, თუ Netflix 2021 წელს დაფიქსირებული სუსტი მაჩვენებლიდან (18 მილიონი ახალი გამომწერი) აღდგენას ვერ შეძლებს (2020 წელს დაფიქსირებული 37 მილიონ ახალ გამომწერთან შედარებით) კომპანია, პოზიტიური ფულადი ნაკადების საშუალებით, სავარაუდოდ, მაინც გაზრდის მომგებიანობას.
- Procter & Gamble
ბოლო კვირების განმავლობაში ინვესტორები ორიენტირდნენ P&G-ის აქციებზე, როგორც ბაზრის არასტაბილურ პირობებში ინფლაციისადმი გამძლე ფასიან ქაღალდებზე. ოთხშაბათს (20 აპრილი) წარსადგენი ანგარიში განსაზღვრავს იყო თუ არა ეს ოპტიმიზმი გამართლებული.
სამომხმარებლო საქონლის ტიტანი, 2022 წლის დასაწყისში, თუ ბაზრის წილის დადებით ტრაექტორიას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, სტაბილური ზრდით სარგებლობდა. აქციონერები მოუთმენლად ელიან ფულადი ანაზღაურების ზრდას უფრო მაღალი დივიდენდური შემოსავლისა და აქციების გამოსყიდვის პროგრამის საშუალებით.
თუმცა ჩვენ არ ვიცით, შეუძლია თუ არა P&G-ს ფასების ზრდას გაყიდვების ექსპანსიისთვის საფრთხის შექმნის გარეშე გაუძლოს. ამ გამოწვევამ, შეიძლება, შეაფერხოს შემოსავლების ზრდა, რომელიც გასულ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდის 18%-თან შედარებით, 2%-მდე შენელდა.
მიუხედავად ამისა, P&G ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მიწოდების ქსელს ფლობს. ამ აქტივმა, კომპანიის ათეულობით პოპულარულ სახლის მოვლისა და პირადი მოვლის ბრენდებთან ერთად, მისი აქციებისთვის მყარი გრძელვადიანი ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს.
- Tesla
აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებულმა Tesla-ს განცხადებამ აჩვენა, რომ კომპანიამ მიწოდების მოცულობა წელიწადში 68%-ით გაზარდა. ინვესტორები კიდევ უფრო მაღალ ზრდას იმედოვნებდნენ, მაგრამ Tesla-ს აქციების ფასი, ოთხშაბათის (20 აპრილი) კვარტალურ ანგარიშამდე, სულ უფრო იზრდება.
ეს ოპტიმიზმი ამ კვირაში შემოწმდება, როდესაც აღმასრულებელი დირექტორი – ილონ მასკი და მისი გუნდი დეტალურად აღწერენ, თუ რამდენად კარგად უმკლავდება კომპანიის წარმოების მაჩვენებლები მიწოდების ჯაჭვის დეფიციტს, ხარჯების მატებას და კოვიდ-19-ით გამოწვეულ შეფერხებებს ჩინეთში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე. ჩვენ ასევე მივიღებთ განახლებებს საოპერაციო ფულადი ნაკადების, მოგების მარჟისა და კომპანიის ელექტრომობილების გაყიდვების შესახებ.