გასული არასტაბილური სავაჭრო კვირის ბოლოს აქციების ფასები უცვლელი დარჩა. Dow Jones Industrial Average და S&P 500 2022 წელს კვლავ 4%-ით არის შემცირებული, მას შემდეგ, რაც ისინი მარტის დასაწყისში 10%-ით დაეცა.
ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა, შეიძლება, მომდევნო კვირაში ბაზრის რყევებს ხელი შეუწყონ, მაგრამ რამდენიმე კომპანიისთვის დამატებითი არასტაბილურობის საფუძველს მოგების ანგარიშების წარდგენა შექმნის. მოდით, განვიხილოთ, რას უნდა მოელოდნენ ინვესტორები შემდეგი კომპანიებისგან: Constellation Brands, Levi Strauss და Simply Good Foods.
- Constellation Brands
ინვესტორებს Constellation Brands-ის ხუთშაბათის (7 აპრილი) განცხადებასთან დაკავშირებით დიდი კითხვები აქვთ. ალკოჰოლური სასმელების გიგანტი, რომელიც იმპორტირებულ ბრენდებს ფლობს, როგორიც არის Corona, 2021 წლის ბოლოს მოთხოვნის გამოწვევების წინაშე დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი ლუდის პროდუქტები გაიზარდა. უოლ სტრიტს ასევე მზარდი ხარჯები აშფოთებს. კომპანია მთელი ძალებით ცდილობს მზარდ ხარჯებს უფრო მაღალი ფასების დაწესების საშუალებით გაუძლოს.
აქციების ფასმა შეიძლება იმოძრაოს უშუალოდ მენეჯმენტის 2022 წლის პერსპექტივის ცვლილების საპასუხოდ, რომელიც ამჟამად ლუდის სეგმენტში გაყიდვების დაახლოებით 10%-ით ზრდას პროგნოზირებს, რადგან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების განყოფილება კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს სტაბილური ზრდისა და უფრო მაღალი მომგებიანობისკენ.
- Levi Strauss
ოთხშაბათს, 6 აპრილს, Levi Strauss პირველი ფისკალური კვარტლის მოგების ანგარიშს წარადგენს, აქციონერები კი რამდენიმე პოტენციურად ცუდი ამბისთვის ემზადებიან. ჯინსის ტანსაცმლის სპეციალისტმა ბოლო კვარტალურ განცხადებაში, რომელიც ნოემბრის ბოლომდე პერიოდს მოიცავს, სოლიდური ზრდა დააფიქსირა. თუმცა ეს შედეგები შეიძლება საოპერაციო საზომების შესუსტებამ დაარღვიოს.
მაგალითად, Levi Strauss-ს მოუწია ჩინეთის შევიწროებად ბაზართან შეჭიდება და მიწოდების ჯაჭვის გამოწვევებთან გამკლავება, რამაც აშშ-სა და ევროპაში ზრდაზე იმოქმედა. ეს გამოწვევები შეიძლება გამოვლინდეს გაყიდვების უფრო ნელი მატებით, ვიდრე 7%-იანი ორწლიანი ზრდაა, რომელიც კომპანიამ იანვრის ბოლოს დააანონსა. საოპერაციო შემოსავალიც შეიძლება 12%-იანი განაკვეთიდან შემცირდეს.
საინტერესოა, ელის თუ არა Levi’s 2022 წელს გაყიდვების 11%-დან 13%-მდე ზრდას. ამ პერსპექტივის ნებისმიერი ცვლილება აქციების ფასზე აისახება.
- Simply Good Foods
Simply Good Foods-ის აქციები 2022 წელს ბაზარს ჩამორჩებოდა, მაგრამ აქციონერები იმედოვნებენ, რომ ამ კვირის ანგარიში ასეთ ტენდენციას შეცვლის. ნოემბრის ბოლოს გაყიდვებისა და ბაზრის წილის ტენდენციები პოზიტიური იყო, მაგრამ მომგებიანობა მცირდება ზოგადი ინფლაციისა და მზარდი ხარჯების გამო ისეთ სფეროებში, როგორიც არის შრომა და ტრანსპორტი.
მენეჯმენტმა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ ეს ტენდენციები 2022 წელს ოდნავ შეამცირებს კორექტირებული მოგების ზღვარს, მაგრამ ამ კვირის ანგარიში, შესაძლოა, გაჟღერებული პროგნოზის შემცირებას შეიცავდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო კვირებში ინფლაციის ტენდენციები გაუარესდა.
მოგების მოკლევადიანი ვარდნა არ არის მიზეზი Simply Good Foods-ის აქციების მიტოვებისთვის, განსაკუთრებით, თუ კომპანია აგრძელებს ბაზრის წილის გაფართოებას. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ამ კომპანიის აქციების მფლობელებს წინ არასტაბილურობა მოელით.