ჯანდაცვის სექტორში ინვესტირება, შეიძლება, რთული იყოს. ბევრი კომპანია ახალია – ბაზარს საინტერესო ტექნოლოგიებსა და თერაპიებს ჰპირდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. შედეგად, აქციების დაბალი ფასის გამო, ზოგიერთი აქცია, შეიძლება, იაფად გამოიყურებოდეს.
არსებობს ჯანდაცვის კომპანიები, რომლებსაც ხარისხიანი ბიზნესი და დაბალფასიანი აქციები აქვს. ეს კომპანიები, რა თქმა უნდა, რისკისგან თავისუფალი საინვესტიციო შესაძლებლობები არ არის, მაგრამ მათ უკვე საკმარისი შედეგები გვაჩვენეს იმისთვის, რომ დღევანდელი ფასების პირობებში მათი აქციების შეძენა ღირდეს.
მოდით ჩავუღრმავდეთ ამ 2 კომპანიას, რათა გავიგოთ, თუ რატომ არის მათი აქციების შეძენა შესანიშნავი შესაძლებლობა.

Fulgent Genetics
Fulgent Genetics მომხმარებლებს სთავაზობს იაფ, კონფიგურირებად გენეტიკურ ტესტებს სწრაფი შემობრუნების დროით (ინტერვალი პროცესის წარდგენიდან დასრულებამდე), რაც ექიმებს პაციენტის სამკურნალოდ საჭირო ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. როდესაც პანდემია დაიწყო Fulgent-მა კოვიდ-19-ის ტესტების მიწოდებაზე ორიენტირება შეძლო, რამაც შემოსავლის წარმოუდგენელი ზრდა გამოიწვია. ამან კომპანიას რესურსების ბიზნესში რეინვესტირებისა და რამდენიმე ძირითადი შენაძენის გაკეთების უფლება მისცა.
2022 წლის პირველ კვარტალში Fulgent-ის შემოსავალმა $320 მილიონი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს 11%-იანი წლიური კლება იყო, ეს სიდიდე 2021 წლის პირველ კვარტალთან არის შედარებული, როდესაც შემოსავალი 4500%-ით გაიზარდა. წინა კვარტალთან შედარებით, პირველ კვარტალში შემოსავალმა 27%-ით მოიმატა და თანმიმდევრული ზრდის მიხედვით ეს ზედიზედ მეოთხე კვარტალი იყო.
Fulgent-ის მომავალი წარმატებისთვის უფრო მნიშვნელოვანია მისი ძირითადი შემოსავალი, კოვიდ-19-ის NGS ტესტის გამოკლებით. მარტივად რომ ვთქვათ, Fulgent-ის ბიზნესი მისი Net Generation Sequencing (NGS) გენეტიკური ტესტირების ირგვლივ არის აგებული და როგორც კი კოვიდ-19-თან დაკავშირებული შემოსავალი გაქრება, ეს ძირითადი ბიზნესი გახდება ის, რასაც ინვესტორებმა თვალი უნდა მიადევნონ. ეს მეტრიკა პირველ კვარტალში 59%-ით გაიზარდა, რაც აჩვენებს, რომ მიუხედავად Fulgent-ის შემოსავლის ხშირად პანდემიასთან დაკავშირებისა, ბიზნესი ამ შემოსავლის წყაროს მიღმაც ძლიერია.
Fulgent-მა გასული წლის განმავლობაში ასევე რამდენიმე ძირითადი შენაძენი და პარტნიორობა განახორციელა, რამაც გაზარდა კომპანიის ექსპოზიცია კიბოს დიაგნოსტიკურ სივრცეში და ჩინეთში მისი მოღვაწეობა გააფართოვა. ამ ნაბიჯების შემდეგაც კი კომპანიამ პირველი კვარტალი დაასრულა $1.1 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფულით, ფულადი სახსრების ეკვივალენტებით და ადვილად რეალიზებადი ფასიანი ქაღალდებით ბალანსზე.
ამ ძლიერი შედეგების მიუხედავად Fukgent-ის აქციები ბაზარზე მხოლოდ 1.85-ის ტოლი P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტით მიმოიქცევა. ეს კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და კონკურენტ Abbott Laboratories-ის P/S-ზე (4.59) საკმაოდ დაბალია. მისი დადებითი მხარეების გათვალისწინებით, Fulgent-ის აქცია ახლა ძალიან ხელსაყრელად გამოიყურება.
Outset Medical
კიდევ ერთი საინტერესო კომპანია ამ სივრცეში არის Outset Medical. Outset ყიდის დიალიზის კლინიკას ბორბლებზე (როგორც ამას თავად კომპანია უწოდებს), რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, რომ მკურნალობა ნაკლებად ძვირადღირებულ გარემოში, მათ შორის საკუთარ სახლებში დაასრულონ. Outset თავისი შემოსავლის უმეტეს ნაწილს ამ Tablo აპარატების გაყიდვებით გამოიმუშავებს.
2022 წლის პირველ კვარტალში Outset-მა შემოსავალი წლიდან წლამდე 33%-ით, ხოლო თანმიმდევრულად 8.5%-ით გაზარდა. Fulgent-ის მსგავსად, ამ კვარტლის ზრდა ერთი წლის წინ დაფიქსირებულ შემოსავლების ძლიერ ზრდას დაემატა, რაც ამ შედეგებს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. Outset-მა ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მთლიანი მოგების მიმართულებით. ეს მაჩვენებელი 14.5%-მდე გაიზარდა, 2021 წლის პირველი კვარტლის 1.3%-თან შედარებით.
სამწუხაროდ მთლიანი მოგების ეს ზრდა წმინდა მოგებაზე არ აისახა, რადგან საოპერაციო ხარჯები წელიწადში 36%-ით გაიზარდა და შემოსავლების ზრდას ოდნავ გადააჭარბა. ამან $36 მილიონის მოცულობის წმინდა ზარალი გამოიწვია, 2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ $30 მილიონიან ზარალთან შედარებით.
ბოლო შემოსავლების ანგარიშიდან დადებითი ნიშანი 2022 წლის პროგნოზები იყო. კომპანია ახლა შემოსავლების 40%-46%-იან ზრდას ელოდება.
კომპანია თვლის, რომ მისი Tablo მოწყობილობის მთლიანი ხელმისაწვდომი ბაზარი ჯანდაცვის გარემოში $2.5 მილიარდს, ხოლო სახლის პირობებში $8.9 მილიარდს შეადგენს. ეს კი გვიჩვენებს, რომ კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს თავისი 2021 წლის $103 მილიონის ტოლი შემოსავლის გასაზრდელად.
Outset-ის P/S კოეფიციენტი ამჟამად 10.85-ს შეადგენს, რაც ყველა დროის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დიდი საბაზრო შესაძლებლობები და წარმატების გამოცდილება ამ კომპანიაში ინვესტირებას მიმზიდველ შესაძლებლობად აქცევს. თუ Outset მთლიანი ხელმისაწვდომი ბაზრის თუნდაც მცირედის ათვისებას შეძლებს, კომპანია ინვესტორებს დიდ სარგებელს მოუტანს.