ბოლო ორი დღის განმავლობაში ამაღელვებელი ამბები გავრცელდა – ილონ მასკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აპირებს Twitter-ის შესყიდვის ხელშეკრულებაზე უარი თქვას. მასკის ადვოკატები აცხადებენ, რომ კომპანიამ უარი თქვა მათთვის ყალბი ანგარიშების რაოდენობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ Twitter-მა სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია.
მთავარი ბრალდება ის არის, რომ მონეტიზაციად ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებლებში (mDAU) ყალბი ანგარიშების წილი არსებითად აღემატება 5%-იან ნიშნულს, რომელსაც ტვიტერი თავის ფინანსურ დოკუმენტებში წარმოაჩენს. მასკის გუნდის განცხადებისთანავე, ტვიტერის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ – ბრეტ ტეილორმა დაწერა, რომ კომპანია გეგმავს მასკს გარიგების შეთანხმებულ ფასად დახურვა სასამართლოს საშუალებით კანონიერად აიძულოს.
ამ სტატიაში მოცემულია ორი მიზეზი, რის გამოც ილონ მასკი ლეგალურად იძულებული გახდება Twitter-ის გარიგება დახუროს და მიზეზი, თუ რატომ შეიძლება მასკი უვნებლად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.
- ყალბი ანგარიშები ლეგიტიმური საბაბი არ არის
მასკის ადვოკატების მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, მთავარი საჩივარი ის არის, რომ ტვიტერის ყალბი ანგარიშების პრობლემა გაცილებით უარესია, ვიდრე კომპანია აცხადებს. თუ სიმართლეა, ეს აშკარად დიდი პრობლემა იქნება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ტვიტერის მთავარი ბიზნესი ამ მომხმარებლებზე რეკლამის გაყიდვაა. რეკლამის განმთავსებლები უკმაყოფილონი იქნებიან, თუ აღმოჩნდება, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი ყალბია.
მიუხედავად ამ შეშფოთებისა, არ ჩანს, რომ ეს ბრალდება მასკს შერწყმის შეთანხმების გაწყვეტის საშუალებას მისცემს. ერთის მხრივ, მასკმა აშკარად იცოდა ყალბი ანგარიშების პრობლემის შესახებ მანა, სანამ Twitter-ს შეთავაზებას გაუკეთებდა – ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას კომპანიის შეძენა სურდა. მის ტვიტებს ადამიანები ხშირად პასუხობდნენ ყალბი ანგარიშებით, რომელთა საშუალებითაც კრიპტოვალუტის თაღლითობით ხალხის მოტყუებას ცდილობდნენ, ასე რომ, ის ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებული იყო.
გარდა ამისა, ეს არის ინფორმაცია, რომელშიც პოტენციური მყიდველი გარიგების ხელმოწერამდე უნდა გაერკვეს. დელავერის სასამართლო (სადაც სამართლებრივი ბრძოლაა დაგეგმილი), სავარაუდოდ, კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ არ დამტკიცდება, რომ ტვიტერის აქტიური ანგარიშების ძალიან დიდი ნაწილი ყალბია.
- ისტორიული სამართლებრივი პრეცედენტი
არსებობს წარსულში წარმართული სასამართლო პროცესები, რომლებიც გარკვეულ ორიენტირს გვაძლევს იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს დელავერის სასამართლომ. 2000 წელს Tyson Foods დათანხმდა, რომ საკვების სხვა მწარმოებელი კომპანია – IBP Corporation შეესყიდა. როდესაც 2001 და 2002 წლებში ბაზარმა და ეკონომიკამ ვარდნა დაიწყო, Tyson გარიგებიდან გამოსვლას ცდილობდა, რადგან კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ IBP-ის ბიზნესის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიიღეს. ნაცნობად ჟღერს არა?
სასამართლო Tyson-ისგან გარიგების პირობების შესრულებას მოითხოვდა. ამის გათვალისწინებით, მასკს მოუწევს წარმოუდგენლად დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რათა დელავერის სასამართლო თავის სიმართლეში დაარწმუნოს.
რატომ შეიძლება მასკმა მაინც გაიმარჯვოს?
არ იფიქროთ, რომ უკვე ყველაფერი Twitter-ის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. ეს სამართლებრივი ბრძოლაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არსებობს მიზეზი, რის გამოც Twitter-ის აქციების ფასი ამჟამად $35-ზე ნაკლებია, როდესაც მასკის მიერ შეთავაზებული შესყიდვა თითო აქციისთვის $54.20-ს ითვალისწინებდა. მასკის გუნდს შეეძლო ეპოვა მტკიცებულება იმისა, რომ Twitter წლების განმავლობაში ყალბი ანგარიშების პრობლემების შესახებ ინვესტორებს ატყუებდა. რამდენად სავარაუდოა ეს? ვერავინ იტყვის, თუმცა არაფერია გამორიცხული.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოემზადეთ, ეს საქმე, შესაძლოა, ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იურიდიულ ბრძოლად იქცეს.