Fortune ყოველწლიურად 100 ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სიას აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება შემოსავალს, მოგებას და აქციების ანაზღაურებას. სია შემოიფარგლება შიდა და საერთაშორისო ბიზნესებით, რომელთა აქციები აშშ-ის ძირითად ბირჟებზე მიმოიქცევა. 2021 წლის ანგარიშში Etsy-მ და The Trade Desk-მა, შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავა, მაგრამ ამ კომპანიებს ტოპ 2 ტექნოლოგიური კომპანიის ტიტული მიენიჭა.
ეს აღიარება, რა თქმა უნდა, პრესტიჟულია, მაგრამ ღირს ამ ორი კომპანიის აქციების შეძენა? მოდით, ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ.
- Etsy
Etsy-ს ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში გამოკვეთილი ნიშა გააჩნია. მისი ონლაინ ბაზარი უნიკალურ და კრეატიულ საქონელზე არის სპეციალიზებული. პლატფორმაზე ბევრი ელემენტი შეიძლება იყოს პერსონალიზებული ან მყიდველზე მორგებული. სწორედ ეს დაეხმარა Etsy-ის, ტრაფიკის თვალსაზრისით, მსოფლიოში მეექვსე ყველაზე პოპულარული ონლაინ ბაზარი გამხდარიყო.
Etsy-ს წარმატების საიდუმლო არის მისი ეკოსისტემა, რომელიც 5.3 მილიონი აქტიური გამყიდველისგან შედგება. ეს მრავალფეროვნება მის ბაზარს მოდური პროდუქტებით ავსებს, სახლის ავეჯით დაწყებული, კოსმეტიკური საშუალებებით დამთავრებული. კომპანიის პლატფორმას ასევე 90 მილიონი აქტიური მყიდველი გააჩნია. რეალურად, Etsy-მ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, აქტიური მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა გააორმაგა, რაც ბიზნესის მამოძრავებელი ქსელის მძლავრ ეფექტს უსვამს ხაზს.
ფინანსურად, Etsy-მ, მთელი პანდემიის განმავლობაში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ზრდა შენელდა, კომპანია მაინც სწრაფად იზრდება. შემოსავალი 35%-ით – $2.3 მილიარდამდე გაიზარდა და თითო განზავებულ აქციაზე მოგებამ (წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირება) 30%-ით – $3.41-მდე მოიმატა.
ამჟამად მენეჯმენტი კომპანიის ძირითად საბაზრო შესაძლებლობებს $466 მილიარდად აფასებს, მაგრამ ეს მაჩვენებელი არ მოიცავს გასულ წელს განხორციელებული ორი ძირითადი შენაძენის გავლენას. Etsy-მ ტანსაცმლის სივრცეში თავისი პოზიციები მოდის გადაყიდვის პლატფორმის – Depop-ის შეძენით გააძლიერა და ლათინურ ამერიკაში Elo7-ის (ბრაზილიური ბაზარი, რომელიც შეკვეთით საქონლის წარმოებაში არის სპეციალიზებული) შესყიდვის საშუალებით გაფართოვდა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში Etsy-ის აქციების ფასი 77%-ით გაიზარდა და S&P 500-ის 51%-იან ანაზღაურებას გადააჭარბა. კომპანიის დიფერენცირებული ბიზნეს მოდელისა და დიდი საბაზრო შესაძლებლობების წყალობით, სავარაუდოდ, Etsy მომავალ წლებშიც წარმატებული იქნება.
- The Trade Desk
The Trade Desk სპეციალიზებულია ციფრულ რეკლამირებაზე. მისი მოთხოვნის მხარის პლატფორმა (DSP) ეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტს (AI), რათა რეკლამის მყიდველებს მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული კომპანიების შექმნაში, გაზომვასა და ოპტიმიზაციაში დაეხმაროს.
მიუხედავად მკაცრი კონკურენციისა, The Trade Desk ორი ძირითადი გზით გამოირჩევა. პირველი, ის მუშაობს მხოლოდ რეკლამის მყიდველებთან. ეს გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს ისეთ კონკურენტებთან, როგორიც არის Alphabet – კომპანია, რომელიც ერთდროულად ემსახურება რეკლამის მყიდველებსა და გამყიდველებს, ასევე თავის სარეკლამო ინვენტარს Google Search-ისა და Youtube-ის საშუალებით ყიდის. გარდა ამისა, The Trade Desk-ის პლატფორმა აგებულია შეთავაზების ფაქტორზე დაფუძნებულ არქიტექტურაზე, რომელიც რეკლამის განმთავსებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ უფრო ექსპრესიული მიზნობრივი პარამეტრები, ვიდრე ხაზის ერთეულზე დაფუძნებული არქიტექტურა, რომელსაც ყველა სხვა ყიდვის მხარის პლატფორმა იყენებს.
ამ კონკურენტული უპირატესობის საშუალებით, The Trade Desk, სარეკლამო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, უმსხვილესი დამოუკიდებელი DSP გახდა და ამ მასშტაბის წყალობით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, კომპანიას მომხმარებლების შენარჩუნების მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს. გასაკვირი არ არის, რომ კომპანია სწრაფად იზრდება. 2021 წელს შემოსავალი 43%-ით – $1.2 მილიარდამდე გაიზარდა, წინა წლის ზრდა კი 26%-ს შეადგენდა.
The Trade Desk, მომავალში ამ იმპულსის შესანარჩუნებლად, ბაზარზე კარგად არის პოზიციონირებული. eMarketer-ის მიხედვით, სავარაუდოდ, ციფრული რეკლამის ხარჯები 2022 წელს $571 მილიარდს მიაღწევს და მენეჯმენტი ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე მუშაობს. მაგალითად, The Trade Desk-მა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა OpenPath, ინსტრუმენტი, რომელიც გამომცემლებს, მის DSP-სთან პირდაპირ ინტეგრირების საშუალებას აძლევს, ისეთი მიწოდების მხარის პლატფორმის გავლის გარეშე, როგორიც არის Google Ad Manager. სხვაგვარად რომ ვთქვათ, OpenPath, არასაჭირო შუამავლების აღმოფხვრის გზით, სარეკლამო ტრანზაქციებს უფრო ეფექტურს გახდის.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, The Trade Desk-ის აქციების ფასი 217%-ით გაიზარდა. კომპანიის ძლიერი კონკურენტული უპირატესობისა და ბაზრის უზარმაზარი შესაძლებლობების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ამ კომპანიის აქციების ფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.