ეძებთ ფასდაკლებულ აქციებს, რომლებსაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენთვის დიდი ანაზღაურების მოტანა შეუძლია? დღეს შემოგთავაზებთ ორ აქციას, რომლის ყიდვაც სექტემბერში ღირს.
- PayPal Holdings
PayPal არის საუკეთესო ფინტექ კომპანია, რომელსაც ყოველდღე მილიონობით ადამიანი იყენებს. დაწყებული მისი ძირითადი PayPal სერვისით ონლაინ გადახდებისთვის, დამთავრებული Venmo-თი – მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ფულის გადარიცხვისთვის, ან Honey-თი ონლაინ შოპინგის დროს გარიგებების საპოვნელად.
თავის ბოლო კვარტალში, PayPal-მა გადააჭარბა მოლოდინებს როგორც შემოსავლის, ასევე მოგების თვალსაზრისით. 30 ივნისს დასრულებული პერიოდისთვის გაყიდვებმა $6.8 მილიარდი შეადგინა, რაც წელიწადში 9%-იანი ზრდაა.
ბოლო დროს ბევრი ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციების ფასები შემცირდა და PayPal-ის წარმადობა, მიუხედავად არასაკმარისობისა, შეშფოთების მიზეზი სულაც არ არის. კომპანიას ჯერ კიდევ აქვს 429 მილიონი აქტიური ანგარიში და მენეჯმენტი ეფექტურობაზე მუშაობს – 2022 წელს ხარჯების $900 მილიონით შემცირებას გეგმავს. ფონდების მმართველმა ფირმამ – Elliott Manegement-მა ფინტექის კომპანიის აქციების მიმართ ნდობა გამოავლინა და $2 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.
წელს ფეიფალის აქციების ფასი განახევრდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესი, სავარაუდოდ, აღდგება. მზარდი ინფლაცია ეკონომიკას აზიანებს და შედეგად, მომხმარებლები ხარჯებს ამცირებენ. ეს მუდმივი პრობლემები არ არის და როგორც კი ისინი ჩაცხრება, ფეიფალი ეკონომიკური აღდგენით სარგებლობას შეძლებს. მანამდე კი კომპანიის აქციების ყიდვა შეიძლება ინვესტორებისთვის მომგებიანი ნაბიჯი იყოს.
- Meta Platforms
კიდევ ერთი აქცია, რომელმაც წელს თავისი ღირებულების ნახევარი დაკარგა არის Meta Platforms – ადრე ცნობილი, როგორც Facebook.
მეორე კვარტალში კომპანიას სახარბიელო მაჩვენებლები (მისი სტანდარტებით) არ ჰქონია, რადგან მაჩვენებლები გაყიდვებისა და მოგების პროგნოზებს ჩამორჩა. $6.7 მილიარდის მოცულობის წმინდა შემოსავალი 30 ივნისს დასრულებული პერიოდისთვის $3.7 მილიარდით შემცირდა წინა წლის პერიოდთან შედარებით, ძირითადად იმის გამო, რომ კომპანიამ კვლევასა და განვითარებაზე მეტი დახარჯა. ერთი წლის განმავლობაში გაყიდვები $29.1 მილიარდიდან $28.8 მილიარდამდე შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის ნაკლებობამ აქციები დააზარალა, Meta Platforms ასევე აწყდება წინაღობებს შენელებული ეკონომიკის გამო. რადგან კომპანიები სოციალური მედიის პლატფორმებზე რეკლამის განსათავსებლად ნაკლებს ხარჯავს. მაგრამ კომპანიას მაინც უზარმაზარი ღირებულება გააჩნია. Meta იტყობინება, რომ ამ პერიოდისთვის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 2.93 მილიარდი შეადგინა – და ეს მხოლოდ Facebook-სა და Messenger-ში. მას შემდეგ, რაც კომპანიის სოციალური მედიის სხვა პლატფორმებს გაითვალისწინებთ, ეს რიცხვი 3.65 მილიარდს მიაღწევს.
მოკლევადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს დიდი სურათი აკლიათ. Facebook უაღრესად მომგებიანი ბიზნესია, რომელსაც მსოფლიოში ინტერნეტზე წვდომის მქონე ადამიანების სამ მეოთხედზე მეტი რეგულარულად იყენებს. როგორც კი სარეკლამო ხარჯები აღდგება, რაც სავარაუდოდ ეკონომიკის გაძლიერებასთან ერთად მოხდება, ბიზნესი უფრო მაღალი შედეგების დაფიქსირებას დაუბრუნდება.
თუ გავითვალისწინებთ P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტს, რომელიც 14-ზე ნაკლებია (S&P 500-ის საშუალო P/E 23-ს შეადგენს) ინვესტორებს ახლა კარგი შანსი აქვთ Meta-ს აქციების შესაძენად.