Shopify-ის წლების განმავლობაში დიდი ზრდის ისტორია ჰქონდა. 2018 წელს $1.1 მილიარდზე ნაკლები შემოსავლიდან ტექნოლოგიურმა კომპანიამ ეს მაჩვენებელი ოთხჯერ გაზარდა და გასულ წელს $4.6 მილიარდს მიაღწია. თუმცა, ინვესტორები ახლა ყურადღებას ამახვილებენ მის შენელებულ ზრდის ტემპსა და კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. Shopify-ის აქციების ფასი წელს 70%-ით შემცირდა და ამ ვარდნას დასასრული არ უჩანს.
არსებობს ორი განსაკუთრებული შეცდომა, რომელიც კომპანიამ ბოლო წლებში დაუშვა. სწორედ ეს შეცდომები იწვევს ბოლო დროს ინვესტორების ღელვას.
Shopify ზედმეტად იყო ორიენტირებული ზრდაზე და ხარჯებს უგულებელყოფდა
Shopify-ის წარმატებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა აქვს, რომელიც ნებისმიერ მსურველს უადვილებს დაიწყოს მისი ვებგვერდის საშუალებით ვაჭრობა. 2019 წელს კომპანიამ დააარსა Shopify Studios, რომელიც კინოსა და ტელევიზიის პროდუქციაზეა ორიენტირებული.
2020 წელს მან გამოავლინა $1 მილიარდის დახარჯვის გეგმები აშშ-ს მასშტაბით სადისტრიბუციო ქსელის ასაშენებლად, რაც კომპანიას ონლაინ საცალო ვაჭრობის გიგანტ – Amazon-თან წინააღმდეგობის კურსში აყენებს. ეს სარისკო და ძვირადღირებული ნაბიჯია. გასულ თვეს Shopify-მ გააგრძელა ეს სტრატეგია $2.1 მილიარდად ტექნოლოგიური კომპანიის – Deliverr-ის შეძენის საშუალებით, რადგან ის მიზნად ისახავს, რომ Shopify-ის სავაჭრო ობიექტები ადვილად გამოსაყენებელი ლოჯისტიკური პლატფორმით უზრუნველყოს.
ამაში პრობლემა ის არის, რომ Shopify, ალბათ, ამ გაფართოების მცდელობებთან დაკავშირებით, ცოტა უფრო კონსერვატიული უნდა ყოფილიყო, რადგან მისი ოპერაციები თანმიმდევრულად მომგებიანი არ არის და მარჟები ზოგადად მცირეა.
ზრდაზე ზედმეტად ფოკუსირებამ იმ დროს, როდესაც კომპანიას მომგებიანობასთან პრობლემები აქვს, შესაძლოა პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავოს. ივლისში მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ თანამშრომლების 10%-ს გაათავისუფლებს. თუმცა, შესაძლოა, კომპანიის მარჟის გასაუმჯობესებლად, საჭირო გახდეს ხარჯების უფრო მკვეთრად შემცირება.
კომპანია ზედმეტად ოპტიმისტურად იყო მომავლის მიმართ განწყობილი
აღმასრულებელმა დირექტორმა – ტობი ლუტკემ აღიარა, რომ პანდემიიდან გამომდინარე არსებული ტენდენციების მუდმივად გაგრძელებაზე დაყრდნობა შეცდომა იყო. ასეთი ოპტიმისტური პროგნოზების გამო კომპანიამ საკუთარ თავს უფლება მისცა დაექირავებინა მეტი პერსონალი და გაეწია მეტი ხარჯები.
ეს უხეში გამოფხიზლებაა მენეჯმენტისთვის, რომელიც ფიქრობდა, რომ უწყვეტი ხარჯვისგან თავის დაღწევა შეეძლო. როდესაც ზრდა შენელდა (მეორე კვარტალში შემოსავალი მხოლოდ 16%-ით გაიზარდა), ყველაფერი გაუარესდა.
სამომავლო პროგნოზებსა და დაგეგმვაში გარკვეული კონსერვატიზმის დამატებამ შეიძლება Shopify-ის მომავალში დიდი პრობლემები აარიდოს.
ღირს ახლა Shopify-ში ინვესტირება?
Shopify-ის აქციების ფასი 2019 წლის დონეებთან არის ახლოს. ეს ჯერ კიდევ არ არის იაფი აქცია, მისი P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი 10-ს შეადგენს. ის უფრო ძვირია ვიდრე Etsy (P/S = 7) და ბევრად აღემატება Amazon-ს, eBay-სა და Wix-ს (თითოეულის P/S დაახლოებით 3-ს აღწევს).
Shopify-ის აქვს უნარი, რომ ამ მდგომარეობიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს, თუ ის თავის შეცდომებზე ისწავლის. თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, Shopify-ის აქციების ყიდვა ახლა შეიძლება კარგი ნაბიჯი იყოს.