როდესაც პასიური შემოსავლის მომტან ინვესტიციებს ეძებთ, დივიდენდური აქციები სიის პირველ ადგილს იკავებს. რა თქმა უნდა, გაქირავებული ქონების ფლობა მოიჯარეებისგან სტაბილური ფულადი ნაკადით უზრუნველგყოფთ, მაგრამ ეს მოითხოვს წლიურ ძალისხმევას, მათ შორის სარემონტო და ადმინისტრაციულ სამუშაოებს.
მეორეს მხრივ, შეგიძლიათ შეარჩიოთ დივიდენდური აქცია და სტაბილურად მზარდი წლიური ანაზღაურება ათწლეულების განმავლობაში შეაგროვოთ. ამ დივიდენდების ავტომატურად რეინვესტირებით კი თქვენი შემოსავალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიზრდება.
მოდით, განვიხილოთ ორი განსაკუთრებით მიმზიდველი დივიდენდური აქცია: PepsiCo და McDonald’s.
- PepsiCo
იმისათვის, რომ იპოვოთ წელი, როდესაც PepsiCo-მ თავისი დივიდენდური სარგებელი არ გაზარდა, თქვენ 1972 წელში უნდა დაბრუნდეთ. დივიდენდების 50-წლიანი თანმიმდევრული ზრდა გაზიანი სასმელებისა და საკვები პროდუქტების გიგანტს დივიდენდ მეფის სტატუსს ანიჭებს. ეს კი ინვესტორებისთვის იმის ნიშანია, რომ როდესაც საქმე პასიურ შემოსავალს ეხება, კომპანია მათ არ დააღალატებს.
პეპსის ბოლო შედეგები ასახავს იმას, თუ როგორ შეძლო კომპანიამ როგორც ეკონომიკური ბუმის, ასევე, ვარდნის დროს ინვესტორებისთვის მზარდი დივიდენდების გადახდა. 2022 წლის პირველ ნახევარში, თუნდაც ერთი წლის წინანდელ მზარდ შედეგებთან შედარებით, კომპანიის ორგანული შემოსავალი 13%-ით გაიზარდა.
PepsiCo ზრდის ბაზრის წილს ისეთ მიმზიდველ კატეგორიებში, როგორიც არის ენერგეტიკული სასმელები, გაზიანი სასმელები და საკვები. „ჩვენი შედეგები კომპანიის კატეგორიების, მომარაგების სწრაფი ჯაჭვისა და ბაზარზე შეღწევის სისტემების სიძლიერესა და გამძლეობაზე მიუთითებს“ – განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა – რამონ ლაგუარტამ ივლისის შუა რიცხვებში.
რა თქმა უნდა, პეპსის მოგების მარჟა, გაზრდილი ხარჯებისა და ინფლაციის გამო შემცირდა, მაგრამ კომპანია კვლავ გამოიმუშავებს უფრო მაღალ შემოსავალს და დიდი მოცულობით ნაღდ ფულს წარმოქმნის. ეს რესურსები აფინანსებს ბიზნესში რეინვესტირებას და უფრო სწრაფი ზრდისთვის საჭირო საფუძველს ქმნის. ეს, ასევე, ხელს უწყობს პეპსის გეგმას, რომელიც 2022 წელს აქციონერებისთვის $8 მილიარდის მოცულობით ფულადი ანაზღაურების მიწოდებაში მდგომარეობს.
- McDonald’s
McDonald’s-ის აქციებმა, 2022 წელს, ჯერჯერობით, ფართო ბაზრის წარმადობას აჯობა. სწრაფი კვების გიგანტმა თავის ბოლო კვარტალურ განახლებაში მომგებიანობის ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან გაყიდვების 43% ოპერაციულ მოგებად აქცია.
ინფლაციის დაჩქარების გამო, ინვესტორები მომგებიანობასთან დაკავშირებით პოტენციურად უარესი ახალი ამბებისთვის ემზადებიან. მაკდონალდს, სავარაუდოდ, საკვების, შრომისა და ტრანსპორტირებისთვის ბოლო კვირებში მეტი უნდა გადაეხადა და ამ ფაქტორებმა, შესაძლოა, მოგებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. კომპანია მეორე კვარტლის შედეგებს 26 ივლისს წარადგენს.
თუმცა, ცოტა კომპანია თუ იქნება პოზიციონირებული ბაზარზე იმგვარად, რომ სამომხმარებლო ხარჯების გარემო McDonald’s-ის მსგავსად გამოიყენოს. მისი ღირებულება და პრემიუმ შეთავაზებები საშუალებას აძლევს კომპანიას, რომ სწრაფი კვების მოყვარულთა ფართო სპექტრს მოემსახუროს. McDonald’s-ის შესანიშნავი მომსახურება მას ღირებულ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
მაკდონალდსის დივიდენდური სარგებელი ამჟამად 2.2%-ს შეადგენს, რაც ოდნავ დაბალია PepsiCo-ს 2.6%-ზე. ინვესტორებს მხოლოდ სწრაფი კვების სარესტორნო ქსელის საოპერაციო ფულადი ნაკადების შემოწმება სჭირდებათ, რათა შემოსავლის ზრდის პერსპექტივები გააცნობიერონ.
გასულ წელს McDonald’s-მა ოპერაციებიდან $9 მილიარდზე მეტი ნაღდი ფული გამოიმუშავა და, სავარაუდოდ, 2022 წელს კომპანია კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს. ამ მეტრიკის მუდმივი ზრდა აქციონერებს უნდა დაეხმაროს იმაში დარწმუნებაში, რომ სარესტორნო ქსელი გააგრძელებს დივიდენდური სარგებლის ზრდას ისე, როგორც ამას ბოლო 46 წელია აკეთებს.