დღეს, როდესაც ნავთობის ფასი ისეთ მაღალ ნიშნულზეა, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ინვესტორები ფულს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიების აქციებში აბანდებენ. ციკლი უკვე ძალიან ნაცნობი და სახიფათოა, რამაც, შესაძლოა, ზოგიერთი ინვესტორი მომავალში მნიშვნელოვნად დააზარალოს.
რამდენ ხანს გასტანს ზრდის ეს ტენდენცია?
ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ტოპ კომპანიების – ExxonMobil-ისა და Chevron-ის აქციების ფასები, შესაბამისად, 42%-ითა და 33%-ით გაზარდა. ეს შთამბეჭდავი მოგებაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ S&P 500 ამავე პერიოდში 12%-ით დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები, რა თქმა უნდა, ისარგებლებენ ასეთი მაღალი ფასებით, რთულია ვივარაუდოთ, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება ფასების ასეთი დონე.
ინვესტორებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ნავთობის ფასი, თითქმის 2 წლის წინ, პირველად, პანდემიის შედეგად მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირების გამო, უარყოფითი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უახლოეს მომავალში არ განმეორდეს, ნავთობის ფასის ასეთი დონის შენარჩუნებაც ნაკლებად სავარაუდოა. საწვავის მომხმარებელ ტრანსპორტზე მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება და ადამიანები უფრო ბუნებისთვის არასაზიანო არჩევანს აკეთებენ. გასულ წელს ელექტრომობილების გაყიდვებმა 6.6 მილიონს მიაღწია, რაც ორი წლის წინანდელ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ელექტრომობილები ახლა გლობალური ბაზრის დაახლოებით 9%-ს შეადგენს, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 1%-ზე ოდნავ დაბალი იყო.
ინდუსტრიის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის ჭარბი მიწოდებისა და მოთხოვნის შემცირების პერსპექტივების გამო, ნავთობი და ბუნებრივი აირი, როგორც წესი, არ არის ის სექტორები, რომლებიც დიდ მოგებას მოგიტანთ. 2017 წლიდან 2021 წლამდე Exxon-ის აქციების ფასი 32%-ით დაეცა და მიუხედავად იმისა, რომ Chevron-ისთვის ეს პერიოდი უფრო მომგებიანი იყო, მისი აქციების ფასი უცვლელი დარჩა. ამავდროულად, S&P 500-ში ამ ხუთწლიან პერიოდში თქვენი ინვესტიცია 113%-იან ანაზღაურებას მოგიტანდათ. ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირება შეიძლება თქვენი პორტფელის დივერსიფიკაციისთვის კარგი იყოს და, შესაძლოა, მიმზიდველი დივიდენდური შემოსავალიც მიიღოთ, მაგრამ ეს ინვესტიცია, შეიძლება, ასევე იყოს არასტაბილური და არაპროგნოზირებადი.
შედარებით უსაფრთხო ვარიანტი არის უფრო სტაბილურ ინდუსტრიაზე ფოკუსირება
თუ აქცია, რომელშიც ფულს აბანდებთ, დიდწილად საქონლის ფასებზე არის დამოკიდებული, მაშინ ამან შეიძლება თქვენი პორტფელი რისკის ქვეშ დააყენოს. ზოგადად, რაც უფრო ნაკლებად ექვემდებარება საქონელს ბიზნესი, მით უფრო უსაფრთხო იქნება ის გრძელვადიან პერსპექტივაში. ნავთობის ფასების შემცირებამ, შეიძლება, სწრაფად გახადოს ნავთობი და ბუნებრივი აირი ნაკლებად მიმზიდველი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ტიპის აქციები ყველაზე პოპულარულია, ერთი წლის შემდეგ შეიძლება მდგომარეობა სრულიად შეიცვალოს. AMC Entertainment-ის მსგავსად, რომელზეც მთელი აჟიოტაჟი იყო ერთი წლის წინ და 2022 წელს კი მისი აქციების ფასი 49%-ით დაეცა.
ინვესტიციებისთვის ბევრად უფრო უსაფრთხო სექტორის მაგალითი არის ჯანდაცვის ინდუსტრია. მაგალითად, მედიკამენტების მწარმოებელი – Eli Lilly-ის აქციების ღირებულება, წლების განმავლობაში იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოძრაობდა საქონლის ფასი. 2017 წლიდან 2021 წლამდე კომპანიის ღირებულება 267%-ით გაიზარდა. დღემდე ის მოკრძალებული 3%-ით არის შემცირებული. კომპანიის უნარი, ადაპტირდეს და განავითაროს ახალი პროდუქტები დაეხმარა ბიზნესს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 25%-იანი ან უფრო მაღალი საოპერაციო მარჟის შენარჩუნებაში. შედარებისთვის, Exxonmobil-ის საოპერაციო შემოსავალი, როგორც წესი, 9%-ზე ნაკლებია, 2020 წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი უარყოფითი იყო.
Eli Lilly-ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროდუქტი არის დონანემაბი, რომელიც ალცჰაიმერის სამკურნალოდ გამოიყენება და პიკზე შეუძლია კომპანია $10 მილიარდამდე მოგება მოუტანოს. სწორედ ეს არის გრძელვადიანი პოტენციალის ტიპი, რომელზეც ინვესტორებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება და არა ბაზრების უახლესი ტენდენციების დევნა. მაშინაც კი, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელ კონკრეტულ აქციაში უნდა ჩადოთ ინვესტიცია, უსაფრთხო მიდგომა შეიძლება იყოს ინვესტირება ზრდაზე ორიენტირებულ ETF-ებში (გაცვლითი სავაჭრო ფონდი), რომლებიც კიდევ უფრო სტაბილური მოგებისთვის აქციების კარგ ნაზავს მოგცემთ.