კარლოს სლიმი არის მექსიკელი ბიზნესმენი, ინვესტორი და ქველმოქმედი. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია — ამჟამად მისი ქონება $91 მილიარდს შეადგენს. კარლოსმა სიმდიდრე ძირითადად ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიის საშუალებით დააგროვა. გარდა ამისა იგი აკონტროლებს ბევრ კომპანიას კონგლომერატის — Grupo Carso-ს მეშვეობით, რომელშიც ის და მისი ოჯახი 79%-იან წილს ფლობენ. კარლოსს ინვესტიციები ჩადებული აქვს საცალო ვაჭრობის, ფინანსებისა და მშენებლობის სექტორებში. ინვესტორი ასევე ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში, განსაკუთრებით ჯანმრთელობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თავისი Carlos Slim Foundation-ის მეშვეობით.
ადრეული ცხოვრება
კარლოს სლიმი 1940 წლის 28 იანვარს მეხიკოში, მექსიკაში დაიბადა. მისი მშობლები, ჯულიან სლიმ ჰადადი და ლინდა ჰელუ ატა, ლიბანური წარმოშობის მარონიტი კათოლიკეები იყვნენ. კარლოსის მამა (დაბადების სახელი — ხალილ სალიმ ჰადად აგლამაზი) 1902 წელს, ოსმალეთის არმიაში გაწვევისგან თავის ასარიდებლად, მექსიკაში გაგზავნეს. ამ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ მან სახელი შეცვალა. ჯულიანის ოჯახი ლიბანელი ქრისტიანების იმიგრაციული ტალღის ნაწილი იყო, რომლებიც მექსიკაში 1800-იანი წლების ბოლოს და 1900-იანი წლების დასაწყისში შევიდნენ.
კომერციით დაინტერესებულ საზოგადოებაში ბუნებრივი იყო, რომ ჯულიან სლიმმა 1911 წელს მშრალი საქონლის მაღაზია გახსნა, რომელიც სულ რაღაც 10 წლის შემდეგ მომხმარებლებს $100,000-ზე მეტის ღირებულების საქონელს სთავაზობდა. მაღაზიიდან მიღებული შემოსავლით იგი 1910-1920 წლებში, მექსიკის რევოლუციის დროს, საუკეთესო უძრავი ქონებას ძალიან დაბალ ფასად ყიდულობდა. წარმატებამ უძრავი ქონების სექტორში, ისევე, როგორც საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ჯულიანი მდიდარ კაცად აქცია და მისმა ქონებამ მილიონ პესოს გადააჭარბა.
კარლოსი პატარა ასაკიდანვე დაინტერესდა მამის საქმით და ჯულიანმაც ხელი შეუწყო შვილის მისწრაფებას ბიზნეს გაკვეთილებით მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების წაკითხვისა და ზუსტი ფინანსური ჩანაწერების გაკეთების შესახებ. შემდეგ, 1953 წელს, როდესაც კარლოსი მხოლოდ 13 წლის იყო, მამა გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კარლოსმა განაგრძო მუშაობა საოჯახო კომპანიაში, რომელიც საბოლოოდ მას გადაეცემოდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სასწავლებლად მიაშურა მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში, სადაც შეისწავლიდა სამოქალაქო ინჟინერიას, ამავდროულად ასწავლიდა ალგებრას და ხაზოვან პროგრამირებას. სამოქალაქო ინჟინერიის სწავლისას, სლიმი ასევე დაინტერესდა ეკონომიკით — 1961 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან ამ მიმართულებით ჩილეში კურსების სერია გაიარა. კარლოსი მალევე ფოკუსირდა ფინანსებზე და მეხიკოში აქციებით მოვაჭრედ დაიწყო მუშაობა. 1965 წელს მან საკუთარი საბროკერო ფირმა — Inversora Bursátil გახსნა. 1966 წლისთვის, 26 წლის ასაკში, ვაჭრობამ კარლოსს დაახლოებით $400,000-ის მოცულობის ქონება მოუტანა.
ინვესტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა იყო პესოს კრიზისი 1980-იანი წლების დასაწყისში, ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნასთან ერთად. ქვეყნიდან კაპიტალი გაედინებოდა და ამ პერიოდში რამდენიმე კომპანია შეიძინა ძალიან შემცირებულ ფასებად — ზოგიერთი მაგალითია Cigatam (ქვეყანაში სიგარეტის სიდიდით მეორე მწარმოებელი), Reynolds Aluminium, General Tire და Sanborns-ის მაღაზიათა ქსელი.
მრავალფეროვანი საინვესტიციო პორტფელი
კარლოს სლიმი ფლობს წილებს ფაქტობრივად ასობით სხვადასხვა კომპანიაში, ძირითადად Grupo Carso SAB-ის მეშვეობით. ამ უკანასკნელს აქვს ან ჰქონდა წილები ისეთ საწარმოებში, როგორებიც არის Elementia (მექსიკაში ცემენტის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია); Sears და Saks Fifth Avenue (საცალო ვაჭრობა); ასევე ენერგეტიკის, სამშენებლო და საავტომობილო კომპანიებში. კარლოს სლიმი წილს ფლობს The New York Times-შიც, თუმცა მისი ნახევარი ინვესტორმა 2017 წელს $240 მილიონად გაყიდა.
ალბათ, კარლოსის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ტელეკომუნიკაციებზე მოდის. ის América Móvil-ის (ადრე ცნობილი, როგორც Teléfonos de Mexico (Telmex)) მფლობელია. ეს იყო ძველი სატელეფონო მონოპოლია ქვეყანაში, ისევე, როგორც, მაგალითად, აშშ-შია AT&T. 1990-იან წლებში მთავრობამ კომპანიის პრივატიზება გადაწყვიტა და სლიმი იყო ერთ-ერთი პირველი ინვესტორი Grupo Carso-ს მეშვეობით (კონსორციუმის სხვა წევრები იყვნენ France Télécom და Southwestern Bell Corporation). Grupo Carso-მ Telmex-ის 20%-იანი წილი $1.8 მილიარდად შეიძინა.
2012 წლისთვის América Móvil-მა, კარლოსის მობილური ტელეფონების კომპანიამ, Telmex კერძო შვილობილ კომპანიად აქცია. América Móvil, შვილობილი Telcel-ის მეშვეობით, მექსიკაში მობილური ტელეფონების ბაზრის დაახლოებით 70%-ს და სახმელეთო ხაზების 80%-ს ფლობს. 2014 წელს კომპანიამ გაყიდა აქტივები, რათა მექსიკაში ახალი ანტიმონოპოლიური რეგულაციების გათვალისწინებით, თავისი ბაზრის წილი 50%-ზე დაბლა დაეწია. თუმცა, სლიმი, ალბათ, არ დარჩენილა განაწყენებული, რადგან სხვადასხვა აქტივები, როგორებიც არის მობილური ტელეფონების ანძები, იმ დროს $8 მილიარდად ან მეტად შეფასდა, რაც საკმაოდ დიდი მოგებაა თავდაპირველი ინვესტიციიდან.
არა მხოლოდ მეხიკო
América Móvil, სხვადასხვა შვილობილი კომპანიის მეშვეობით, მექსიკის ფარგლებს გარეთაც ოპერირებს. აშშ-ში მისი ყველაზე თვალსაჩინო ბრენდია TracFone, იაფი მობილური ტელეფონის ოპერატორი, რომელიც 2021 წელს Verizon-მა შეიძინა. ავსტრიაში კომპანია Telekom Austria-ის წილის უმეტეს ნაწილს ფლობს. ამასთან, კარლოს სლიმის ტელეკომუნიკაციების იმპერია ლათინოამერიკის თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს.
თუმცა ტექნოლოგიების ან ტელეკომუნიკაციების სიღრმისეული ცოდნა სულაც არ იყო ის ფაქტორი, რამაც კომპანია დღევანდელ მდგომარეობამდე მოიყვანა. კარლოსი ხშირად ამბობს, რომ მისი სტრატეგია თავად ბიზნესში რეინვესტირება და ზრდის ხელშეწყობაა. მაგალითად, Telmex-მა 1990-იან წლებში მილიარდობით დოლარი ჩადო განახლებული ბოჭკოვანი ქსელის აწყობაში, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, მომხმარებლებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეეთავაზებინა.
სიტუაციის შემობრუნების სპეციალისტი
კარლოს სლიმის სტრატეგია ხანდახან პრობლემური კომპანიების შეძენას და მათი მდგომარეობის გამოსწორების მცდელობას გულისხმობს. ამ მოდელის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის აუცილებლად არ საჭიროებს კონკრეტულ ცოდნას რომელიმე სექტორის შესახებ. საჭიროა მხოლოდ იმის გააზრება, თუ რა არის მოცემულ მომენტში ბაზარზე დაუფასებელი და რა — არა.
ამასთან, კონგლომერატის სტრუქტურა კარლოს საშუალებას აძლევს, ფლობდეს წილებს ინდუსტრიების ისეთ მრავალფეროვან სპექტრში, რომ მისი პორტფელი კარგად იყოს მომზადებული გლობალური ფინანსური ტურბულენტობის პირობებში მანევრირებისთვის.
გარდა ამისა, როგორც წესი, კარლოსს ნაკლებად აინტერესებს მის მიერ შეძენილი ბიზნესის დეტალები. ჩვეულებრივ, მექსიკელი ინვესტორის ნებისმიერი ინვესტიციის მიზანი მოგვიანებით მისი მოგებით გაყიდვაა.
კარლოს სლიმის მონოპოლია და მისი გამოწვევები
Forbes-ის მიხედვით, 2015 წელს კარლოს სლიმი მსოფლიოში მე-2 უმდიდრესი ადამიანი იყო, მაგრამ 2016 წელს მექსიკელი მაგნატი დაქვეითდა და სიაში მე-4 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს მან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამინდელი მონაცემებით კი კარლოს სლიმი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-17 ადგილს იკავებს.
ბოლო პერიოდში პესოს სუსტმა კურსმა და მექსიკის ახალმა რეგულაციებმა კარლოსის ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა. წლების განმავლობაში მექსიკის მთავრობა აძლიერებდა ძალისხმევას მონოპოლიების შესამცირებლად. 2014 წელს მექსიკის პრეზიდენტმა — ენრიკე პენია ნიეტომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მიზნად ისახავს, გაზარდოს კონკურენცია ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში.
უძრავი ქონება
მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება არ იყო ის სფერო, რომელზეც კარლოს სლიმი ადრეულ წლებში ყურადღებას ამახვილებდა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს ინდუსტრია ინვესტორის პორტფელის ძირითად ნაწილად იქცა. კონგლომერატის გაფართოების მიზნით, კარლოსმა მექსიკის მასშტაბით 20 სავაჭრო ცენტრი შეიძინა, მათგან 10 მეხიკოში მდებარეობს. 2010 წელს მან $44 მილიონად იყიდა Duke Semans-ის სასახლე, რომელიც ნიუ-იორკში, მეხუთე ხეივანზე, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კერძო რეზიდენციად ითვლება. 2015 წელს კარლოსმა მისი $80 მილიონად გაყიდვა სცადა, მაგრამ მყიდველი ვერ იპოვა. 2023 წლის იანვარში მან სასახლე ხელახლა გამოიტანა ბაზარზე გასაყიდად კვლავ $80 მილიონად.
კარლოს სლიმმა ასევე იყიდა ორი კომერციული შენობა შეერთებულ შტატებში 2015 წელს, მათ შორის PepsiCo Inc. Americas Beverages-ის სათავო ოფისი ნიუ-იორკის ჩრდილოეთით და Marquette Building დეტროიტში. ამასთან, მეხიკოში Grupo Carso-ს მთავარი სათავო ოფისების კომპლექსი, სახელად Plaza Carso, მოიცავს Museo Soumaya-ს, Museo Jumex-ს, Plaza Carso სავაჭრო ცენტრს, სამ საცხოვრებელ კოშკს და სამ კომერციულ საოფისე შენობას.
დაბოლოს, მაგნატის გარდაცვლილი მეუღლე ხელოვნების მოყვარული კოლექციონერი იყო და მის პატივსაცემად კარლოსმა ააგო Museo Soumaya. მასში განთავსებულია ხელოვნების თითქმის 70,000 ნიმუში, მათ შორისაა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ როდენის ხელოვნების უდიდესი კოლექცია, ასევე რენუარის, პიკასოს, ვან გოგის, მონესა და დალის შედევრები.