ბილ გროსი არის ობლიგაციების ცნობილი ინვესტორი, რომელიც Pacific Investment Management Company (PIMCO) თანადამფუძნებელია და ცნობილია როგორც „ობლიგაციების მეფე“. ბილი შემდეგი წიგნების ავტორია: Bill Gross on Investing, Everything You’ve Heard About Investing Is Wrong! და I’m Still Standing.
ადრეული ცხოვრება და განათლება
ბილ გროსი 1944 წლის 13 აპრილს მიდლთაუნში, ოჰაიოში დაიბადა. 1966 წელს მან მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში Duke University-ში და მსახურობდა შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში ვიეტნამის ომის დროს.
რისკის მოყვარულმა ბილ გროსმა თავისი ადრეული ცხოვრება აზარტულ თამაშებში გაატარა, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში Pacific Mutual Life-ს შეუერთდა, როგორც ინვესტიციების ანალიტიკოსი. 1971 წელს მან მეგობრებთან — ჯიმ მუზისთან და ბილ პოდლიჩთან ერთად ნიუპორტ ბიჩში (კალიფორნია) Pacific Investment Management Company (PIMCO) დააარსა.
PIMCO
„ობლიგაციების მეფემ“ ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდებისთვის შექმნა პირველი ინვესტირებადი ბაზარი, რომელიც ყველა ინვესტორისთვის იყო ხელმისაწვდომი. კომპანია, თავისი ანგარიშების სერვისებისა და ურთიერთდახმარების ფონდების მეშვეობით, ინსტიტუციურ ინვესტორებს, დიდი ქონების მქონე პირებს და ინდივიდუალურ ინვესტორებს ემსახურება.
ბილ გროსს ობლიგაციებში აგრესიულ ინვესტირებას და ამ ფასიანი ქაღალდის მშვიდი ბაზრის, მაღალი რისკისა და ჯილდოს დესტაბილიზებულ თამაშად გადაქცევას მიაწერენ. PIMCO-მდე ობლიგაციებით ვაჭრობა იშვიათად ხდებოდა და ისიც მხოლოდ ქაღალდის დოკუმენტებით. ისტორიულად, ობლიგაციების უმსხვილესი მყიდველები იყვნენ მზღვეველები და საპენსიო ფონდები, მაგრამ PIMCO-მ წამოიწყო აქტიური ვაჭრობა და გაფართოვდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა „უვარგისი ობლიგაციები“ (junk bond — ასეთი რეიტინგი გულისხმობს, რომ დიდი შანსია, ემიტენტმა სესხი ვერ დაფაროს) და განვითარებადი ბაზრები. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, PIMCO $1.74 მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავს.
2014 წელს, მენეჯმენტთან დაძაბულობის გამო, ბილ გროსმა PIMCO დატოვა.
აღსანიშნავი მიღწევები
PIMCO-ს დატოვების შემდეგ, ბილ გროსი შეუერთდა Janus Capital Group-ს, სანამ, 2019 წელს, პენსიაზე გავიდოდა. როდესაც მისი Janus-ში გადასვლის შესახებ გახდა ცნობილი, კომპანიის აქციების ფასი ერთ დღეში 43%-ით გაიზარდა, რაც კომპანიისთვის რეკორდულ ერთდღიან მატებას წარმოადგენს.
ბილ გროსი ცნობილი ფილატელისტი (კოლექციონერი, რომელიც აგროვებს მარკებს, ფულის ნიშნებს და ა. შ.) და Smithsonian National Postal Museum-ის William H. Gross Stamp Gallery-ს დონორია. 2005 წელს მან XIX საუკუნის შეერთებული შტატების საფოსტო მარკების სრული კოლექცია ჩამოაყალიბა. 2007 წელს ბილმა აუქციონზე გაიტანა ბრიტანული მარკების კოლექცია და მიღებულმა თანხამ დაახლოებით $9 მილიონი შეადგინა, რაც მან მთლიანად Doctors Without Borders-ს (არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს) გადასცა.
2022 წელს ბილ გროსმა გამოუშვა თავისი მემუარები, I’m Still Standing, სადაც დეტალურად არის აღწერილი მისი ამერიკული წარმატების ისტორია. წიგნიდან შემოსული მთელი შემოსავალი William, Jeff, and Jennifer Gross Family Foundation-ის მეშვეობით ქველმოქმედებას ხმარდება.