„სიმდიდრის ეფექტი“ არის ბიჰევიორული ეკონომიკის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები, თავიანთი აქტივების ღირებულების მატებასთან ერთად, უფრო მეტს ხარჯავენ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლები თავს ფინანსურად უფრო დაცულად გრძნობენ და თავიანთ სიმდიდრეში უფრო დარწმუნებულები არიან, როდესაც მათი სახლის ან საინვესტიციო პორტფელის ღირებულება იზრდება. ისინი თავს უფრო მდიდრად გრძნობენ მაშინაც კი, თუ მათი შემოსავალი და ფიქსირებული ხარჯები უცვლელია.
როგორ მუშაობს „სიმდიდრის ეფექტი“?
„სიმდიდრის ეფექტი“ არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომლის დროსაც აქტივების ღირებულების ზრდა, მომხმარებელთა ხარჯვის ქცევაზე ზემოქმედებს. კონცეფცია ასახავს იმას, თუ როგორ აძლიერებს უსაფრთხოების განცდას, ანუ მომხმარებელთა თავდაჯერებულობას, საინვესტიციო პორტფელის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა. ეს კი განაპირობებს ინდივიდების მიერ ხარჯების გაზრდას.
ეს თეორია ასევე შეიძლება ბიზნესსაც მივუსადაგოთ. კომპანიების მმართველი გუნდები მიდრეკილნი არიან, გაზარდონ სამუშაო ძალა და კაპიტალური დანახარჯები (CapEx) აქტივების ღირებულების მატების საპასუხოდ.
ეს იმას ნიშნავს, რომ bull market-ის დროს ეკონომიკური ზრდა ძლიერდება, ხოლო bear market-ის პერიოდში — პირიქით.
მნიშვნელოვანი საკითხები
ერთი შეხედვით, მოსაზრება, რომ „სიმდიდრის ეფექტი“ ინდივიდების მიერ ხარჯების გაზრდას ხელს უწყობს, ლოგიკურია. გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომლის აქტივების ღირებულებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება, უფრო მიდრეკილი იქნება ძვირადღირებული შვებულებისკენ, ახალი ავტომობილის ან სხვა დისკრეციული ნივთების შეძენისკენ.
მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ აქტივების ღირებულების ზრდამ გაცილებით მცირე გავლენა უნდა იქონიოს სამომხმარებლო ხარჯებზე, ვიდრე სხვა ფაქტორებმა, როგორებიც არის გადასახადები, საყოფაცხოვრებო ხარჯები და დასაქმების ტენდენციები.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული მოგება უნდა ჩაითვალოს არარეალიზებულად. ეს არის მოგება, რომელიც არსებობს ქაღალდზე, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული, სანამ არ განხორციელდება ტრანზაქცია, რომელიც ინვესტორს ნაღდი ფულით უზრუნველყოფს. იგივე ეხება უძრავი ქონების ღირებულების ცვლილებასაც.