კომუნალური მომსახურების სექტორი მოიცავს კომპანიებს, როგორიცაა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ან წყალმომარაგების კომპანიები, ან ფირმებს, რომლებიც ოპერირებენ, როგორც ენერგიის მწარმოებლები ან გამანაწილებლები.
2022 წლის ივლისის მდგომარეობით, აშშ-ში ამ სექტორის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.58 ტრილიონს აჭარბებდა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნალურ სექტორში კერძო, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიებია გაერთიანებული, ისინი საჯარო სერვისის ინფრასტრუქტურის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მკაცრად რეგულირდება. ინვესტორები, რომლებიც ფულს კომუნალურ კომპანიებში აბანდებენ, როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაზე არიან ორიენტირებულნი და ასეთ კომპანიებს დივიდენდების მეშვეობით შემოსავლის მისაღებად იყენებენ.
კომუნალური სექტორის გააზრება
კომუნალური სექტორი მოიცავს მსხვილ კომპანიებს, რომლებიც აერთიანებს მრავალ სერვისს ან ისეთ ფირმებს, რომლებიც მხოლოდ ერთი ტიპის მომსახურებაში არიან სპეციალიზებულნი. ზოგიერთი კომუნალური კომპანია, ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ეყრდნობა სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროებს, როგორიცაა ქარის ტურბინები და მზის პანელები.
კომუნალური კომპანიები, როგორც წესი, ინვესტორებს სთავაზობენ სტაბილურ და თანმიმდევრულ დივიდენდებს, რაც ფასების ნაკლებ ცვალებადობასთან არის დაკავშირებული. შედეგად, კომუნალური ფირმები კარგი წარმადობით ხასიათდება რეცესიის და ეკონომიკური ვარდნის დროს. აღმავლობის პერიოდში კი ასეთი კომპანიების აქციების მიმართ ბაზრის კეთილგანწყობას ეცემა.
კომუნალური მომსახურება მოითხოვს ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან რაოდენობას და, შესაბამისად, კომუნალურ კომპანიების ბალანსზე დიდი მოცულობის დავალიანებას შეხვდებით. შედეგად ისინი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ცვლილებების მიმართ ჰიპერმგრძნობიარენი არიან. იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური მომსახურება საკმაოდ კაპიტალტევადია, ასეთ კომპანიებს სჭირდებათ თანხების უწყვეტი შემოდინება ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი აქტივების შესყიდვის დასაფინანსებლად.
კომუნალური სექტორის უპირატესობები და ნაკლოვანებები
კომუნალური მომსახურების კომპანიები ქმნის სტაბილურ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებიც, როგორც წესი, აქციონერებისთვის რეგულარულ დივიდენდებს უზრუნველყოფს. ეს ფაქტი კი მათ გრძელვადიანი “buy and hold” სტრატეგიისთვის შესანიშნავ ვარიანტად აქცევს.
ეკონომიკური ვარდნის დროს, დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, კომუნალური მომსახურების სექტორი მიმზიდველი ხდება. ამ სექტორის აქციები აჩვენებს დაბალ ცვალებადობას და დივიდენდების საშუალებით პროგნოზირებად ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
ამასთან, კომუნალურ კომპანიებს ინტენსიურ მარეგულირებელ ზედამხედველობასთან უწევთ გამკლავება და ისინი საჭიროებენ ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც რუტინულ განახლებას და მოვლას მოითხოვს. ამ ინფრასტრუქტურული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, კომუნალური კომპანიები ხშირად უშვებენ სავალო პროდუქტებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ვალით მათი დატვირთვის ხარისხს. გარდა ამისა, ვალი ამ კომპანიებს განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის საპროცენტო განაკვეთების მიმართ. თუ ისინი გაიზრდება, კომუნალურმა კომპანიამ, ინვესტორების მოსაზიდად, ბაზარს უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ობლიგაციები უნდა შესთავაზოს.
კომუნალური სერვისის კომპანიები
კომუნალური სექტორი შედგება კომპანიებისგან, რომლებიც საცხოვრებელ სახლებსა და ბიზნესებს ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, წყლითა და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფს. კომუნალური მომსახურების საწარმოები წარმოადგენს კერძო საკუთრების კომპანიებს, რომლებიც აშშ-ში კომუნალური კომისიების მიერ რეგულირდება. ეს უკანასკნელი კი მოქმედებს სხვადასხვა იურისდიქციულ, როგორც წესი, სახელმწიფო დონეზე.
ამ კომისიებს ზედამხედველობას უწევს National Association of Regulatory Utility Commissioners. NARUC-ის წევრები პასუხისმგებელნი არიან, უზრუნველყონ სანდო კომუნალური მომსახურება სამართლიანი და გონივრული ტარიფებით. 2022 წლის მონაცემებით შეერთებულ შტატებში ინვესტორები ყველაზე მეტად შემდეგი კომუნალური კომპანიებით იყვნენ დაინტერესებულნი:
- NRG Energy — ინტეგრირებული ენერგეტიკული კომპანია, რომელიც აწარმოებს ელექტროენერგიას. ის მთელი შეერთებული შტატებისა და კანადის მასშტაბით საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო ლოკაციებს ენერგეტიკული გადაწყვეტებით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს.
- OGE Energy Corp — ჰოლდინგი, ინვესტიციებით ენერგიისა და ენერგეტიკული სერვისების პროვაიდერებში, რომლებიც ოკლაჰომასა და დასავლეთ არკანზასში მომხმარებლებს ელექტროენერგიის ფიზიკურ მიწოდებას სთავაზობს.
- PG&E — ჰოლდინგი, რომელიც შვილობილი კომპანიების მეშვეობით უზრუნველყოფს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაყიდვას და მიწოდებას, ძირითადად კალიფორნიაში.