Swing Trading არის აქტიური სტრატეგია, რომლის გამოყენებითაც ტრეიდერი ცდილობს, რომ ინვესტიციიდან მოგება მოკლე ან საშუალოვადიანი ფასების ცვალებადობით მიიღოს. სვინგ ტრეიდერებს, პოტენციურად მომგებიანი პოზიციების მოსაძებნად და სარგებლის მისაღებად, შეუძლიათ ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი გამოიყენონ. თუმცა, ეს სტრატეგია საკუთარ თავზე დიდი რისკის აღებას და გრძელვადიანი სარგებლის ხელიდან გაშვებას გულისხმობს.
სიტყვა “Swing” ნიშნავს რყევას, ცვლილებას, შესაბამისად, ამ სტრატეგიის გამოყენებისას, ტრეიდერის მიზანია დაადგინოს, თუ როგორ შეიცვლება გარკვეული აქტივის (აქციების, ვალუტა, საქონელი) ფასი და ამის შესაბამისად დაიკავოს პოზიცია. შემდეგ, როდესაც ფასი წინასწარ ნავარაუდევი მიმართულებით შეიცვლება, ტრეიდერი ყიდის პოზიციას იმისთვის, რომ მოგება გაანაღდოს.
ზოგადად, სვინგ ტრეიდერები აქტივის ფასის ცვლილების მთლიან ტრენდს არ ელოდებიან, ისინი პოზიციების ყიდვას მაშინ ცდილობენ, როდესაც ფასიანი ქაღალდის ფასი მოძრაობას დაიწყებს და ყიდიან მანამ, სანამ ის პიკს ან ფსკერს მიაღწევს. წარმატებული მოვაჭრეები იმედოვნებენ, რომ ბევრ ასეთ მცირე მოგებას დააგროვებენ იმისთვის, რომ ფართო ბაზრის წლიურ ანაზღაურებას აჯობონ.
როგორ მუშაობს Swing Trading?
ზოგიერთი სტრატეგია და ინდიკატორი, რომელსაც სვინგ ტრეიდერები აერთიანებენ, შეიძლება შემდეგ ფაქტორებს მოიცავდეს:
- ტექნიკური ანალიზი. სვინგ ტრეიდერები ხშირად ყოველდღიურ, საათობრივ და ან 15-წუთიან სქემებს იკვლევენ, რათა ფასების ტენდენციები, შესვლის წერტილები, სტოპ-ზარალის (stop-loss) და მოგების მიღების დონეები დაადგინონ.
- მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები. ფასიანი ქაღალდის მხარდაჭერის დონე არის მისი ყველაზე დაბალი ფასი, რომლის ქვემოთაც ის, როგორც წესი, არ ეცემა. ამის საპირისპიროდ, წინააღმდეგობის დონე არის მოცემული ფასიანი ქაღალდის უმაღლესი ფასი, რომელზე მაღლაც ის წარსულში არ ასულა. სვინგ ტრეიდერებს შეუძლიათ პოზიციები მხარდაჭერის დონეებზე იყიდონ და წინააღმდეგობის დონეებთან ახლოს გაყიდონ.
- მცოცავი საშუალო მაჩვენებლები. ტრეიდერებს შეუძლიათ მცოცავი საშუალო მაჩვენებლები ზრდის და დაცემის ტენდენციების ან მხარდაჭერისა და წინააღმდეგობების დონეების დასადგენად გამოიყენონ.
- ფუნდამენტური ანალიზი. სვინგ ტრეიდერებს შეუძლიათ ფასიანი ქაღალდის საფუძველში არსებული ბიზნესი შეამოწმონ. კვარტალური ანგარიშების, ეკონომიკური მონაცემებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი მათ ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
დღიური ტრეიდინგი VS სვინგ ტრეიდინგი
როგორც სვინგ ტრეიდინგი, ასევე დღიური ვაჭრობაც აქტიური, მოკლევადიანი სტრატეგიაა, მაგრამ მათ გარკვეული განსხვავებები აქვთ.
პირველ რიგში, სვინგ ტრეიდერებმა, შეიძლება, პოზიციები დღეების ან თვეების განმავლობაში დაიკავონ, ხოლო დღიურად მოვაჭრეების შემთხვევაში საქმე წუთებთან და საათებთან გვაქვს. გარდა ამისა, დღიური ვაჭრობა უფრო მეტ დროს მოითხოვს, ხოლო სვინგ ტრეიდერები უფრო ყურადღებით მაკროეკონომიკურ ახალ ამბებს აკვირდებიან.
როგორ მოქმედებს თქვენზე სვინგ ტრეიდინგი?
როგორც ნებისმიერი სახის ინვესტიცია, სვინგ ტრეიდინგიც რისკებს შეიცავს. შეგიძლიათ ეს მდგომარეობა გარკვეულწილად სტოპ-ზარალის ბრძანების (stop-loss order) საშუალებით შეამსუბუქოთ, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, თქვენი მოგება მაღალმა სავაჭრო ხარჯებმა და გადასახადებმა გაანადგუროს.
სწორედ ამიტომ არის სასურველი გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის არჩევა. გრძელვადიანმა ხედვამ, შესაძლოა, თქვენ მიერ მოგების პოტენციალი გაზარდოს და იმავდროულად როგორც რისკები, ასევე, თქვენი სტრესის დონე შეამციროს.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.