მოდით, ვისაუბროთ სააქციო ფიუჩერსის შესახებ. აშშ-ის ფიუჩერსებმა სტარტი აიღო 1800-იანი წლების შუა ხანებში, როგორც სავაჭრო საქონელმა. იმ დროს, ფერმერებს მოსავალი ქალაქში გადაჰქონდათ, იმ იმედით, რომ შესაფერისი ფასის გადამხდელ მყიდველს იპოვიდნენ. მაგრამ ფასები ხშირად მერყეობდა ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორებიც არის სეზონი, პროდუქციის ტიპი და რეგიონში არსებული მოთხოვნა-მიწოდება.
საბოლოოდ, ფიუჩერსი გამოჩნდა, როგორც გარკვეული არასტაბილურობის შესამცირებელი ინსტრუმენტი. ეს იყო საკმაოდ მარტივი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა საქონლის გაცვლას განსაზღვრულ ფასად და წინასწარ განსაზღვრულ დროს.
ამ კონტრაქტებით ვაჭრობა და სესხებაც შეიძლებოდა. მაგალითად, ერთ რესტორანს შეეძლო სხვაგან ეყიდა ვაშლის ფიუჩერსული კონტრაქტი ან თავისი კონტრაქტი გაეყიდა იმის იმედით, რომ შემდეგში ამავე კონტრაქტს უფრო იაფად შეიძენდა.
ეს წარმოშობს დერივატივების (წარმოებული, მეორეული ფასიანი ქაღალდები) წარმატებულ ბაზარს, სადაც ფიუჩერსული კონტრაქტები იყიდება ყველა სახის საქონლისთვის (ვალუტა, აქციები და თუნდაც საბაზრო ინდექსები).
რა არის ფიუჩერსი?
ფიუჩერსი არის წარმოებული ფინანსური კონტრაქტი, რომელიც მოითხოვს მომავალში როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის მხრიდან მოქმედებას. მყიდველს მოეთხოვება იყიდოს აქტივი განსაზღვრულ ფასში და დადგენილ დროს, ხოლო გამყიდველის ვალდებულებაა განსაზღვრულ ფასად, განსაზღვრულ დროს ეს აქტივი გაყიდოს. ფიუჩერსები განსხვავდება ოფციონისგან, რომელიც ინვესტორებს აძლევს უფლებას და არა ვალდებულებას, შეიძინონ აქტივები.
ფიუჩერსული კონტრაქტი დეტალურად აღწერს ისეთ სპეციფიკას, როგორიც არის ძირითადი აქტივის რაოდენობა და ფასი, ასევე ვადის გასვლის თარიღი. სტანდარტიზებული პირობების არსებობა საშუალებას იძლევა, ამ კონტრაქტებით ვაჭრობა რეგულირებად ფიუჩერსულ ბირჟებზე განხორციელდეს. ვადის გასვლის შემდეგ, ეს კონტრაქტი უნდა შესრულდეს იმის მიუხედავად, თუ როგორია მიმდინარე ფასი და საბაზრო პირობები.
ფიუჩერსებს დერივატივები ეწოდება, რადგან მათი ფასი ძირითადი აქტივისგან არის წარმოშობილი. ძველ დროში ეს აქტივები იყო ფიზიკური საქონელი, როგორიც არის მოსავალი, ბუნებრივი აირი და ნედლი ნავთობი. დღეს დერივატივების ბაზარი გაფართოვდა და მოიცავს აქტივებს, როგორებიც არის:
- აქციები და საფონდო ინდექსები, ყველაზე ცნობილი – S&P 500 ინდექსი
- ვალუტები, როგორებიც არის აშშ დოლარი, ბრიტანული ფუნტი, ევრო და ა. შ.
- ძვირფასი ლითონები, როგორებიც არის ოქრო და ვერცხლი
- აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები და სხვა პროდუქტები
ფიუჩერსები ასევე განიხილება ბერკეტის მქონე ფინანსურ ინსტრუმენტად, რადგან ვაჭრობისთვის, ინვესტორს ან ფინანსურ ინსტიტუტს მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულების ნაწილის გადახდა უწევს. ეს ინვესტორებს აძლევს დიდი მოგების პოტენციალს და ასევე უზარმაზარ (შეუზღუდავსაც კი) ზარალს.
ფიუჩერსი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც უფრო გამოცდილ ინვესტორებს შეეფერება.
რას ნიშნავს სააქციო ფიუჩერსი?
სააქციო ფიუჩერსი არის ფიუჩერსული კონტრაქტი, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად აქციებზე ან საფონდო ბირჟაზე. ინდივიდუალური ინვესტორები ამ კონტრაქტებს ფასის რყევებიდან მოგების მისაღებად იყენებენ, ხოლო ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ეს რისკისგან დაცვის საშუალებაა.
სააქციო ფიუჩერსის შემთხვევაში, ტრეიდერებს, ვაჭრობაში შესვლისას, არ უწევთ კონტრაქტის ღირებულების 100%-ის დაფარვა. ამის ნაცვლად, ბროკერი მოითხოვს პირველად მარჟას ან ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების ნაწილს. ეს თანხა განსხვავებულია შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:
- ბროკერის წესები და პირობები
- კონტრაქტის მოცულობა
- ინვესტორის კრედიტუნარიანობა
სააქციო ფიუჩერსები პოპულარულია არა მხოლოდ მოგების უზარმაზარი პოტენციალის გამო, არამედ იმიტომ, რომ ბაზარი მუშაობს თითქმის 24/7, რაც მოგების მყისიერად მიღების საშუალებას გაძლევთ. საფონდო ბირჟისგან განსხვავებით, სააქციო ფიუჩერსებით ვაჭრობა კვირას საღამოს 6 საათზე იწყება და პარასკევ საღამოს 5 საათამდე მიმდინარეობს. ვაჭრობა, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს 30-60 წუთით ჩერდება.
არსებობს სხვადასხვა ტიპის სააქციო ფიუჩერსები:
- ერთჯერადი სააქციო ფიუჩერსი – ფიუჩერსული კონტრაქტი, რომლის შემთხვევაშიც მყიდველი, რომელიც „გრძელ“ პოზიციას იკავებს, გვპირდება დადგენილ დროს გადაიხადოს განსაზღვრული ფასი, ერთი აქციის 100 წილისთვის.
- საფონდო ბირჟის ფიუჩერსი (კაპიტალის ინდექსის ფიუჩერსი ან საბაზრო ფიუჩერსი) – კონტრაქტი, რომელიც იმეორებს კონკრეტული საორიენტაციო ინდექსის წარმადობას. ანგარიშსწორება ხშირად ნაღდი ფულით წარმოებს.
რატომ უნდა ორიენტირდეთ ფიუჩერსზე?
მაშინაც კი, თუ თქვენ ფიუჩერსში ინვესტიცია არ დებთ, ის, შეიძლება, ინფორმაციის ღირებული წყარო იყოს. მაგალითად, ფიუჩერსები ყოველდღიურად მოვაჭრე ინვესტორებს აძლევს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ პროფესიონალი ტრეიდერები და ინსტიტუციური ინვესტორები:
- კონკრეტულ აქციას
- ძირითად ინდექსს
- ზოგადად საფონდო ბირჟას
- კონკრეტულ საქონელს
- ან თუნდაც, უფრო ფართო ეკონომიკას
ინვესტორებს შეუძლიათ, ფიუჩერსების საშუალებით, დააფიქსირონ თავიანთი მოლოდინები მომავალთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება რეალურად.