„მუდმივი პორტფელი“ არის საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ყველა ეკონომიკურ პირობებში კარგად მუშაობისთვის არის შექმნილი. ის თავისუფალი ბაზრის ინვესტიციების ანალიტიკოსმა — ჰარი ბრაუნმა 1980-იან წლებში შეიმუშავა.
მუდმივი პორტფელი აქციების, ობლიგაციების, ოქროსა და ნაღდი ფულის ან სახაზინო თამასუქების თანაბარი განაწილებისგან შედგება.
მუდმივი პორტფელის გააზრება
მუდმივი პორტფელი, ჰარი ბრაუნის აზრით, იქნებოდა უსაფრთხო და მომგებიანი ნებისმიერ ეკონომიკურ კლიმატში. ბრაუნმა განაცხადა, რომ პორტფელი რომელიც მზარდი პოტენციალის აქციების, ძვირფასი ლითონების, სახელმწიფო ობლიგაციებისა და სახაზინო თამასუქების თანაბარ წილებს მოიცავს, იდეალური ნაზავია ინვესტორებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებასა და ზრდაზე არიან ორიენტირებულნი.
მუდმივი პორტფელის უპირატესობები და ნაკლოვანებები
ბრაუნი ამტკიცებდა, რომ პორტფელის ნაზავი მომგებიანი იქნებოდა ყველა ტიპის ეკონომიკურ სიტუაციაში: მზარდი პოტენციალის აქციების ფასები გაიზრდებოდა ეკონომიკური აღმავლობის პირობებში, ძვირფასი ლითონების — ინფლაციურ ბაზრებზე, ობლიგაციების — რეცესიის დროს, ხოლო სახაზინო თამასუქების — კრიზისის პერიოდში.
1982 წელს ბრაუნმა, თავისი თეორიული პორტფელის ანალოგიური აქტივთა განაწილებით საბოლოოდ შექმნა ის, რასაც ეწოდა Permanent Portfolio Fund. 1976 წლიდან 2016 წლამდე ჰიპოთეტური მუდმივი პორტფელის წლიური ანაზღაურება 8.65%-ს შეადგენდა (მთლიანი ანაზღაურება — 2,600%). უფრო სტანდარტული „60/40“ (აქციები/ობლიგაციები) პორტფელის ყოველწლიური ანაზღაურება კი 10.13%-ს აღწევდა, ხოლო მთლიანი ანაზღაურება — 5,050%-ს.
თუმცა, მუდმივ პორტფელს ამ პერიოდში გარკვეული უპირატესობები ჰქონდა. მისი სტანდარტული გადახრა (საზომი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად განსხვავდება მაჩვენებელი საშუალოსგან) 7.2-ს შეადგენდა, ხოლო „60/40“ პორტფელის — 9.6-ს. 1987 წლის ოქტომბრის ბაზრის კრახის დროს ამ უკანასკნელის ღირებულება 13.4%-ით დაეცემოდა, ხოლო მუდმივი პორტფელის — მხოლოდ 4.5%-ით.
გრძელვადიან პერსპექტივაში მუდმივი პორტფელი უფრო ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებდა, მაგრამ რთულ პერიოდებში მას უფრო მცირე ვარდნა ექნებოდა, რაც ამ ვარიანტს რისკისადმი ნაკლებად მიდრეკილი ინვესტორებისთვის მიმზიდველ შესაძლებლობად აქცევს.
მუდმივი პორტფელის მაგალითი
უამრავი საინვესტიციო შესაძლებლობის გათვალისწინებით, არსებობს მრავალი გზა, რომლითაც მუდმივი პორტფელის შექმნა შეიძლება. ქვემოთ მოცემულია ერთი პრაქტიკული მაგალითი, რომელიც დაბალანსებული ნაზავის მიღწევაში დაგეხმარებათ:
- 25% აშშ-ის კომპანიების აქციებში, რათა ეკონომიკური განვითარების პერიოდში მაღალი ანაზღაურება მიიღოთ. პორტფელის ამ ნაწილისთვის, ბრაუნი ძირითად S&P 500-ის საინდექსო ფონდებში ინვესტირებას უწევს რეკომენდაციას.
- 25% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, რომლებიც კარგი წარმადობით ხასიათდება ეკონომიკური აღმავლობის და დეფლაციის დროს, მაგრამ ცუდად მოქმედებს სხვა ეკონომიკური ციკლების დროს.
- 25% ნაღდ ფულში „ძვირი ფულის“ ან რეცესიის პერიოდებისთვის. ამ შემთხვევაში, „ნაღდი ფული“ აშშ-ის სახაზინო თამასუქებს ნიშნავს.
- 25% ძვირფას ლითონებში (ოქრო) ინფლაციის პერიოდში დაცვის უზრუნველსაყოფად.
ბრაუნი რეკომენდაციას უწევს პორტფელის გადაბალანსებას წელიწადში ერთხელ, რათა სამიზნე 25%-იანი წილები შევინარჩუნოთ.