„წმინდა ინვესტიცია“ არის მთლიანი თანხა, რომელსაც კომპანია ხარჯავს კაპიტალურ აქტივებზე, მათი ამორტიზაციის ხარჯების გამოკლებით. ეს მაჩვენებელი გვიქმნის რეალურ წარმოდგენას დანახარჯების შესახებ გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე, როგორიცაა საწარმოები, აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპანიის ოპერაციებში გამოიყენება.
კაპიტალური აქტივები დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას მოხმარების, ცვეთისა და მოძველების გამო. აქედან გამომდინარე, მთლიანი კაპიტალური ხარჯებიდან (CapEx) ამორტიზაციის გამორიცხვა მათი რეალური ღირებულების უფრო ზუსტ სურათს გვთავაზობს.
კაპიტალური აქტივები მოიცავს ყველა ქონებასა და აღჭურვილობას, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის პროდუქტიულ შესაძლებლობებს. კაპიტალური ხარჯების ჯამი ასევე მოიცავს მათი მოვლის, შენარჩუნების, შეკეთებისა და მონტაჟის ხარჯებს.
წმინდა ინვესტიცია ქვეყნებისთვის
წმინდა ინვესტიცია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს.
ქვეყნის მშპ-ში ეს მაჩვენებელი მიუთითებს მთლიან კერძო შიდა ინვესტიციებზე. იგი მოიცავს კერძო კომპანიებისა და მთავრობების ყველა ხარჯს უძრავ ქონებასა და ინვენტარზე. ამრიგად, ეს არის ქვეყნის პოტენციური ეკონომიკური წარმოების შესაძლებლობების წამყვანი მაჩვენებელი.
წმინდა ინვესტიციის გააზრება
თუ მთლიანი ინვესტიცია მუდმივად აღემატება ამორტიზაციას, წმინდა ინვესტიციის მაჩვენებელი დადებითი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის პროდუქტიული შესაძლებლობები იზრდება. თუ მთლიანი ინვესტიცია მუდმივად ჩამორჩება ამორტიზაციას, წმინდა ინვესტიცია უარყოფითი იქნება, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიის პროდუქტიული სიმძლავრე მცირდება. შეიძლება ეს დიდი პრობლემა იყოს ყველა სუბიექტისთვის, დაწყებული პატარა კომპანიებით, დასრულებული უმსხვილესი ეროვნული ეკონომიკებით.
აქედან გამომდინარე, წმინდა ინვესტიცია, მთლიანთან შედარებით, არის უკეთესი მაჩვენებელი, იმისა, თუ რა მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს საწარმო თავის ბიზნესში, ვინაიდან ის ამორტიზაციას ითვალისწინებს.
წელიწადში მინიმუმ მთლიანი ამორტიზაციის ტოლი თანხის ინვესტირება არის საჭირო იმისათვის, რომ აქტივების ბაზა (ძირითადი აქტივები, რომლებიც ღირებულებას ანიჭებს კომპანიას, ინვესტიციას ან სესხს) არ შემცირდეს. ეს შეიძლება პრობლემა არ იყოს ერთი ან ორი წლის განმავლობაში, მაგრამ წმინდა ინვესტიცია, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფითია, საბოლოოდ საწარმოს არაკონკურენტუნარიანს გახდის.
წმინდა ინვესტიციის გამოთვლა
დავუშვათ, კომპანიამ $1 მილიონი დახარჯა ახალ მანქანა-დანადგარზე, რომლის მოსალოდნელი სასიცოცხლო ციკლი 30 წელს შეადგენს, ხოლო მისი ნარჩენი ღირებულება $100,000-ს უტოლდება. ამორტიზაციის წრფივი მეთოდის საფუძველზე, დანადგარის წლიური ცვეთა იქნება $30,000. ამ მაჩვენებელს შემდეგი გამოთვლის შედეგად ვიღებთ: ($1,000,000 – $100,000)/30. შესაბამისად, პირველი წლის ბოლოს წმინდა ინვესტიციის ოდენობა $970,000 იქნება.
ფორმულა
წმინდა ინვესტიციის გამოსათვლელი ფორმულა ასე გამოიყურება:
წმინდა ინვესტიცია = კაპიტალური ხარჯები – ცვეთა (უნაღდო)
კაპიტალ აქტივებში რეგულარული ინვესტირება გადამწყვეტია საწარმოს მუდმივი წარმატებისთვის. კომპანიისთვის საჭირო წმინდა ინვესტიციის ოდენობა დამოკიდებულია იმ სექტორზე, რომელშიც ის ოპერირებს. სექტორები, როგორებიც არის სამრეწველო პროდუქტები, საქონლის მწარმოებლები, კომუნალური მომსახურება და ტელეკომუნიკაციები, კაპიტალის თვალსაზრისით უფრო ინტენსიურია, ვიდრე, მაგალითად, ტექნოლოგიური და სამომხმარებლო პროდუქტების სექტორები.
ამიტომ, სხვადასხვა კომპანიებს შორის წმინდა ინვესტიციების შედარებისას მათი სექტორების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.