საბაზრო კაპიტალიზაცია კომპანიის აქციების მთლიან საბაზრო ღირებულებას წარმოადგენს. ინვესტორები ამ მაჩვენებელს კომპანიის ზომის დასადგენად იყენებენ. შესყიდვისას, საბაზრო კაპიტალი გვეხმარება იმის გაგებაში, წარმოადგენს თუ არა შეძენის კანდიდატი კარგ ღირებულებას შემსყიდველი კომპანიისთვის.
როგორ გამოითვლება საბაზრო კაპიტალიზაცია
საბაზრო კაპიტალიზაცია საჯარო კომპანიის აქციების ფასის მათ ხელმისაწვდომ რაოდენობაზე გამრავლებით გამოითვლება. მას შემდეგ, რაც კომპანია საჯარო ხდება და მისი აქციები ბირჟაზეა ხელმისაწვდომი, ფასი მიწოდებისა და მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება. საბაზრო ფასების ცვლილების ფონზე, საბაზრო კაპიტალიზაცია ხდება კომპანიის ღირებულების შეფასება რეალურ დროში. საბაზრო კაპიტალიზაცია ფორმულა ასე გამოიყურება:
საბაზრო კაპიტალიზაცია = აქციების მიმდინარე ფასი x ხელმისაწვდომი აქციების რაოდენობა
მაგალითად, თუ კომპანიას გამოშვებული აქვს 20 მილიონი აქცია და თითოეულის საბაზრო ფასი $100-ს შეადგენს, მაშინ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $2 მილიარდის ტოლი იქნება. ხოლო, თუ მეორე კომპანიის აქციების ფასი $1,000-ს აღწევს, მაგრამ მას მხოლოდ 10,000 აქცია აქვს გამოშვებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $10 მილიონი იქნება.
საბაზრო კაპიტალიზაცია და კომპანიის ზომა
მსხვილი (large-cap) კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია, როგორც წესი, $10 მილიარდს ან უფრო მეტს შეადგენს და ისინი წარმოადგენენ მთავარ მოთამაშეებს კარგად ჩამოყალიბებულ ინდუსტრიებსა და სექტორებში. ეს კომპანიები ძირითადად აჯილდოებენ ინვესტორებს აქციების ღირებულებისა და დივიდენდების თანმიმდევრული ზრდით. Large-cap კომპანიების მაგალითებია Microsoft, Apple, Nvidia, Alphabet და Amazon.
საშუალო (mid-cap) კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია ზოგადად $2-$10 მილიარდს შეადგენს. ასეთი კომპანიები ოპერირებენ ინდუსტრიაში, რომლის სწრაფი ზრდაც არის მოსალოდნელი. Mid-cap კომპანიები გაფართოების პროცესში არიან და არსებითად უფრო მაღალ რისკს ატარებენ, ვიდრე მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები. Mid-cap კომპანიის ერთ-ერთი მაგალითია Eagle Materials.
ფირმები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც $250 მილიონიდან $2 მილიარდამდე მერყეობს, ჩვეულებრივ, კლასიფიცირდება როგორც მცირე (small-cap) კომპანიები. ისინი შეიძლება ემსახურებოდნენ ნიშურ ბაზრებს და ახალ ინდუსტრიებს. ასეთი კომპანიები განიხილებიან უფრო მაღალი რისკის მქონე ინვესტიციებად მათი ასაკის, სამოქმედო ბაზრებისა და ზომის გამო. Small-cap კომპანიების აქციების ფასები შეიძლება იყოს უფრო არასტაბილური, მაგრამ მათ გააჩნია ზრდის უფრო დიდი შესაძლებლობები, ვიდრე — large-cap კომპანიებს. იმ მცირე ფირმებს კი, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციაც $250 მილიონზე ნაკლებს შეადგენს, micro-cap კომპანიები ეწოდება.
გარდა ამისა არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც:
- Mega-cap (მეგა კაპიტალი): $200 მილიარდი და მეტი
- Nano-cap (ნანო კაპიტალი): $50 მილიონზე ნაკლები
აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში ეს კლასიფიკაციები და მასში ასახული სიდიდეები იცვლება, ამიტომ ასეთი განსაზღვრებები ფიქსირებული არ არის. მაგალითად ადრეულ 1980-იან წლებში, big-cap აქციების საბაზრო კაპიტალიზაცია $1 მილიარდი იყო, დღეს კი ეს სიდიდე მცირედ არის მიჩნეული.
მცდარი წარმოდგენები საბაზრო კაპიტალიზაცია შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ საბაზო კაპიტალიზაცია კომპანიის აღსაწერად გამოიყენება, ეს მაჩვენებელი არ ზომავს კომპანიის კაპიტალის ფასეულობას — ამის გაკეთება მხოლოდ ფირმის ბიზნეს საფუძვლების სიღრმისეულ ანალიზს შეუძლია. აქციები ხშირად ზედმეტად ძვირად ან იაფად არის შეფასებული ბაზრის მიერ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბაზრო ფასი განსაზღვრავს მხოლოდ იმას, თუ რამდენის გადახდა სურს ბაზარს კონკრეტული კომპანიის აქციებისთვის.
საბაზრო კაპიტალიზაცია არ განსაზღვრავს თანხას, რომელიც შერწყმის ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში იქნება გადახდილი. ერთი კომპანიის მიერ მეორეს შესყიდვის დროს, ფასის გაანგარიშების უკეთესი მაჩვენებელი არის საწარმოს ღირებულება. ამ მეტრიკის გაანგარიშება მოიცავს არა მხოლოდ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას, არამედ მოკლევადიან და გრძელვადიან ვალს, ასევე ნებისმიერ ნაღდ ფულს კომპანიის ბალანსზე.
ამ მაჩვენებლის გამოსათვლელი ფორმულა ასე გამოიყურება:
საწარმოს ღირებულება = საბაზრო კაპიტალიზაცია + მთლიანი ვალი − ნაღდი ფული და მისი ეკვივალენტები
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.