მაკროგარემო გულისხმობს იმ პირობების ერთობლიობას, რომლებიც არსებობს მთლიან ეკონომიკაში და არა კონკრეტულ სექტორში ან რეგიონში. ზოგადად, მაკროგარემო მოიცავს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), ინფლაციის, დასაქმების, ხარჯვის, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციებს. მაკროგარემო, ცალკეული ბიზნეს სექტორის მუშაობისგან განსხვავებით, მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგად ეკონომიკურ ციკლთან.
მაკროგარემოს გააზრება
მაკროგარემო მიუთითებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მაკროეკონომიკური პირობები, კომპანიის ან სექტორის წარმადობაზე.
მაკროგარემოს გავლენის ხარისხი გამომდინარეობს იქიდან, თუ რამდენად არის დამოკიდებული კომპანიის ბიზნესი მთლიანი ეკონომიკის სიჯანსაღეზე. ციკლურ ინდუსტრიებზე მაკროგარემო მნიშვნელოვნად ზემოქმედებს, ხოლო არაციკლურზე — ნაკლებად. იმ ინდუსტრიებზე, რომლებიც, შესყიდვებისა და ბიზნეს ინვესტიციების დასაფინანსებლად, დიდწილად არის დამოკიდებული კრედიტებზე, საპროცენტო განაკვეთებისა და გლობალური ფინანსური ბაზრების ცვლილებებს დიდი გავლენა აქვს.
მაკროგარემომ შეიძლება ასევე პირდაპირ იმოქმედოს მომხმარებელთა მიერ ფულის ხარჯვის უნარსა და სურვილზე. სამომხმარებლო ხარჯების რყევებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ძვირადღირებული პროდუქტების გაყიდვებზე. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და ეკონომისტები ყურადღებით აკვირდებიან ფართო მაკროგარემოზე მომხმარებელთა რეაქციებს, როგორც ეკონომიკის სიჯანსაღის საზომს.
მაკროგარემოს ფაქტორები
მაკროგარემოს ანალიზი სტრატეგიული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბიზნეს ანალიტიკოსები ხშირად ატარებენ PEST (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული და ტექნოლოგიური) ანალიზს იმ მაკროეკონომიკური ფაქტორების იდენტიფიცირებისთვის, რომლებმაც შეიძლება მოცემულ მომენტში ბიზნესზე გავლენა იქონიოს. მაკროგარემოს შემადგენელი რამდენიმე ძირითადი ფაქტორია:
მთლიანი შიდა პროდუქტი
მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის მაჩვენებელია, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა საქონლისა და მომსახურების გამომუშავებას ზომავს. აშშ-ში ეკონომიკური ანალიზის ბიურო აქვეყნებს კვარტალურ ანგარიშებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს, შევიქმნათ წარმოდგენა ყველა სექტორში საქონლისა და მომსახურების წარმოების შესახებ. მშპ-ის განსაკუთრებით გავლენიანი ასპექტია კორპორატიული მოგება, რაც ეკონომიკის ყოვლისმომცველი პროდუქტიულობის კიდევ ერთს საზომს წარმოადგენს.
ინფლაცია
ინფლაცია არის მთავარი ფაქტორი, რომელსაც ეკონომისტები, ინვესტორები და მომხმარებლები აკვირდებიან. ეს მოვლენა ფულის მსყიდველუნარიანობაზე ზემოქმედებს ის ასევე ქვეყნის ცენტრალური ბანკის ინტერესის საგანს წარმოადგენს.
დასაქმება
შეერთებულ შტატებში დასაქმების დონეს ზომავს შრომის სტატისტიკის ბიურო, რომელიც ბიზნესის ხელფასებისა და უმუშევრობის დონის შესახებ ყოველთვიურ ანგარიშს აქვეყნებს. გარდა ამისა, ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) ცდილობს, მონეტარული პოლიტიკის სტიმულირებისა და საკრედიტო ღონისძიებების მეშვეობით დასაქმების დონე დაარეგულიროს. ამ პოლიტიკას შეუძლია შეამსუბუქოს ბიზნესის სესხების განაკვეთები, რათა კაპიტალის ხარჯვა და ბიზნესის ზრდა გააუმჯობესოს, რაც, თავის მხრივ, დასაქმების დონის მატებას გამოიწვევს.
სამომხმარებლო ხარჯები
სამომხმარებლო ხარჯები ფართოდ განიხილება, როგორც მაკროეკონომიკური წარმადობის მნიშვნელოვანი ინდიკატორი. სამომხმარებლო ხარჯების ნელი ზრდა ან კლება მთლიანი მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს, რასაც ეკონომისტები მაკროეკონომიკური ვარდნისა და რეცესიის სიმპტომად ან თუნდაც მიზეზად მიიჩნევენ.
მონეტარული პოლიტიკა
Fed-ის მონეტარული პოლიტიკის ინიციატივები არის მთავარი ფაქტორი, რომელიც შეერთებულ შტატებში მაკრო გარემოზე ზემოქმედებს. მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღებული ზომები, როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთებსა და კრედიტის ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული. ფედერალური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტები Fed-ის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიუთითებს, რომ განაკვეთები იზრდება, რაც სესხებს უფრო ძვირს და ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის.
ფისკალური პოლიტიკა
ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს სამთავრობო პოლიტიკას გადასახადების, სესხების აღების და ხარჯვის შესახებ. მაღალმა საგადასახადო განაკვეთებმა შეიძლება შეამციროს ინდივიდუალური და ბიზნეს სტიმული მუშაობის, ინვესტირებისა და დაზოგვის მიმართულებით. მთავრობის წლიური დეფიციტისა და მთლიანი ვალის ზომამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბაზრის მოლოდინებზე სამომავლო გადასახადების განაკვეთებთან, ინფლაციასთან და მთლიან მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ხარჯები განაპირობებს სესხების აღებასა და გადასახადებს; ის ასევე ფართოდ გამოიყენება, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი, შენელების პერიოდებში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის.