ფაქტორული ინვესტირება არის საინვესტიციო მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ფასიანი ქაღალდების შერჩევა ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომლებიც ისტორიულად მაღალ შემოსავალთან და შემცირებულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ფაქტორული ინვესტირების ფესვები სათავეს იღებს 1934 წელს გამოცემულ ცნობილ წიგნში – „უსაფრთხოების ანალიზი“, რომელშიც ავტორები ფონდების აქტიურ მართვაში ფაქტორებზე დაფუძნებულ ანალიტიკას იკვლევდნენ. თუმცა ფაქტორული ანალიზის პირველი პროტოტიპი მხოლოდ 1960-იან წლებში გამოჩნდა: კაპიტალის აქტივების ფასწარმოქმნის მოდელი (CAPM), რომელიც აღწერდა ურთიერთობას რისკსა და მოსალოდნელ ანაზღაურებას შორის.
მას შემდეგ, ფაქტორული ანალიზი კვლევების უზარმაზარ ჯგუფად იქცა, რომელიც ასობით პოტენციურ ფაქტორსა და მრავალფაქტორიან სტრატეგიას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მიდგომები, შეიძლება, განსხვავდებოდეს, თითოეულის მიზანი იგივეა: დივერსიფიკაციის გაზრდა, უფრო მაღალი შემოსავლის გამომუშავება და რისკის შემცირება.
ფაქტორული ინვესტირება წარმოიდგინეთ პოტენციური ფასიანი ქაღალდების ფილტრად. თქვენ იწყებთ ისეთი ფაქტორების არჩევით, როგორიც არის დაბალი ცვალებადობა, ღირებულება ან იმპულსი. შემდეგ გადახედავთ სავარაუდო ინვესტიციებს და განსაზღვრავთ რომელი მათგანი შეესაბამება თქვენი პორტფელისთვის შერჩეულ ფილტრებს.
ამ გზით, ფაქტორული ინვესტირება საშუალებას აძლევს ინვესტორს თავისი პორტფელი კონკრეტული შედეგებისკენ ან უფრო ფართო, მაგრამ მაინც კარგად განსაზღვრული მიზნებისკენ მიმართოს.
მაგალითად, თუ პენსიაზე გასვლისთვის დაზოგვა გსურთ, სავარაუდოდ, თქვენი სურვილი მაღალი დივიდენდები და დაბალი ცვალებადობა იქნება. მეორეს მხრივ, ინვესტორის მიზანი, რომელსაც სახლის წინასწარი შენატანი 10 წელიწადში შეიტანოს, შეიძლება S&P 500-ის წარმადობის 15%-ით გადაჭარბება იყოს.
სასურველი შედეგის სპეციფიკის მიუხედავად, ფაქტორული ინვესტირების ძირითადი მიზნები ხშირად მსგავსია:
- ფართო ბაზარზე უკეთესი წარმადობა
- დივერსიფიკაციის სტრატეგიების გაძლიერება ან მათთვის ხელის შეწყობა
- რისკების კონტროლი ან შემცირება
- პორტფელის მთლიანი ხარჯების შემცირება
ინვესტირების „ფაქტორები“
ფაქტორული ინვესტირების სტრატეგიის შესაქმნელად, შეგიძლიათ, ასობით ფაქტორი გაითვალისწინოთ. ეს მერყეობს ქვეყნის ეკონომიკური ფაქტორებიდან, როგორიც არის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), უფრო დეტალურ ფაქტორებამდე, მაგალითად, კომპანიის საკრედიტო რეიტინგი ან საბაზრო კაპიტალიზაცია.
ჩვენ აქ ყველა მათგანს ნამდვილად არ განვიხილავთ, უბრალოდ მოვიცავთ სისტემური ფაქტორების „დიდ ხუთეულს“, რომელზეც მრავალი ფაქტორული მიდგომაა დაფუძნებული.
- ღირებულებაზე დაფუძნებული მიდგომა მიზნად ისახავს შემოსავალი მიიღოს დაუფასებელი აქციებიდან. როგორც წესი, თქვენ ღირებულებას დივიდენდების, ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადების, P/B (ფასი/ნეტო-კაპიტალი) და P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტების მიხედვით აფასებთ.
- იმპულსზე დაფუძნებული მიდგომები გამოჰყობს იმ ფასიან ქაღალდებს, რომლებმაც ბოლო სამიდან თორმეტი თვის განმავლობაში ბაზარს აჯობა, იმავდროულად გამოირიცხება ბაზრის არაეფექტური მონაწილეები.
- კომპანიების ზომის მიხედვით გამოხშირვა გეხმარებათ განსაზღვროთ, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, რომელ აქციებს აქვთ ზრდის უფრო დიდი პოტენციალი. (მინიშნება: მცირე კაპიტალის აქციებს მოგების გასაზრდელად უფრო მეტი სივრცე აქვთ). მცირე კომპანიები, მაღალი რისკის ფონზე, მაღალ შემოსავლებს გამოიმუშავებენ.
- დაბალი ცვალებადობის ფასიანი ქაღალდები, როგორც წესი, უფრო დაბალანსებული რისკის ფონზე გვთავაზობს შემოსავლებს, ვიდრე მაღალი ცვალებადობის აქტივები (თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ნაკლებად მიმზიდველია). ბეტას (მთლიანი ბაზრის ცვალებადობასთან შედარებით, აქციების გაზომვის საშუალება) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის სტანდარტული გადახრის გაზომვა ბოლო ერთიდან სამ წლამდე პერიოდში.
- ხარისხი ფასდება საერთო ფინანსური მეტრიკის მიხედვით, როგორიც არის ვალი კაპიტალთან მიმართებაში, მოგების სიცოცხლისუნარიანობა და კაპიტალის დაბრუნება (ROE). მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიები, რომლებიც მაღალ მოგებას გამოიმუშავებს, ინარჩუნებს ვალის დაბალ დონეს და წარმოაჩენს ძლიერ კორპორატიულ მმართველობას, ხშირად, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მდგრადია.
ინვესტორმა, შეიძლება, გამოიყენოს ერთი ან ყველა ფაქტორი. ფაქტობრივად, ყველაზე წარმატებული პორტფელები (გრძელვადიან პერსპექტივაში) ხშირად მრავალფაქტორიან მიდგომაზეა აგებული.
როგორ უნდა დაიწყოს საცალო ინვესტორმა ფაქტორული ინვესტირება?
ბოლო დრომდე, ფაქტორული ინვესტირება, სრულყოფილი საინვესტიციო მოდელის საპოვნელად, ასობით ფაქტორის ხელით ანალიზს გულისხმობდა. გარდა ამისა, ფაქტორული მოდელების უმეტესობა არსებითად ძალიან სარისკოა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებში, გააჩნია გაზრდილი არასტაბილურობა და იწვევს მოგების დროებით (იმედია) შემცირებას.
ფაქტორული ინვესტირება, როგორც წესი, იყო ინსტიტუციონალური ინვესტორებისა და ფონდების მენეჯერების სფერო, რომლებსაც აქვთ საკმარისი დრო და რესურსი, რათა შექმნან, გაანალიზონ და განახორციელონ ფართო ფაქტორული სტრატეგიები.
თუმცა ინტერნეტმა საინვესტიციო ლანდშაფტი მკვეთრად შეცვალა. თანამედროვე საცალო ინვესტორები სარგებლობენ უპრეცედენტო წვდომით მონაცემებზე, ინსტრუმენტებზე, ელექტრონულ ცხრილებზე და ფაქტორული ინვესტირების უამრავ, მანამდე არსებულ მოდელზე.
ფაქტორული ინვესტირების საქმეში დამწყებებმა, რომლებიც ვარიანტების დიდი რაოდენობით შეწუხებულნი არიან, შეიძლება აირჩიონ წესებზე დაფუძნებული ETF ან აქტიურად მართული ფონდი, რომელიც ფაქტორულ საინვესტიციო სტრატეგიებს მიჰყვება. ასეთებია:
- iShares MSCI USA Min Vol Factor ETF
- iShares MSCI USA Value Factor ETF
- iShares MSCI USA Momentum Factor ETF
ალტერნატიულად, ინვესტორებს, რომლებსაც სათანადო გულმოდგინება გააჩნიათ, შეუძლიათ პორტფელი ნებისმიერი რაოდენობის ფაქტორებზე დაყრდნობით შექმნან. თუ ეს თქვენთვის მისაღებია, უმჯობესია თავიდან ისეთი მარტივი ელემენტებით დაიწყოთ, როგორიც არის ზრდა, ზომა, რისკი და ანაზღაურება. დროთა განმავლობაში, როდესაც თქვენს რისკისა და შესაძლებლობები მიმართ თავს კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ფაქტორები ან უკვე არსებულებს გადახედოთ.