განვითარებადი საბაზრო ეკონომიკა არის განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც, ზრდასთან ერთად, გლობალურ ბაზრებთან უფრო დაკავშირებული ხდება. განვითარებადი ბაზრის ეკონომიკებად კლასიფიცირდება ქვეყნები, რომლებსაც გააჩნია განვითარებული ბაზრის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა მახასიათებელი.
განვითარებული ბაზრების მახასიათებლები შეიძლება მოიცავდეს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, მაღალ შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, ლიკვიდურ ფასიანი ქაღალდების ბაზრებს, უცხოელი ინვესტორების ხელმისაწვდომობას და საიმედო მარეგულირებელ სისტემას.
განვითარებადი ქვეყნები, განვითარებასთან ერთად, სულ უფრო ინტეგრირებული ხდება გლობალურ ეკონომიკასთან. ეს ნიშნავს, რომ მათ ადგილობრივ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ლიკვიდობის, ასევე სავაჭრო მოცულობებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდა შეუძლია. ასეთ ქვეყნებს თანამედროვე ფინანსური და მარეგულირებელი ინსტიტუტების განვითარების შესაძლებლობა ეძლევა. ამჟამად განვითარებადი ქვეყნების მაგალითებს წარმოადგენს: ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი, პორტუგალია, იტალია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საქართველო და ა. შ.
განვითარებადი ქვეყნის დაბალშემოსავლიანი, ხშირად პოსტინდუსტრიული ეკონომიკა ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტების მქონე, თანამედროვე, ინდუსტრიულ ეკონომიკად გარდაქმნის პროცესში იმყოფება.
განვითარებადი ბაზრის ეკონომიკის გააზრება
ინვესტორები ხშირად ისწრაფვიან განვითარებადი ბაზრებისკენ მაღალი პოტენციური შემოსავლის გამო, რადგან ასეთი ქვეყნები ხშირად განიცდის უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, მაღალ შემოსავალთან ერთად, როგორც წესი, რისკიც გაცილებით დიდია.
განვითარებად ბაზრებთან დაკავშირებული რისკები
განვითარებად ქვეყნებთან დაკავშირებული რისკები შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკურ არასტაბილურობას, შიდა ინფრასტრუქტურის პრობლემებს, ვალუტის ცვალებადობას და არალიკვიდურ კაპიტალს, რადგან ბევრი მსხვილი კომპანია შეიძლება კვლავ სახელმწიფო ან კერძო საკუთრებას წარმოადგენდეს. გარდა ამისა, ადგილობრივმა საფონდო ბირჟებმა შეიძლება გარე ინვესტორებს ლიკვიდური ბაზრები ვერ შესთავაზოს.
განვითარებად ქვეყნებს, როგორც წესი, არ აქვს ისეთი მაღალგანვითარებული ბაზრები და მარეგულირებელი ინსტიტუტები, როგორც — განვითარებულებს. ასეთ სახელმწიფოებში ბაზრის ეფექტურობა, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფასიანი ქაღალდების რეგულირების მკაცრი სტანდარტები, როგორც წესი, არ შეესაბამება განვითარებულ ეკონომიკებს, როგორებიც გვხვდება აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში, იაპონიაში და ა. შ.
პროგრესის ნიშნები
თუმცა, განვითარებად ბაზრებს, როგორც წესი, გააჩნია ფიზიკური ფინანსური ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბანკები, საფონდო ბირჟა და ერთიანი ვალუტა. განვითარებადი ქვეყნებისთვის მთავარი ასპექტია დროთა განმავლობაში განვითარებული ეკონომიკების მსგავსი რეფორმებისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ეს ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.
განვითარებადი ბაზრის ეკონომიკები სოფლის მეურნეობისა და რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული საქმიანობიდან მრეწველობასა და წარმოებაზე გადანაცვლებისკენ არის მიდრეკილი. ასეთი ქვეყნის მთავრობა, როგორც წესი, ახორციელებს მიზანმიმართულ ინდუსტრიულ და სავაჭრო სტრატეგიებს ეკონომიკური ზრდისა და ინდუსტრიალიზაციის წახალისების მიზნით.
ეს სტრატეგიები მოიცავს ექსპორტით განპირობებულ ზრდას და ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებულ იმპორტს. პირველი სტრატეგია უფრო დამახასიათებელია ეკონომიკებისთვის, რომლებიც განვითარებადია, რადგან ის ხელს უწყობს მეტ კავშირს და ვაჭრობას გლობალურ ეკონომიკასთან.
ამასთან, განვითარებადი ქვეყნების მთავრობები ხშირად ახორციელებენ საშინაო პროგრამებს, როგორიცაა ინვესტირება საგანმანათლებლო სისტემებში, ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სამართლებრივი რეფორმების გატარება ინვესტორების საკუთრების უფლებების უზრუნველსაყოფად.
როგორ კლასიფიცირდება განვითარებადი ბაზრის ეკონომიკები
განვითარებადი ბაზრის ეკონომიკები სხვადასხვა დამკვირვებლის მიერ განსხვავებულად კლასიფიცირდება. შემოსავლის დონე, ფინანსური სისტემების ხარისხი და ზრდის ტემპები ყველაზე პოპულარული კრიტერიუმებია, მაგრამ განვითარებადი ქვეყნების ზუსტი სია შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ ვინ საუბრობს მათ შესახებ.
მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განვითარებადი ბაზრის მქონედ მსოფლიოს 20 ქვეყანას მიიჩნევს, ხოლო Morgan Stanley Capital International (MSCI) — 24-ს. Standard and Poor’s-ის (S&P), FTSE Russell-ისა და Dow Jones-ის კლასიფიკაცია ასევე ოდნავ განსხვავებულია.
ნებისმიერი ამ ინსტიტუტის შეხედულებისამებრ შეიძლება ამ სიებში ცვლილებები განხორციელდეს. შესაძლოა, განვითარებული ქვეყანა ჩამოქვეითდეს და განვითარებადი ბაზრების სიაში აღმოჩნდეს, როგორც ეს საბერძნეთის შემთხვევაში მოხდა ან პირიქით, განვითარებადი ქვეყანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, განვითარებული ქვეყნების რიგს შეუერთდეს — მაგალითად, კატარი და არგენტინა.