მენეჯმენტის მითითება არის არაფორმალური ანგარიში, რომელსაც საჯარო კომპანია აქციონერებს აწვდის. მასში დეტალურად არის აღწერილი ის ფინანსური შედეგები, რომელთა მიღწევასაც კომპანიის მენეჯმენტი მომდევნო ფისკალურ კვარტალში ან მომავალ წელს მოელის. ამ ანგარიშს, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც მომავალი მოგების მითითებას ან მომავალზე ორიენტირებულ განცხადებას, როგორც წესი, მოიცავს შემოსავლის, მოგებისა და კაპიტალური ხარჯების შიდა პროგნოზებს და გადახედვას ექვემდებარება.
მენეჯმენტის მითითებები შეიძლება განსხვავდებოდეს ანალიტიკოსების პროგნოზებისგან, რომლებიც გარე ექსპერტების მიერ არის მოწოდებული.
როგორ მუშაობს კომპანიის მითითებები
კომპანიის მითითებები, როგორც წესი, ქვეყნდება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი უახლეს კვარტალურ ანგარიშს წარადგენს. ეს შიდა პროგნოზები ხშირად სიღრმისეულად განიხილება ინდუსტრიის ანალიტიკოსებსა და კომპანიის აღმასრულებლებს შორის შეხვედრის დროს. კომპანიებს იურიდიულად არ მოეთხოვებათ მითითებების წარდგენა, თუმცა ბევრი ფირმისთვის ეს ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენს.
ინფორმაცია, რომელსაც მითითებები ეფუძნება, როგორც წესი, მოიცავს გაყიდვების პროგნოზებს, ბაზრის პირობებს და კომპანიის მოსალოდნელ ხარჯებს. ზოგიერთი კომპანიის მენეჯმენტი ინვესტორებს მითითებებს აწვდის ფინანსური საქმიანობის სხვა ასპექტების შესახებაც, როგორებიც არის მარაგები, გაყიდული ერთეულები და ფულადი სახსრები.
კომპანიის მითითებების გავლენა
ინვესტორებისთვის პროგნოზების მიწოდება უოლ სტრიტის ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა. ადრე მენეჯმენტის მითითებებს „ჩურჩულით წარმოთქმულ მაჩვენებლებს“ ეძახდნენ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს მაჩვენებლები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შერჩეული პირებისთვის, როგორებიც არიან ანალიტიკოსები ან ბროკერები, რათა მათ თავიანთი კლიენტების ინფორმირება შესძლებოდათ. ინფორმაციის სამართლიანი გამჟღავნების კანონებმა, რომელიც აშშ-ში ცნობილია, როგორც FD, ასეთი ქმედება უკანონოდ მიიჩნია და დღესდღეობით კომპანიების წარმომადგენლებმა თავიანთი მოლოდინები ღიად უნდა წარადგინონ. შედეგად ამ ინფორმაციაზე წვდომა ყველა დაინტერესებულ ინვესტორს აქვს.
ნებისმიერ კომენტარს, რომელსაც მენეჯმენტი კომპანიის მომავლის პერსპექტივების შესახებ აკეთებს, ინვესტორები ყურადღებით შეისწავლიან. უახლესი ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ შიდა პერსპექტივებმა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი და როგორია მისი სავარაუდო განვითარება უახლოეს თვეებში, შეიძლება კომპანიის აქციების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
მენეჯმენტის მითითებები, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ანალიტიკოსების მიერ აქციების შეფასებაზე, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მრავალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აქციების ყიდვის, შენარჩუნების ან გაყიდვის შესახებ. მაგალითად, თუ კომპანიის მენეჯმენტი ავრცელებს მითითებებს, რომლებიც ბაზრის მოლოდინებს გაცილებით ჩამოუვარდება, მრავალი ანალიტიკოსი, სავარაუდოდ, შეამცირებს კომპანიის აქციების სამიზნე ფასებს, რაც ბევრი ინვესტორის მიერ ამ აქციების გაყიდვას გამოიწვევს.
მნიშვნელოვანი საკითხები
ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ მენეჯმენტის მითითებები არასწორი აღმოჩნდება. კომპანიის მიერ დასახული მიზნების ვერ მიღწევა კი ბევრი ინვესტორის გაღიზიანებას იწვევს.
შეერთებულ შტატებში კომპანიებს, საკუთარი მითითებების ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საჩივრებისგან კანონი იცავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 1995 წელს კონგრესმა მიიღო კერძო ფასიანი ქაღალდების სამართალწარმოების რეფორმის აქტი (PSLRA), რომელიც კომპანიებს, მენეჯმენტის მოლოდინების ჩამორჩენის შემთხვევაში სასამართლო დავების თავიდან აცილებაში ეხმარება.
გაფრთხილება
გარდა ამისა, სასამართლო პროცესებისგან თავის დასაცავად, კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი პროგნოზები არავითარ შემთხვევაში არ არის გარანტირებული.
მენეჯმენტს არ ეკისრება ვალდებულება, განაახლოს მითითებები პირველადი მოხსენებების გამოქვეყნების შემდეგ, მაშინაც კი, თუ შემდგომმა მოვლენებმა ამ პროგნოზების გამართლება ნაკლებად სავარაუდო გახადა. თუმცა, ზოგი კომპანია ამას იმისათვის აკეთებს, რომ ინვესტორებს ცუდი ამბავი კვარტალური ანგარიშის წარდგენამდე შეატყობინოს.
მენეჯმენტის მითითებების დადებითი და უარყოფითი მხარეები
საინვესტიციო საზოგადოებაში ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს მითითებები კომპანიისთვის და მისი ინვესტორებისთვის უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე — სასარგებლო. ერთხელ ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმაც კი მოუწოდა კომპანიების მმართველ გუნდებს, შეწყვიტონ კვარტალური მითითებების გაცემა. იგი თვლის, რომ ეს მენეჯმენტს აიძულებს, მეტისმეტად მაღალი პრიორიტეტი მიანიჭოს ამ მაჩვენებლებს, რა ბიზნესის გრძელვადიან ინტერესებს აზარალებს.
სხვები ამ აზრს არ იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ მითითებები ინვესტორებს მოკლევადიანი პერსპექტივების შესახებ უფრო მეტი ცოდნით უზრუნველყოფს. ამ პრაქტიკის მომხრეები ასევე თვლიან, რომ საზოგადოებისთვის ნაკლები ინფორმაციის მიწოდება აქციების ფასების ცვალებადობის შემცირებას ხელს მნიშვნელოვნად ვერ შეუწყობს.