განვითარებადი ინდუსტრია წარმოადგენს კომპანიების ჯგუფს, რომელიც ახალი პროდუქტის ან იდეის გარშემოა ჩამოყალიბებული და განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება. განვითარებადი ინდუსტრია, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე კომპანიისგან შედგება და ხშირად ახალ ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. განვითარებადი ინდუსტრიები ხშირ შემთხვევაში მაშინ ჩნდება, როდესაც ახალი ტექნოლოგია ძველის დაჩრდილვას და ჩანაცვლებას იწყებს.
განვითარებად ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიების აქციები ხშირად არასტაბილურია და ფასების მნიშვნელოვან ცვალებადობას განიცდის. ასეთი ფირმების დაფასება შეიძლება რთული იყოს, მით უმეტეს, თუ მათ მცირე შემოსავალი აქვს და მოგებას ჯერ კიდევ ვერ გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ინვესტორს მომავალი Google-ის ან Apple-ის აღმოჩენის იმედი აქვს, განვითარებად ინდუსტრიაში ინვესტირებას შეიძლება საკმაოდ მაღალი რისკი ახასიათებდეს.
განვითარებადი ინდუსტრიის გააზრება
განვითარებად ინდუსტრიას შეიძლება მომგებიანობის მისაღწევად წლები დასჭირდეს. ასეთი კომპანიების ადრეული საოპერაციო ხარჯების ძირითად ნაწილს კვლევა და განვითარება (R&D) შეადგენს. ასევე მაღალია მარკეტინგული ხარჯები, რადგან პროდუქტი ან მომსახურება საზოგადოებისთვის ძირითადად უცნობია. აქედან გამომდინარე, განვითარებადი ინდუსტრიის კომპანიებმა უნდა დაარწმუნონ როგორც ინვესტორები, ისე მომხმარებლები, რომ მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტი/მომსახურება ღირებულია.
შესვლის ბარიერები
განვითარებად ინდუსტრიაში შესვლის ბარიერები (ეს ტერმინი აღწერს ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ახალბედებს ბაზარზე ან ინდუსტრიის სექტორში შესვლაში და, შესაბამისად, კონკურენცია შეზღუდოს) შეიძლება იყოს შედარებით მაღალი, ახალ სფეროში კონკურენციისთვის საჭირო გამოცდილების დონის გამო. ამ ბარიერების მაგალითებია კომპანიის პროდუქტების წარმოებისთვის არსებული მწირი რესურსები, მასშტაბის ეკონომიის უპირატესობებით სარგებლობის შეუძლებლობა, საკმარისი დაფინანსების ნაკლებობა, მთავრობის შეზღუდვები და კონკურენცია უკვე აღიარებული კომპანიებისგან.
თუმცა, მიუხედავად ამ ბარიერებისა, ბევრი დამწყები შედის ახალ ინდუსტრიაში, რათა ადრეული უპირატესობა მოიპოვოს. ისინი იზიდავენ ფულად სახსრებს (თუ ამის შესაძლებლობა არსებობს), ქირაობენ საკვანძო პერსონალს და გავლენიანი მრჩევლების მომსახურებით სარგებლობენ. თუმცა, ამ დამწყებებიდან ბევრი საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ მათ, პროდუქტის ან მომსახურების ბაზარზე გასატანად, საკმარისი უნარები ან სახსრები არ გააჩნიათ და სრულ მარცხს განიცდიან.
განვითარებადი ინდუსტრიების მაგალითები
1990-იანი წლების შუა ხანებში მსოფლიო იცნობდა ინტერნეტს, როგორც განვითარებად ინდუსტრიას. ახალი ტექნოლოგიისგან მოგების მიღების მიზნით ასობით კომპანია ჩამოყალიბდა. ამ დროს დაფიქსირდა ცნობილი მოვლენა — „dotcom-ის ბუშტი1″, რომელიც გულისხმობს ინტერნეტზე დაფუძნებული კომპანიების სწრაფ გავრცელებას, რამაც ტექნოლოგიური აქციების ფასების ზრდა გამოიწვია. სპეკულაციები გაიზარდა და ვენჩურული კაპიტალისტები ფულს აბანდებდნენ სტარტაპებში, რომლებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, გასაყიდად რეალური პროდუქტი ან სერვისი არ გააჩნდა.
2001-2002 წლებში „dotcom-ის ბუშტი“ გასკდა და ბევრი საჯარო კომპანია გაკოტრდა. თუმცა, ის ფირმები, რომლებიც საზოგადოებას ღირებულ სამომხმარებლო მომსახურებას და პროდუქტებს სთავაზობდა, როგორიცაა Amazon და eBay, გადარჩა, გაიზარდა და განვითარებადი ინტერნეტ ინდუსტრიისთვის ლიდერად იქცა.
ახლანდელ ეპოქაში განვითარებად ინდუსტრიებს — შესაძლოა განიხილებოდეს როგორც ინტერნეტის შემდეგი ევოლუცია — წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი (AI), ვირტუალური რეალობა (VR) და თვითმართვადი ავტომობილები. ახალ სფეროებში კვლავ დომინირებს მხოლოდ რამდენიმე კომპანია, რომელიც ფინანსურ რესურსებსა და ინტელექტუალურ საკუთრებას ფლობს. თუმცა, ბიოტექნოლოგიის ინდუსტრია იმუნოთერაპიასა და გენურ თერაპიაში ისეთ გარღვევებს განიცდის, რომ შეიძლება განვითარებად ინდუსტრიად, ან სულ მცირე, ზრდის პოტენციალის მქონე სექტორად ჩაითვალოს.
მნიშვნელოვანი საკითხები
ბევრი ინვესტორი დაინტერესებულია, განვითარებად ინდუსტრიებში ინვესტირების საშუალებით თავისი პორტფელის დივერსიფიკაციით. თუმცა, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ცალკეულ კომპანიებში ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკები მოქმედებისგან მრავალ ასეთ ინვესტორს აფერხებს.
გაცვლით სავაჭრო ფონდებს (ETF), რომლებიც კონკრეტულ ახალ სექტორებზეა ფოკუსირებული, შეუძლია ინვესტორებს შესთავაზოს განვითარებად ინდუსტრიებში ინვესტირების საშუალება და, ამასთან, რისკების შემსუბუქება. მაგალითად, არსებობს ETF-ები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის კომპანიებს მოიცავს. ბიოტექნოლოგიური ETF-ები კი გახდა ფავორიტები იმ ინვესტორებს შორის, რომლებსაც სურთ თავიანთი ფული მედიცინის განვითარებაში დააბანდონ.
[1] ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.