სექტორი არის ეკონომიკური სივრცე, რომელშიც ბიზნესები ერთსა და იმავე ან დაკავშირებულ ბიზნეს საქმიანობას, პროდუქტს ან მომსახურებას იზიარებს. სექტორები წარმოადგენს კომპანიების დიდ ჯგუფს მსგავსი ბიზნეს საქმიანობით, მაგალითად, როგორიცაა ბუნებრივი რესურსების მოპოვება და სოფლის მეურნეობა.
ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებად დაყოფა ეკონომისტებს ეხმარება, თითოეულ მათგანში მიმდინარე ეკონომიკური აქტივობები გაანალიზონ. შედეგად, სექტორების ანალიზი გვაძლევს ნიშანს იმის შესახებ, ეკონომიკა ფართოვდება, თუ იკუმშება.
ფინანსურ ბაზრებზე ეკონომიკური სექტორები იყოფა ქვესექტორებად, რომლებსაც საინვესტიციო სექტორებს უწოდებენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს კომპანიების ჯგუფს, რომლებიც მსგავსი ბიზნეს აქტივობით ხასიათდება. საინვესტიციო სექტორების მაგალითებია ტექნოლოგიები, ენერგეტიკა და ფინანსური მომსახურება.
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ეკონომიკური სექტორების ძირითად ტიპებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნეს აქტივობებს, ასევე იმას, თუ რა როლს თამაშობს საინვესტიციო სექტორები ქვეყნის ეკონომიკური პირობების განსაზღვრაში.
სექტორების გააზრება
სექტორებს იყენებენ ეკონომისტები ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაციისთვის მსგავსი ბიზნეს საქმიანობის მქონე კომპანიების დაჯგუფების გზით. მაგალითად, ზოგიერთი სექტორი ჩართულია საქმიანობაში, რომელიც მოიცავს წარმოების ციკლის ადრეულ ეტაპებს, როგორიცაა ნედლეულის მოპოვება. სხვა სექტორები მოიცავს საქონლის წარმოებას ამ ნედლეულის გამოყენებით და ა. შ.
განვითარებადი ეკონომიკები, როგორც წესი, მოიცავს მხოლოდ ერთ ან ორ სექტორს, რომელიც ბიზნეს აქტივობების უმეტესობას განსაზღვრავს. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა დიდწილად ეყრდნობა ნედლი ნავთობის მოპოვებას და გაყიდვას. მეორე მხრივ, განვითარებულ ქვეყნებს სექტორების მრავალფეროვანი წარმომადგენლობა ახასიათებს.
მიუხედავად იმისა, რომ სექტორების ნამდვილ რაოდენობასთან დაკავშირებით გარკვეული დებატები არსებობს, როგორც წესი, ისინი ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი ძირითადი სექტორიდან თითოეული ასევე შეიძლება ქვესექტორებს მოიცავდეს.
პირველადი სექტორი
პირველადი სექტორი მოიცავს კომპანიებს, რომლებიც დედამიწიდან ბუნებრივი პროდუქტების მოპოვებაში მონაწილეობენ. ამ სექტორის კომპანიები, როგორც წესი, ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დედამიწიდან მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მომხმარებლებსა და კომერციულ ბიზნესებზე გაყიდვას გულისხმობს.
ნედლეულის გადამამუშავებელ და შეფუთვაში ჩართული კომპანიები ასევე პირველად სექტორს მიეკუთვნება.
პირველადი სექტორის ბიზნეს საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
- სამთო მრეწველობა
- თევზჭერა
- სოფლის მეურნეობა
- მეტყევეობა
- ნადირობა.
განვითარებად ეკონომიკებს, განვითარებულთან შედარებით, როგორც წესი, პირველად სექტორში უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობა და დასაქმების კონცენტრირება ახასიათებს. მეორე მხრივ, განვითარებული ქვეყნები მიდრეკილია თავისი პირველადი სექტორის საქმიანობაში მეტი ტექნოლოგიის გამოყენებისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორზე მოსახლეობის დასაქმების დიდი წილი არ მოდის.
მეორეული სექტორი
მეორეული სექტორი შედგება გადამამუშავებელი, საწარმოო და სამშენებლო კომპანიებისგან. ისინი საქონელს პირველადი სექტორის ბუნებრივი პროდუქტებისგან აწარმოებს. მეორეული სექტორი მოიცავს შემდეგ ბიზნეს საქმიანობებს:
- ავტომობილების წარმოება
- ტექსტილის წარმოება
- ქიმიური ინჟინერია
- ავიაკოსმოსური წარმოება
- გემთმშენებლობა
- ენერგეტიკული კომუნალური საშუალებები.
მესამეული სექტორი
მესამეული სექტორი შედგება მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისგან, როგორებიც არის საცალო მოვაჭრეები, გასართობი ფირმები და ფინანსური ორგანიზაციები.
ეს სექტორი მომსახურებას უწევს ბიზნესს და მომხმარებლებს მეორეული სექტორის კომპანიების მიერ წარმოებული საქონლის გაყიდვით. მესამეული სექტორის მიერ გაწეული მომსახურების სახეებში შედის:
- საცალო გაყიდვები
- ტრანსპორტირება და დისტრიბუცია
- რესტორნები
- ტურიზმი
- დაზღვევა და საბანკო საქმიანობა
- ჯანდაცვის სერვისები
- იურიდიული მომსახურება
მეოთხეული სექტორი
მეოთხეული სექტორი აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც ინტელექტუალური საქმიანობით არიან დაკავებულნი. ეს სექტორი, როგორც წესი, მოიცავს ინტელექტუალურ სერვისებს, როგორიცაა ტექნოლოგიური წინსვლა და ინოვაცია. კვლევა და განვითარება, რომელიც იწვევს პროცესების გაუმჯობესებას, როგორიცაა წარმოება, ასევე ამ სექტორს მიეკუთვნება. ასეთი კომპანიები, ტრადიციულად, მესამეული სექტორის ნაწილი იყო. თუმცა, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ზრდასთან და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად, ცალკე სექტორი შეიქმნა.
მეოთხეული სექტორის ფირმები იყენებენ ინფორმაციას და ტექნოლოგიებს ინოვაციების, პროცესებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, რაც ეკონომიკური განვითარების გაუმჯობესებას იწვევს. მეოთხეული სექტორის ფირმები შეიძლება დაკავებული იყოს შემდეგი საქმიანობებით:
- კვლევა და განვითარება
- საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT)
- განათლება
- საკონსულტაციო მომსახურება
საინვესტიციო სექტორები
ფინანსურ ბაზრებზე ეკონომიკური სექტორები დაყოფილია ქვესექტორებად, რათა ინვესტორებს მსგავსი ბიზნეს საქმიანობის მქონე კომპანიების შედარების საშუალება ჰქონდეთ.
საინვესტიციო სექტორები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობს იმის გაზომვას, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეკონომიკა ამ სექტორის კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე. გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტის (GICS) მიხედვით 11 ეკონომიკური სექტორი ასე გამოიყურება:
- ენერგეტიკა
- მასალები
- მრეწველობა
- დისკრეციული სამომხმარებლო საქონელი
- ძირითადი სამომხმარებლო საქონელი
- ჯანდაცვა
- ფინანსები
- საინფორმაციო ტექნოლოგია (IT)
- საკომუნიკაციო მომსახურება
- კომუნალური მომსახურება
- უძრავი ქონება
სექტორები და ეკონომიკა
ინვესტორები იყენებენ სექტორებს აქციების და სხვა ინვესტიციების იმ კატეგორიებში გასაერთიანებლად, რომლებსაც უნიკალური მახასიათებლები გააჩნია. საინვესტიციო სექტორებს შეუძლია უზრუნველგვყოს წარმოდგენით იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და რომელი სფეროები ხასიათდება უკეთესი წარმადობით.
სექტორები მზარდ ეკონომიკაში
თუ ნედლეულის, მაგალითად, სპილენძის ან ნედლი ნავთობის შესყიდვაში დიდი ზრდა შეინიშნება, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ ეკონომიკა ფართოვდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მზარდი ეკონომიკის პირობებში, ბიზნესი და მომხმარებლები უფრო მეტ ნედლეულსა და ენერგიას იყენებენ, რადგან სამომხმარებლო და ბიზნეს ხარჯები იზრდება.
ექსპანსიურ ეკონომიკაში ასევე კარგი წარმადობა ექნება სამრეწველო კომპანიებს, რადგან ეკონომიკური აღმავლობა, როგორც წესი, წარმოებისა და მშენებლობის ზრდას იწვევს. ანალოგიურად, გაყიდვების ზრდა ასევე შეიძლება განიცადოს უძრავი ქონების სექტორმა.
თუ ეკონომიკის მიმართ მომხმარებელთა ნდობა მაღალია, მათ შეიძლება არაპირველადი მოხმარების საქონლის შესყიდვები გაზარდონ, შედეგად მათი გამყიდველი კომპანიები სარგებელს მიიღებს.
სექტორები შენელებულ ეკონომიკაში
პირიქით, თუ ეკონომიკა ცუდად მუშაობს ან არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს თვეებში ეკონომიკური ზრდა შენელდება, როგორც წესი, სამომხმარებლო პროდუქტების გამყიდველი კომპანიების შემოსავლები მოიმატებს. შენელებულ ეკონომიკასა და სამომხმარებლო ფირმებს შორის ამ კორელაციის მიზეზი არის ის, რომ მომხმარებლები, პირველადი საჭიროების პროდუქტების შეძენას, სავარაუდოდ, ნებისმიერ ეკონომიკურ პირობებში განაგრძობენ.
ამასთან, შენელებული ეკონომიკის პირობებში, ინვესტიციები იზრდება, მაგალითად, კომუნალურ სექტორში, რადგან ასეთი კომპანიების აქციები, როგორც წესი, შედარებით უსაფრთხო ინვესტიციებად ითვლება.
სექტორული ინვესტირება
საინვესტიციო ანალიტიკოსებისა და სხვა პროფესიონალებისთვის გარკვეულ სექტორებში სპეციალიზება ჩვეული ფაქტია. მაგალითად, მსხვილ კვლევით ფირმებში, ანალიტიკოსები შეიძლება კონცენტრირებულები იყვნენ მხოლოდ ერთ სექტორზე, როგორიც არის ტექნოლოგიები.
გარდა ამისა, საინვესტიციო ფონდები ხშირად კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზეა ორიენტირებული. ეს პრაქტიკა ცნობილია, როგორც სექტორული ინვესტირება.
მათთვის, ვისაც სურს, ინვესტიცია კონკრეტულ სექტორში ჩადოს, არსებობს სექტორული საბირჟო ვაჭრობის ფონდები (ETF). ისინი მოიცავს აქციების ან ფასიანი ქაღალდების კალათას კონკრეტულ ინდუსტრიაში ან სექტორში.
სექტორი vs ინდუსტრია
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას, რომელიც მსგავსი ტიპის ბიზნეს ოპერაციების დასაჯგუფებლად გამოიყენება, სექტორი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე — ინდუსტრია. ამრიგად, ეს უკანასკნელი სექტორების უფრო განსაზღვრულ და კონკრეტულ ჯგუფებად დაყოფის შედეგია.
სექტორები შეიძლება მოიცავდეს კომპანიებს, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ, თუმცა ინდუსტრიებში, როგორც წესი, გაერთიანებულია კორპორაციები, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირ კონკურენციაშია.
მაგალითად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის კომპანიები, როგორიცაა Exxon და Chevron, კონკურენტები არიან. ეს კომპანიები ერთიანდება პირველად სექტორში, რადგან ორივე მათგანი ბუნებრივი რესურსების მოპოვებას ეწევა. თუმცა, Exxon ან Chevron, სავარაუდოდ, არ გაუწევს კონკურენციას სოფლის მეურნეობაში ჩართულ კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც პირველად სექტორს მიეკუთვნება.