ინვესტირების სამყარო ჟარგონებით არის გაჟღენთილი. თქვენ ალბათ გსმენიათ ტერმინი „ჰეჯ-ფონდი“, დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.
ჰეჯ-ფონდების ინდუსტრია 1990-იანი წლებიდან გახდა პოპულარული და მას შემდეგ ექსპონენტურად გაიზარდა. Preqin Global Hedge Fund-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, დღესდღეობით მართვის ქვეშ არსებული აქტივები (AUM) $3.25 ტრილიონს აჭარბებს. ასე რომ, ჰეჯ-ფონდები დიდი ინდუსტრიაა.
აქ გაიგებთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ჰეჯ-ფონდების შესახებ, ვინ დებს მათში ინვესტიციას და რატომ.
რა არის ჰეჯ-ფონდი?
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC), ინვესტორების განათლებისა და საადვოკატო საქმიანობის ოფისის (OIEA) თანახმად, „ჰეჯ-ფონდები აერთიანებს ინვესტორების ფულს და ინვესტიციას დებს პოზიტიური ანაზღაურების მისაღწევად“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ჰეჯ-ფონდი ძირითადად არის საინვესტიციო ფონდების აქტიურად მართული გაერთიანება, რომელსაც გააჩნია ფინანსური აქტივების უფრო ფართო სპექტრი, ვიდრე არსებული ურთიერთდახმარების ფონდების უმეტესობას. მიუხედავად იმისა, რომ ჰეჯ-ფონდებსა და ურთიერთდახმარების ფონდებს მრავალი მსგავსება აქვთ, როგორც წესი, პირველი მათგანი უფრო აგრესიული და რისკიანია.
ჰეჯ-ფონდი ორი მხარისგან შედგება: პირველი არის ფონდის პროფესიონალი მენეჯერი, რომელიც ცნობილია, როგორც გენერალური პარტნიორი და მეორე მხარეს წარმოადგენენ ინვესტორები, რომლებსაც ზოგჯერ შეიძლება შეზღუდული პარტნიორები ეწოდოთ. ორივე მხარე ფონდში ფულს აერთიანებს. ჰეჯ-ფონდის მენეჯერები იყენებენ ყველაზე წარმატებულ სტრატეგიების, კომპლექსური სავაჭრო ნაბიჯებისა და რისკის მართვის ტექნიკის სპექტრს, რათა თავიანთი კლიენტები საშუალოზე მაღალი ანაზღაურებით უზრუნველყონ. ბაზარზე მოგების მოსაძიებლად, მათ შეუძლიათ იყიდონ ნასესხები ფულით, მიმართონ მოკლე გაყიდვის სტრატეგიას, გამოიყენონ დერივატივები (წარმოებული ფასიანი ქაღალდები) და სხვა.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ჰეჯ-ფონდი „თანაბრად“ არ არის შექმნილი. ზოგი კარგად არის დივერსიფიცირებული, სხვა კი მკვეთრად კონცენტრირებულია ან მხოლოდ ერთ სტრატეგიას იყენებს. შესაბამისად, განსხვავებულია რისკისა და ანაზღაურების დონეც.
როგორ გამოიმუშავებს ფულს ჰეჯ-ფონდები?
უპირველეს ყოვლისა, ჰეჯ-ფონდების მენეჯერები, მართვის ზედნადები ხარჯების დასაფარად, მენეჯმენტის საკომისიოს იღებენ. ეს საკომისიო არის მმართველობის ქვეშ არსებული აქტივების პროცენტი და ის, როგორც წესი, ჩვეულებრივ 2%-ს შეადგენს.
მენეჯმენტის საფასურის გარდა, ჰეჯ-ფონდებს ასევე აქვთ შესრულების საკომისიო, რომელიც, შეიძლება, ფონდების მიხედვით განსხვავდებოდეს. ეს სიდიდეც პროცენტულად გამოითვლება, მაგრამ, ამჯერად, საკომისიო შეადგენს ინვესტიციიდან მიღებული მოგების პროცენტს. ეს, ზოგადად, დაახლოებით 20%-ს უტოლდება.
ვის შეუძლია ჰეჯ-ფონდში ინვესტირება?
ჰეჯ-ფონდები ყველასთვის არ არის. ტიპური საცალო ინვესტორების უმეტესობას ჰეჯ-ფონდებზე წვდომა არ აქვს, რადგან ამისა გასაკეთებლად აუცილებელია აკრედიტებული ინვესტორი იყოთ. უფრო კონკრეტულად, უნდა შეასრულოთ მინიმალური შემოსავლის პირობები ან, ჰეჯ-ფონდებში ინვესტირებისთვის კვალიფიკაციისთვის საკმარისი აქტივები უნდა გაგაჩნდეთ.
ზოგადად, ინვესტორები, რომლებიც ჰეჯ-ფონდებში დებენ ინვესტიციას, არიან მაღალი ღირებულების მქონე პირები, ძალიან მდიდარი ადამიანები და ინსტიტუციური ინვესტორები, მაგალითად, სადაზღვევო კომპანიები. ჰეჯ-ფონდები არ რეგულირდება ისეთი გზით, რომელიც ცალკეულ ინვესტორებს იცავს, თუმცა ისინი, თაღლითობისგან დასაცავად, იმავე აკრძალვებს ექვემდებარება. ზოგიერთ მათგანს არც კი მოეთხოვება რეგისტრაცია ან საჯარო განცხადების წარდგენა SEC-ში.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.