ციკლური არის ინდუსტრია, რომელიც მგრძნობიარეა ბიზნეს ციკლის მიმართ — მასში გაერთიანებული კომპანიების შემოსავლები ზოგადად უფრო მაღალია ეკონომიკური აღმავლობისა და პიკის ფაზებში, ხოლო დაბალია შეკუმშვისა და ფსკერის მიღწევის პერიოდებში. ციკლური ინდუსტრიის კომპანიებს შეუძლიათ, ამ ტიპის ცვალებადობას გაუმკლავდნენ სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლების, ხელფასების დაწევის და ხარჯების შემცირების სხვა ღონისძიებების გატარების საშუალებით.
ციკლური ინდუსტრიების გააზრება
ციკლური ინდუსტრიები მგრძნობიარეა ბიზნეს ციკლების მიმართ, ამიტომ ვარდნის ეტაპები მომხმარებლებს უბიძგებს, განსაზღვრონ პრიორიტეტები და შეამცირონ ის ხარჯები, რომელთა გაწევაც მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ვარდნის პერიოდში ინდუსტრიები, რომლებიც პირველადი საჭიროების პროდუქტებს არ აწარმოებენ/ყიდიან, შემოსავლის დაკარგვის ყველაზე მაღალი რისკის წინაშე დგანან. ამის საპირისპიროდ, ისეთი ინდუსტრია, როგორიც არის, მაგალითად, კომუნალური მომსახურება, ეკონომიკურ „შტორმებს“ ბევრად უკეთ უმკლავდება, რადგან რაც არ უნდა ცუდი პერიოდი იყოს, ადამიანების უმეტესობა პოულობს გზას, აუცილებელი პროდუქტები და მომსახურება შეიძინოს.
ბიზნეს ციკლი
ეკონომიკური ციკლი (იგივე ბიზნეს ციკლი) წარმოადგენს ეკონომიკის წრიულ მოძრაობას აღმავლობიდან (ექსპანსია) შეკუმშვამდე და პირიქით. ექსპანსიას ახასიათებს ზრდა, ხოლო შეკუმშვას, რეცესიის ჩათვლით, ეკონომიკური აქტივობის კლება, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ეკონომიკური ციკლი ოთხი ეტაპისგან შედგება.
აღმავლობა
აღმავლობის დროს ეკონომიკა შედარებით სწრაფი ზრდით ხასიათდება — საპროცენტო განაკვეთები დაბალია, ხოლო წარმოება მატულობს. ზრდასთან დაკავშირებული ეკონომიკური ინდიკატორები, როგორებიც არის დასაქმება, ხელფასები, კორპორატიული მოგება, მთლიანი მოთხოვნა, აღმავლობის ეტაპზე შენარჩუნებადი ზრდის ტენდენციას გამოხატავს. ფულის ნაკადები ეკონომიკაში ჯანსაღია, ხოლო მისი ღირებულება — დაბალი. თუმცა ფულის მიწოდების მატებამ, ეკონომიკური ზრდის ფაზაში, შეიძლება ინფლაცია გამოიწვიოს.
პიკი
პიკი ეწოდება ეტაპს, როდესაც ზრდა მაქსიმალურ დონეს აღწევს. ფასები და ეკონომიკური ინდიკატორები შეიძლება დასტაბილურდეს მოკლე პერიოდის განმავლობაში, სანამ ისინი კლებას დაიწყებს. პიკური ზრდა, როგორც წესი, ქმნის გარკვეულ დისბალანსს ეკონომიკაში, რომელიც უნდა გამოსწორდეს. შედეგად, კომპანიების მმართველმა გუნდებმა, როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ ეკონომიკურმა ციკლმა პიკს მიაღწია, შეიძლება ბიუჯეტებისა და ხარჯების გადაფასება დაიწყონ.
შეკუმშვა
შეკუმშვას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ზრდა შენელდება, დასაქმების დონე ეცემა და ფასები სტაგნაციას განიცდის. მოთხოვნის შემცირებისას, შეიძლება კომპანიებმა წარმოების დონე დაუყოვნებლივ არ დააკორექტირონ, რაც გამოიწვევს ფასების კლებას და ზედმეტად გაჯერებულ ბაზრებს ჭარბი მიწოდებით. თუ შეკუმშვა გაგრძელდა, შეიძლება რეცესია კრიზისში გადაიზარდოს.
ფსკერი
ეს ეტაპი დგება მაშინ, როდესაც მიწოდება და მოთხოვნა, აღდგენის დაწყებამდე, უკიდურესად დაბალ დონეს აღწევს. ციკლის ფსკერი წარმოადგენს მტკივნეულ მომენტს ეკონომიკისთვის, სტაგნაციური ხარჯებისა და შემოსავლებით გამოწვეული ფართოდ გავრცელებული ნეგატიური ზემოქმედებით. ფსკერი ინდივიდებსა და კომპანიებს საშუალებას აძლევს, აღდგენის მოლოდინში თავიანთი ფინანსები დააკორექტირონ.
ციკლური ინდუსტრიების მაგალითები
გრძელვადიანი მოხმარების საქონლის (როგორიც არის ნედლეული და მძიმე აღჭურვილობა) წარმოებაში ჩართული ინდუსტრიები ციკლურია. სამომხმარებლო დისკრეციული საქონლის ინდუსტრიები ასევე ძალიან მგრძნობიარეა ბიზნეს ციკლების მიმართ.
გარდა ამისა, ავიახაზების ინდუსტრიაც საკმაოდ ციკლურია. ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში ადამიანებს აქვთ მეტი განკარგვადი შემოსავალი, ამიტომ ისინი უფრო მზად არიან, დაისვენონ და ისარგებლონ საჰაერო მოგზაურობით. რთულ პერიოდებში კი ადამიანები ხარჯების მიმართ გაცილებით მეტ სიფრთხილეს იჩენენ.